fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთში საქართველოს ელჩის ბ-ნი იოსებ ნანობაშვილის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის

მ ი მ ა რ თ ვ ა

საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

ძვირფასო მეგობრებო,

ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ მორიგი ყოველკვარტალური ინფორმაცია, ქ. ათენში საქართველოს საელჩოს მიერ, მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოსა და მიღებული შედეგების შესახებ. ჩვენს მიერ მომზადებულ ანგარიშებზე თქვენი პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე თქვენი კონსტრუქციული და საქმიანი წინადადებები მოწმობს, რომ ანგარიშები ინარჩუნებენ აქტუალობას, თქვენი ინფორმირებისა და საელჩოს საქმიანობაში თქვენი ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით.

განვლილ პერიოდში, საელჩოს საკონსულო სამსახური აგრძელებდა საქართველოს მოქალაქეებისათვის მაღალკვალიფიციური საკონსულო მომსახურების გაწევას, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე ოპერატიულ რეაგირებას. უნდა აღინიშნოს, რომ ქ. ათენში საქართველოს საკონსულო სამსახური ყოველდღიურად 50-მდე, შესაბამისად, თვის განმავლობაში საქართველოს 1000-მდე მოქალაქეს ემსახურება, რაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის უპრეცენდენტო რაოდენობაა. გარკვეულწილად პრობლემურად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა, საკონსულო მიღებაზე ჩასაწერად, საკონსულოს ინტერნეტ-გვერდზე (http://www.geoconsul.gov.ge/ka) დარეგისტირების მოთხოვნას არ იცავს. ეს ფაქტი, იწვევს საკონსულო მიღებაზე „ცოცხალი რიგის“ წარმოქმნას, რომელშიც მოქალაქეები საკონსულო სამსახურის გახსნამდე იკავებენ ადგილს. კვლავ მოგიწოდებთ, საკონსულო მიღებაზე ჩასაწერად, ისარგებლოთ მითითებულ ინტერნეტ-გვერდზე დარეგისტირების შესაძლებლობით, რათა ერთი მხრივ, არ მოგიწიოთ რიგში განსაზღვრულზე დიდხანს დგომა, ხოლო მეორე მხრივ, არ შეუქმნათ საკონსულოს თანამშრომლებს ამ რიგის რეგულირების პრობლემა.

როგორც მოგეხსენებათ, საბერძნეთში ქართულ დიასპორასთან საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის შენარჩუნება ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ქართული დიასპორის პრობლემატიკა შევიდა საანგარიშო პერიოდში გამართული თითქმის ყველა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტისა თუ ბერძნულ მხარესთან შეხვედრის დღის წესრიგში. საელჩოს რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები რეგულარულად აყენებდნენ ქართული დიასპორის ხელშეწყობის საკითხს ბერძენი კოლეგების წინაშე.

ქართული დიასპორის პრობლემატიკა გახლდათ, 8-9 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნი გიორგი მარგველაშვილის საბერძნეთის რესპუბლიკაში პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამართული ყველა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორის ხელშეწყობის საკითხი განიხილა საბერძნეთის პრეზიდენტთან პროკოპიოს პავლოპულოსთან, საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალექსის ციპრასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნიკოლაოს ვუცისთან, პარტია „ნეა დემოკრატია“-ს თავმჯდომარესთან კირიაკოს მიცოტაკისთან. ხსენებულის გარდა, ვიზიტის ფარგლებში, ბ-ნი მარგველაშვილი შეხვდა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს დიმიტრის ავრამოპულოსს და „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ (EPLO) დირექტორს სპირიდონ ფლოღაიტისს, რომელმაც გამოთქვა მისი ორგანიზაციის რეგიონული ოფისის საქართველოში გახსნის სურვილი.

8 თებერვალს ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში  გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის საჯარო ლექცია “Cooperation between Georgia and Greece in wider European context”. ღონისძიების ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში საქართველოს პრეზიდენტისაგან მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

2018 წლის 26-28 მარტს ქ. ათენში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ-ნი ზვიად გონაძისა და  საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ბ-ნი ზვიად კვაჭანტირაძის ვიზიტი. შეხვედრები გაიმართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დიასპორის საკითხებში ტერენს ნიკოლაოს ქუიქთან, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზღვარგარეთ მცხოვრებ ბერძენთა გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელთან მიხეილ კოკინოსთან, საბერძნეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან გიორგიოს აკრიოტისთან, ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობის, ასევე დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან.

ბუნებრივია, რომ შეხვედრების მთავარი თემა ქართული დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები იყო. საბერძენეთის მთავრობის წევრებსა და ბერძენ პარლამენტარებს ეთხოვათ, რომ საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური სტატუსის მინიჭების საკითხზე, საბერძნეთის სამთავრობო სტრუქტურებმა უფრო ინტენსიურად ითანამშრომლონ საქართველოს საელჩოსთან.

აღსანიშნავია, რომ დიასპორულ საკითხებს მიეძღვნა 26-30 მარტის კვირაში ჩატარებული არაერთი ტრეინინგი, სემინარი და შეკრება, რომელსაც კოორდინაციას უწევდა ორგანიზაცია ICMPD, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობისა და საკონსულო დეპრატამენტების ჩართულობით.

როგორც მოგეხსენებათ, ქ. ათენში საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის მრავალწლიან პრობლემაზე.

მ.წ. 27 მარტს, საელჩომ გამართა პრეზენტაცია და წარმოადგინა საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც ორგანიზაცია ICMPD-ის (International Center for Migration Policy Development) ხელშეწყობით მომზადდა. პუბლიკაციაში მოცემულია საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობის შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია, შესაბამის პრაქტიკულ სამართლებრივ განმარტებებთან ერთად.

გზამკვლევი ემსახურება იმ მიზანს, რომ საბერძნეთის შესაბამისი კანონმდებლობის რთულად აღსაქმელი სპეციფიკური სამართლებრივი დებულებები მოგეწოდოთ სრულყოფილად და ამასთან, იმგვარი ფორმით, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, იოლად მიიღოთ ინფორმაცია: საბერძნეთში ყოფნის პერიოდში თქვენი უფლებების შესახებ; იმ პროცედურების შესახებ, რომელთა საშუალებითაც საბერძნეთში ბინადრობის სხვადასხვა კატეგორიის ნებართვის მიღებაა შესაძლებელი; საბერძნეთში თქვენი ყოფნის სტატუსიდან გამომდინარე, განათლების მიღების, ჯანდაცვის მომსახურების მიღების, დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე; სხვა თქვენთვის საყურადღებო არაერთ საკითხზე. ამ გზამკვლევის საშუალებით თქვენ შეძლებთ თავად შეაფასოთ: თუ რამდენად არის შესაძლებელი საბერძნეთში თქვენი ყოფნის ხანგრძლივობის, საბერძნეთში თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მეშვეობით ლეგალურად მობინადრის სტატუსის მიღება; თუ რა დამატებითი საბუთები გესაჭიროებათ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვის მისაღებად; საბერძნეთის რომელი სახელმწიფო ინსტიტუტები არიან პასუხისმგებელი თქვენი განაცხადების განხილვაზე; რა ვადებში და რა პროცედურებით მიმდინარეობს თქვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტების დამუშავება და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ გზამკვლევის საშუალებით თქვენ შეძლებთ ზემოხსენებული ინფორმაციის სახლიდან გაუსვლელად, ან სამუშაო ადგილზევე მიღებას.

გზამკვლევი განახლებადი დოკუმენტია. ჩვენ მასში პერიოდულად ავსახავთ საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობაში შესულ იმ ცვლილებებს, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ საბერძნეთში თქვენს ყოფნაზე. გზამკვლევის უსასყიდლოდ მიღება შეგიძლიათ ქ. ათენში საქართველოს საელჩოსა და ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში. პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს საელჩოს ოფიციალურ  ინტერნეტ და facebook-გვერდებზე.

აღსანიშნავია, რომ ა.წ. 10 მაისს საელჩო იწყებს ამ ინიციატივის მეორე ეტაპს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებისათვის საბერძნეთში ბინადრობის ლეგალიზაციის გამარტივებას. ამ ინიციატივებს, ბერძნულ მხარესთან კოორდინაციით, ავსახავთ საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების დღის წესრიგში.

ამ პროცესში საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროსთან პროდუქტიული თანამშრომლობას გაგრძელება ცენტრალური საკითხია. როგორც მოგეხსენებათ, შეიცვალა ამ სამინისტროს ხელმძღვანელი პირი და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გავმართავ მასთან ოფიციალურ შეხვედრას, რათა გავაცნო უკვე ჩატარებული სამუშაო და ვთხოვო დახმარება ჩვენი ინიციატივის შემდგომი ხელშეწყობის საქმეში.

აღნიშნულის გარდა, მე აქტიურად ვმუშაობ ბერძენ მკვლევარებთან: ილიას რუბანისთან და ანდრომაჰი პაპაიანუსთან, რომლებსაც საემიგრაციო თემებზე სამეცნიერო მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მათთან ერთად, ჩვენ შევიმუშავებთ ახალ ინიციატივებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საბერძნეთში ჩვენი თანამემამულეების ლეგალიზაციის პროცესს.

საელჩო, ბუნებრივია, გააგრძელებს თქვენს ინფორმირებას, ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით ჩვენი მუშაობის შედეგების თაობაზე.

ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ, 2018 წლის 14-16 მარტს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა შეხვედრები გამართა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრთან პანოს კამენოსთან და საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის უფროსთან ადმირალ ევანგელოს აპოსტოლაკისთან.

შეხვედრებზე ბერძნულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, განაახლოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს ნატო-სთან შემდგომ დაახლოებაში, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საბერძნეთისთვის საქართველო მთავარი რეგიონული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ბერძნული მხარისთვის პრიორიტეტულია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, მოინახულა საბერძნეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფის საწვრთნელი ბაზა და შეხვდა საბერძნეთის საზღვაო ფლოტის ოფიცერთა აკადემიის ქართველ კადეტებს.

თქვენ ასევე კარგად მოგეხსენებათ, რომ საელჩო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სერბეთის რესპუბლიკასთან საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. საქართველოსათვის სერბეთი ხდება დასავლეთ ბალკანეთის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ურთიერთმხარდაჭერის კონტექსტში, ასევე სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. შესაბამისად, საელჩომ საანგარიშო პერიოდში უზრუნველყო არაერთი მაღალი დონის ვიზიტისა და შეხვედრის ორგანიზება, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, საერთო ინტერესების სფეროებიდან.

25-26 იანვარს გაიმართა სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარის მაია გოიკოვიჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. გაიმართა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, ვიცე პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. ეს გახლდათ პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი, რომელიც სერბეთის უმაღლესი თანამდებობის პირმა საქართველოში განახორციელა. მას სერბულმა მხარემ სამართლიანად უწოდა ისტორიული.  ვიზიტმა ბიძგი მისცა არაერთ ერთობლივ ინიციატივას, თანამშრომლობის სხდასხვა სფეროში.

7-8 მარტს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია სერბეთის რესპუბლიკას. შეხვედრა გაიმართა სერბეთის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვუჩიჩთან, პრემიერ-მინისტრთან ანა ბრნაბიჩთან, პირველ ვიცე პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან და ევროინტეგრაციის მინისტრთან იადრანკა იოქსიმოვიჩთან.

ვიცე-პრემიერ ჯანელიძის სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ. დღესდღეობით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ სერბეთის რესპუბლიკაში უვიზოდ გამგზავრება და 30 დღის მანძილზე იქ დარჩენა. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, ეს არის ორი ქვეყნის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას.

სერბეთის რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების მზარდ შესაძლებლობებს, აღინიშნა, რომ ამ მიზნით საქართველოს მიმდინარე წელს ეწვევა სერბეთის ბიზნეს დელეგაცია და თბილისი უმასპინძლებს საქართველო-სერბეთის პირველ ბიზნეს-ფორუმს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსა და სერბეთს შორის განსაკუთრებით გააქტიურებული თანამშრომლობის შედეგად,  მხარეები უკვე განიხილავენ თბილისსა და ბელგრადში თითო დიპლომატის განთავსების საკითხს, სრულფასოვანი დიპლომატიური წარმომადფგენლობების ამოქმედებამდე.

სერბეთთან დაკავშირებით, მსურს ასევე გაცნობოთ, რომ მ.წ. ივნისში საელჩო პირველად აღნიშნავს ქ. ბელგრადში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ჩაატარებს პირველ ოფიცალურ მიღებას დიპლომატიური კორპუსის, სერბეთის ხელისუფლებისა და სერბული საზოგადოების წარმომადგენლებისათვის. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ქ. ბელგრადს ესტუმრება საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ქ-ნი ს. ქაცარავას ხელმძღვანელობით.

სერბეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის დროს, მ.წ. 6 მარტს შევხვდი სერბეთის პატრიარქს მის უწმინდესობა ირინეოსს. შეხვედრამ ჩაიარა უაღრესად თბილ ატმოსფეროში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მაღალ დონეს და ორი ქვეყნის საპატრიარქოების წვლილს აღნიშნული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში. სერბეთის პატრიარქის მხრიდან ცალსახად აღინიშნა, რომ სერბეთის საპატრიარქო არა მხოლოდ მხარს უჭერს და მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არამედ არ დაუშვებს სერბეთის საპატრიარქოსთან არც ერთ იმგვარ კონტაქტს, რომელიც შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ და ჩრდილი მიაყენოს სერბულ-ქართულ ურთიერთობებს.

ამავე დღეებში, ქ. ბელგრადს პირველად სტუმრობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელმაც სერბ კოლეგებთან განიხილა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე საზღვრის ეფექტიან მართვასთან და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

განვლილ პერიოდში საელჩო ინტენსიურად მუშაობდა ბერძნული ბიზნესის წარმომადგენლებთანაც, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა, რომელზეც ვახდენდით საქართველოს საინვესტიციო-სამრეწველო შესაძლებლობების პრეზენტაციას.

განვლილ პერიოდში საელჩო განაგრძობდა კულტურული დიპლომატიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას:

16 თებერვალს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლის, ქ-ნი მარინე ჩქარეულის ორგანიზებით, საბერძნეთში მოქმედი ქალთა საერთაშორისო კლუბის (women’s international club) წევრებისათვის, ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრში “კავკასია” გაიმართა ღონისძიება Meet My Country – Georgia. საქართველოს ელჩმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები და ქართული კულტურის ღირსშესანიშნავი თავისებურებები, ასევე, საინვესტიციო, სამეწარმეო და ტურისტული შესაძლებლობები. ელჩის მეუღლემ, მარინე ჩქარეულმა ქალთა საერთაშორისო კლუბის წევრებს წარუდგინა საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოს მრჩეველი დუდანა მაზმანიშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებისათვის შეასრულა რამდენიმე კლასიკური ნაწარმოები, მათ შორის რევაზ ლაღიძის „რონდო-ტოკატა“. ორგანიზატორები მოწვეულ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქართული სამზარეულოს კერძებითა და ქართული ღვინის ნაწარმით. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნა საქართველოს ტურიზმის, ქართული ანბანისა და ფოლკლორის ამსახველი ვიდეო რგოლები.

სასიამოვნოდ აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 14 ივლისს, ქ. ათენში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ერთი მხრივ, მარიანა ვარდინოიანის საქველმოქმედო ფონდსა და და მეორე მხრივ, საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მ.წ. 5 თებერვლიდან, კლინიკაში „ელპიდა“ მკურნალობა დაიწყო პირველმა არასრულწლოვანმა პაციენტმა საქართველოდან, რომელიც ძვლის სიმსივნის უმძიმესი ფორმით არის ავად. ქართველ პაციენტს უსასყიდლოდ უტარდება მესამე რიგის ქიმიოთერაპია და ძვლის ტვინის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია.

მოგეხსენებათ, რომ 2018 წელს საქართველო აღნიშნავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ჩვენი საელჩო აქტიურად ემზადება ამ თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად: ქ. ათენის პოპულარულ ჟურნალ „Greek Diplomatic Life“-ის აპრილის ნომერში დაიბეჭდება ჩემი სპეციალური სტატია; ჩატარდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული ოფიციალური მიღება; მომზადდება გამოჩენილი ბერძენი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის მისალოცი ვიდეო-რგოლი; გაიხსნება ამ თარიღისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა; ივნისის ბოლოს იგეგმება ანსამბლ “ერისიონის“ კონცერტი ქ. ათენში; მოეწყობა მრგვალი მაგიდა საბერძნეთში მოქმედი ანალიტიკური ცენტრებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით და სხვა.

ძვირფასო მეგობრებო,

ჩვენთვის სასიამოვნოა იმ უდავო ფაქტის აღნიშვნა, რომ საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ ერთმნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის შემდგომი ურთიერთდაახლოების საქმეში, რაც საელჩოს უპირველესი ამოცანაა. სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი თქვენგანი ერთვება საელჩოს საქმიანობის არაერთ მიმართულებაში. შედეგად, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, ქართული დიასპორის ინტელექტუალური პოტენციალისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენების კუთხით ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა გამოვყო საბერძნეთში მყოფი ქართველი სტუდენტების მზადყოფნა, დადგნენ საქართველოს საელჩოს გვერდით და თავისი წვლილი შეიტანონ საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობების დღის წესრიგის რეალიზაციაში. საელჩო გეგმავს კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს ქართული სტუდენტური ორგანიზაციების საქმიანობას, ჩართოს ისინი საელჩოს მიერ დაგეგმილ საზოგადოებრივ, სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ ინიციატივებში.

მსურს, ტრადიციულად, თქვენდამი მიმართვა დავასრულო გულწრფელი მადლობით, საელჩოს საქმიანობის მიმართ თქვენი მხარდაჭერისათვის, თქვენი დაუღალავი შრომისა და ჩვენი სამშობლოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.