fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ცხოვრების დილემა და საკუთარი შვილის გადასარჩენად გაწირული სიცოცხლე

ის 11 წელი ჯიუტად ებრძოდა სიმსივნეს. კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ქალიშვილი, 33 წლის ელმა კუცოკუმნი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა, რომელიც 22 წლის ასაკში დაუსვეს. ის მთელი ამ ხნის მანძილზე მამაცურად, ღიმილით ებრძოდა საშინელ დაავადებას, თუმცა, საბოლოოდ დამარცხდა.

რას ჰყვება ერთ-ერთი ახლობელი protothema.gr-თან საუბრისას:

”როდესაც ელმა 22 წლის იყო და მისი ოცნებები ფრთებს ისხამდა, მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. თავდაპირველი შოკისა და სასოწარკვეთილების შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ებრძოლა. ის ჩაეწერა რამდენიმე ონკოლოგიურ ცენტრში (ძირითადად გერმანიაში). მას გვერდით ედგა ყველა ახლობელი და ოჯახის წევრი, ასევე მამაკაცი, რომელსაც შემდგომში ცხოვრება დაუკავშირა.

მან იმკურნალა და ანალიზები აჩვენებდა, რომ ცხოვრების ჯანმრთელად გაგრძელებას შეძლებდა. სწორედ ამიტომ დაქორწინება გადაწყვიტა. ვინაიდან ის კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის შვილი იყო, საზოგადოებას თავს არიდებდა და პირად ცხოვრებას ასაიდუმლოებდა.”

ცხოვრების დილემა

როდესაც ელმა ქორწინდებოდა, მან იცოდა, რომ ორსულად იყო. ქორწილის დღეს თავს ძალიან სუსტად და შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა ჩათვალეს, რომ ეს ორსულობის ბრალი იყო. რამდენიმე დღეში კი მან ისევ ანალიზები გაიკეთა და აღმოჩნდა, რომ კიბოს მეტასტაზები ორგანიზმში კვლავ ვრცელდებოდა. ექიმებმა ის რთული არჩევანის წინაშე დააყენეს – ან ორსულობა უნდა შეეწყვიტა და დაუყოვნებლივ დაეწყო მკურნალობა ან უნდა ემშობიარა და დაეწყო 6 თვის შემდეგ. ელმამ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო და ეს იყო ის, რაც მან ნამდვილად იცოდა, რომ უნდოდა. მან შვილს სიცოცხლე აჩუქა!

დასასრული

ამის შემდეგ ელმა 7 წლის მანძილზე ებრძოდა სიმსივნეს, მისი შვილი კი მის გვერდით იზრდებოდა. ქალი საზღვარგარეთ დადიოდა და მკურნალობდა, თუმცა, ეს ნაბიჯები იმ ომისთვის, რომელში ბრძოლაც უწევდა, ძალიან უმნიშვნელო აღმოჩნდა. ბოლოს იგრძნო, რომ უბრალოდ აზრი აღარაფერს ჰქონდა. ელმასთვის ერთადერთი შვება იყო ის, რომ მან იცოდა, შვილს კარგ ხელში ტოვებდა, საკუთარ მამასთან და ბაბუასთან, რომელთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ის გასულ ორშაბათს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელმას გარდაცვალების ამბავი კვიპროსში ელვის სისწრაფით გავრცელდა და გული ყველას საშინლად დასწყვიტა. ის საზოგადოებისთვის ბრძოლის მაგალითად დარჩა. ოჯახმა საზოგადოებას სთხოვა სამგლოვიარო გვირგვინების ნაცვლად, გრკვეული შეწირულობა კვიპროსის ასოციაციაში გადაერიცხათ, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.

onalem

ტესტ