fbpx
კატეგორიის გარეშე

მამუკა ლომაშვილი: ხალხის დამოკიდებულება ყველა ჯილდოზე მაღალია

დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია პაროდიის თეატრის მსახიობი და რეჟისორი, ყველასთვის საყვარელი მამუკა ლომაშვილი.

–მამუკა, როგორ მოხვდით     “პაროდიის თეატრში”  და რა ემოციები გქონდათ, როდესაც  ასეთ დიდ ადამიანებთან  მოგიწიათ  ურთიერთობა – მხედველობაში მაქვს პოექტი “იუმორინა”,  სადაც კინოსა  თუ ესტრადის თითქმის   ყველა ვარსკვლავი მონაწილეობს…

2003 წელს მინაწილეობა მივიღე თესეუ–სა და „ღამის შოუს“ კონცერტებში. რამდენიმე თვეში ბატონმა ჯემალ ბაღაშვილმა დამირეკა და აქედან დაიწყო ყველაფერი…  ის ემოციები  იყო დაუვიწყარი. მოვხვდი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ბატონი ჯემალის კაბინეტში, ქართველი მსახიობების თანავარსკვლავედში, რომლებმაც  დიდი სიყვარულით მიმიღეს… წარმოიდგინეთ ადამიანები, ვის სპექტაკლებსა  და კონცერტებზეც დადიხარ და ტაშს უკრავ, ადამიანები, რომელთა  ფილმებზეც გაიზარდე  და უცებ –  ერთად გიწევთ  სცენაზე დგომა. ეს ყველა მსახიობის ოცნებაა… ჩავთვალოთ, რომ ძალიან მაგრად გამიმრთლა (იცინის)!

– მაშინ, როგორც  მახსოვს, ჯერ კიდევ სტუდენტი  იყავით.

– კი, სწორად გახსოვთ.

– მათი გამოცდილება და პოროფესიონალიზმი ბევრ რამეს შეგმატებდათ, როგორი იყო თუნდაც რეპეტიციების პროცესი, როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს?

–ჩემი, როგორც პროფესიონალისა და ხელოვანის  ჩამოყალიბებაში, რათქმაუნდა,   მთავარი მათგან მიღებული  ცოდნა იყო. რაც შეეხება რეპეტიციებს, ბატონ ჯემალთან რეპეტიცია –  ეს არის ცალკე აღებული აკადემია, რომლის ანალოგი არსად მეგულება.

– რას ნიშნავს იყო პოპულარული? 

–უფრო  მეტ პასუხუსმგებლობას.. უფრო მეტად გიწევს ანგარიშის გაწევა საზოგადოებისთვის. ერთის მხრივ,  კარგია,   ცოტათი  რთულიც, მაგრამ  აუცილებელი  ხელოვანისთვის.

– აუცილებელი რატომ?

–როდესაც ხარ პოპულარული, ცნობილი მსახიობი,  ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც კარგი გააკეთე,  რაც მაყურებელს დაამახსოვრდა. გამოხატავენ სიმპატიას,  და ეს შენი შემოქმედების ერთგვარი აღიარებაა.

– მოდი, სხვა აღიარებებზეც გადავიდეთ,  თქვენს ჯილდოებზე,  არა როგორც მსახიობის, არამედ როგორც რეჟისორისა და პედაგოგის.  ბევრი საინტერესო ნომინაციის მფლობელი ხართ.

–ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და ერთგვარი აღიარებაა, როდესაც ნომინაციაში იმარჯვებ, მაგრამ  ხალხის დამოკიდებულება  და ტაში არის ყველაზე მთავარი ჯილდო, რისთვისაც დიდი მადლობა  მინდა გადავუხადო ჩემს მაყურებელს.. 

–სულ ცოტა ხნის წინ თქვენ  მოგანიჭეს ნომინაცია “საუკეთესო რეჟისორი” სპექტაკლისათვის ‘’ალისა საოცრებათა ქვეყანაში’’.  გილოცავთ ამ წარმატებას. რა ემოცია გქონდათ, გამარჯვებას ელოდით? და ასევე,  აღსანიშნავია,  რომ თქვენ სულ რამდენიმე წლის წინაც გაიმარჯვეთ  ‘’საუკეთესო რეჟისორის” ნომინაციაში.. როგორც რეჟისორი, რომელ ნამუშევარს  მიიჩნევთ თქვენს ფავორიტად?

–დიდი მადლობა! რამდენად ველოდი არ ვიცი, მაგრამ სურვილი, რა,თქმა,უნდა, მქონდა (იცინის). ყველა სპექტაკლი ძალია ნმნიშვნელოვანია ჩემთვის. თითოეულში საკუთარ თავს ვდებ. ცოტა მიჭირს გამორჩევა, ყველა პროექტი თავისებურად ფავორიტია.

– მსახიობი, რეჟისორი თუ  პედაგოგი?   

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ როდესაც თქვენს რეპეტიციას დავესწარი, იმ მეთოდებით, რომლითაც თქვენ მუშაობთ ახალგაზრდებთან, ნამდვილად აღვფრთოვანდი. უნიკალური და იშვიათია თქვენი სტილი და მიდგომები. 

–დიდი  მადლობა ასეთი შეფასებისთვის. არასწორი არჩევანის წინაშე დამაყენეთ (იცინის).  ერთია, რასაც ვაკეთებ,  ყველაფერს დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით ვაკეთებ. მიყვარს  ბავშვები , ახალგაზრდები, მათთან მუშაობა საოცრებაა..

ვერაფერი პედაგოგი ხარ, შედეგი თუ არ გაქვს, პროფესია თუ  არ გიყვარს, არაფერი გამოვა, რასაც აკეთებ, დიდი სიყვარულითა და მოთმინებით უნდა აკეთო და სულ ახლის ძიებაში უნდა იყო. ესაა შემოქმედება.

–დღევანდელი თეატრი, ტენდეციები და გამოწვევები – როგორია თქვენი პოზიცია? 

–თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი და, რა თქმა უნდა, მუდმივად განიცდის ტრანსფორმაციას, პირდაპირ 

დაკავშირებულია, ზოგადად, დღევანდელობასა და მის განვითარებასთან, იცვლება რაღაცები. მაგალითად, დღეს მეტი ტექნიკური დეტალია თეატრში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია თანამედროვეობისათვის. ვიზუალური ეფექტი, რომელიც ობიექტურ ატმოსფეროს მომენტალურად ცვლის და ხანდახან სუბიექტურ განწყობაშიც გადადის, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარია სუბიექტური განწყობა მსახიობის ფუნქციად. ემოციები კარგია ვიზუალური და ტექნიკური ეფექტებით, მაგრამ მაინც მსახიობმა უნდა მართოს ემოციები, გრძნობები და გააღვივოს მაყურებელში განწყობა. ბევრი რამ უნდა მოვსინჯოთ, ბევრი უნდა ვცადოთ, დღეს ექსპერიმენტების დროა. თუმცა თეატრი მე მაინც მსახიობის მგონია.