“ათენში ბერძენმა დებმა სიცოცხლე მაჩუქეს, მიპატრონეს და ქალიც მომიყვანეს, რომ დამხმარებოდა” – ქართველი ქალბატონი ათენიდან
სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში უმეტესად გაუსაძლის პირობებში შრომობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია…
ეს მისი სიყვარულისა და ცხოვრების ამბავია…
„ემიგრანტობა ყველასთვის ძნელია, განსაკუთრებით ემიგრანტი დედისთვის, მნიშვნელობა არა აქვს, რა ასაკის შვილებს დატოვებ. აქ რომ ჩამოვედი, 51 წლის ვიყავი, ახლა 67-ის ვარ. ათენში ოჯახის დამხმარედ ვმუშაობ. პროფესიით ფარმაცევტი ვარ, 30 წელი ვანის ცენტრალურ საავადმყოფოს აფთიაქში ექიმთა საუკეთესო კოლექტივში ვიმუშავე. უმუშევარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ხელფასი, რომელსაც ორ აფთიაქში ვიღებდი, მხოლოდ 100 ლარი იყო და სხვა გზა არ მქონდა… ოჯახში ყველა ჩემი წამოსვლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჯიუტი ხასიათის გამო მაინც ჩემი გავიტანე. ახლობლების წინააღმდეგობის მიზეზი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო – ბავშვობიდან გულის სერიოზული დაავადება მქონდა. ერთხელ შემთხვევით მოვისმინე, როგორ უთხრა მამას ექიმმა, რომ მე ვერასდროს გავხდებოდი დედა. მაშინ მედიცინა ასე განვითარებული არ იყო, როგორც ახლა.
საბერძნეთში 11 წელი არაჩვეულებრივ ოჯახში ვმუშაობდი. გულის რთული ოპერაცია ათენში გავიკეთე. ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, ბერძენმა დებმა ჩემი თავი ქვეყნის საუკეთესო ქირურგს ჩააბარეს. მათ მიპატრონეს და ბოლოს მომიყვანეს ქალი, რომელიც ბებიასაც უვლიდა და მეც მეხმარებოდა. ესენი არიან დები გიორგია და ევი კარანდასები. გაიხარა გიორგია კარანდასმა, მან მე სიცოცხლე მაჩუქა. საბუთები მაქვს, ამიტომ საქართველოში შვებულებით, ერთი ან ორი თვით ყოველ წელს დავდივარ. საბუთებიც იმ კარგმა ოჯახმა გამიკეთა.
ახლა როცა ვუფიქრდები, ალბათ ჩემი ცხოვრებიდან ელადაში გატარებულ წლებს ამოვიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ აქ წამოსვლით, პირველ რიგში, საკუთარი თავი გადავირჩინე ფსიქოლოგიურად. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ისევ უჩას შევიყვარებდი. სიყვარული სიცოცხლეა და მანამდე ცოცხლობს, სანამ მას კვებავ და ასაზრდოებ…
წყარო: sputnik-georgia.com