fbpx
საბერძნეთი

ათენში საქართველოს საელჩო ქუჩაში გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით ემიგრაციას მიმართავს

📣📣საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ❗️

ძვირფასო თანამემამულეებო, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მ.წლის 23 მარტიდან 6 აპრილამდე, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათს, დილის 06.00 საათიდან, ძალაში შედის გადაწყვეტილება მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.

საბერძნეთში მცხოვრები თითოეული მოქალაქე სახლიდან გასვლის შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ პირობას.

❗️კერძოდ:

ა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არის დასაქმებული და სავალდებულოა მისი სამსახურში გამოცხადება, მან თან უნდა იქონიოს დამსაქმებლის ხელმოწერილი ცნობა (ცნობა გაიცემა ერთჯერადად), სადაც მითითებული იქნება სამსახურის მისამართი და სამუშაო საათები (იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კანონი ძალაში შედის 23 მარტის დილის 06.00 საათიდან, გამონაკლისის სახით, ხვალ დილით დასაქმებულ პირს შეუძლია თან იქონიოს პირადად შევსებული და ხელმოწერილი ე.წ. საპასუხისმგებლო განცხადება (Υπεύθυνη Δήλωση), რომელსაც დღის განმავლობაში ჩაანაცვლებს დამსაქმებლის ცნობით).

ბ. გადაადგილება ნებადართულია 6 კონკრეტულ შემთხვევაში:

1. აფთიაქში, საავადმყოფში, კლინიკაში ვიზიტი;
2. სუპერ-მარკეტში, პირველადი საჭიროების მაღაზიაში ვიზიტი;
3. ბანკში ან საჯარო სერვისების სამსახურში ვიზიტი / იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია საბანკო, ან საჯარო მომსახურების ელექტრონულად განხორციელება;
4. ოჯახური მიზეზების გამო გადაადგილება / საჭირო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა ოჯახის ასაკოვანი ან მცირეწლოვანი წევრებისთვის;
5. წეს-ჩვეულებებით განსაზღვრულ ღონისძიებაზე დასწრება (ქორწილი, ნათლობა, პანაშვიდი)
6. ვარჯიში / სახლთან ახლო პერიმეტრში, რასაც არ ექნება ჯგუფური ხასიათი, ასევე, შინაური ცხოველის გასეირნება.

გაცნობებთ, რომ გადაადგილების დროს სავალდებულოა თან იქონიოთ
ა. პასპორტი ან პირადობის მოწმობა,
ბ. სპეციალური განცხადების ფორმა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდიდან forma.gov.gr, რომელიც შეივსება ერთჯერადად და სადაც ყოველ ჯერზე მიუთითებთ სახელს, გვარს, საცხოვრებელ მისამართს, გადაადგილების მიზეზს.

ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური უფასო ნომრით 13033, რომელზეც სახლიდან გასვლის თითოეულ შემთხვევაში გააგზავნით შეტყობინებას შემდეგნაირად: აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს შემგედი ნუმერაციის მიხედვით 1 – აფთიაქი, ექიმი; 2 – საპროდუქტო მაღაზიები; 3 – ბანკი (თუ არ არის ელექტრონული მომსახურების საშუალება); 4 – სხვის დასახმარებლად; 5 – განქორწინებული მშობლები შვილების მონახულება; 6 – ვარჯიში; აკრეფთ გადაადგილების მიზეზის ნომერს, გამოტოვებთ ადგილს, შემდეგ აკრეფთ სახელს, გვარს, საცხოვრებელ მისამართს და გააგზავნით ნომერზე 13033.

შეგახსენებთ ასევე, რომ ავტომანქანით გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ორი მგზავრისთვის.

აღნიშნული შეზღუდვების დარღვევა ისჯება კანონით და ფულადი ჯარიმა შეადგენს 150 ევროს.

გთხოვთ, დაიცვათ კანონით გათვალისწინებული რეგულაციები.

მოგიწოდებთ მხნეობისკენ და ჯანმრთელობას გისურვებთ!

onalem

ტესტ