fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ჩემს შვილებს შიოდათ” – დამლაგებელმა ქალმა ოჯახს 4 წლის მანძილზე 60.000 ევრო მოპარა

11 თებერვალს ნიქოზიის სასამართლომ ემიგრანტი ქალის საქმე განიხილა, რომელიც ოთხი წლის მანძილზე საკუთარ დამსაქმებელს ძარცვავდა და ამის მიზეზად თავისი ოჯახის მძიმე საცხოვრებელ პირობებს ასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი კვიპროსში სამუშაოდ ჩავიდა და ოჯახში დამლაგებლად 2013 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა, ვიდრე დამსაქმებელმა არ აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ანგარიშებიდან ამ წლების მანძილზე გამქრალი თანხა 60.000 ევროს უდრიდა.

ცხადია, ის დროდადრო ამჩნევდა დანაკარგს, მაგრამ დამლაგებელზე ეჭვი არ მიჰქონდა მანამდე, ვიდრე თანხამ კლება მეორე ანგარიშიდანაც არ დაიწყო. 2020 წლის 19 იანვარს ის ნიქოზიის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ფულს კარგავდა და ამაში შესაძლოა მისი დამხმარე ყოფილიყო დამნაშავე.

პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დამლაგებელ ქალს დანაშაული დაუმტკიცა და მის ოთახში იმ მომენტში უამრავი მტკიცებულება იპოვეს.

როგორც ირკვევა, დაკავებული ინდოეთის მოქალაქეა და საკუთარ ქმედებებს იმით ხსნის, რომ ინდოეთში თავისი ბოლო ვიზიტისას ოჯახი ძალიან მძიმე პირობებში ნახა და უნდოდა, რომ დახმარებოდა. როგორც ის ამბობს, მის შვილებს საჭმელიც კი არ ჰქონდათ საკმარისი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც კი ქალი მიხვდა, რომ დამსაქმებელმა დანაკარგის ძიება დაიწყო, პასპორტი მოითხოვა, რათა ინდოეთში გამგზავრებულიყო, რომ დაკავებისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო.

რაც შეეხება იმას, თუ საიდან იცოდა მან ბანკის ბარათების კოდები, დამსაქმებელი აღნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის ფურცელზე დაწერილი ჰქონდა და სხვადასხვა ადგილას ედო. გამომდინარე აქედან დამლაგებლისთვის ეს ადვილად ხელმისაწვდომი იყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ინდოელი ქალი ოჯახს 2016 წლის 4 იანვრიდან 2020 წლის 19 იანვრის ფარგლებში ძარცვავდა.

onalem

ტესტ