fbpx
საზოგადოებახელოვნება

მსოფლიოში ერთადერთი ქართველი ექიმი, რომელიც რენტგენის ფირზე ხატავს

უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ ქართველის შემოქმედებით ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ამის კიდევ ერთი დასტურია. წარმოიდგინეთ ექიმი, რომელიც პაციენტებს განკურნებაში ეხმარება, თავისუფალ დროს კი რენტგენის ფირს იღებს და… ხატავს.

როგორ და რანაირად გაუჩნდა ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ექიმს გოჩა ბარიშვილს მსგავსი იდეა, ამის შესახებ თავად მოგვითხრობს.

– ბატონო გოჩა, ასეთი უჩვეულო ფორმით ხატვის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

— საერთოდ ბავშვობიდან ვხატავ, ნასწავლი არსად მაქვს, ჩემთვის ვხატავდი. რაც შეეხება ფირებზე ხატვას, ეს იდეა ფაქტობრივად სამსახურში მორიგეობის დროს დაიბადა. ლაპარაკია რენტგენის ახალ ფირებზე, რომელიც მუშავდება. თავიდან რომ მოვსინჯე, მომეწონა. მერე მორიგეობის დროს, თავისუფალ დროს ვერთობოდი. დროთა განმავლობაში კი ასე ხატვის ტექნიკა უფრო დავხვეწე. მერე უკვე სახლშიც ვხატავდი, ასე რომ, ნამუშევრების საკმარისი რაოდენობა დამიგროვდა. ისინი ჯერ სახლში მქონდა გამოფენილი და როცა მეგობრებს ვაჩვენე, რომ იტყვიან, მომთხოვეს – გამოფინეო! თუმცა ამას სერიოზულად არ აღვიქვამდი.

– საინტერესოა, რენტგენის ფირზე რა ტექნოლოგიით ხატავთ?

— რომ აგიხსნათ, საამისოდ ტექნოლოგია თქვენც უნდა იცოდეთ, შავ ფირზე ყოველთვის თეთრად არ იხატება, ზოგჯერ გამჭვირვალე ფონიც ეძლევა, რისთვისაც სპეციალურად მუშავდება წამალში. ნახატი კორექტორით სრულდება და მერე ფერები ეძლევა, ანუ ფონი უკეთდება.

– თემატიკას როგორ ირჩევთ?

— ყველანაირი თემატიკა მომწონს – აბსტრაქციიდან დაწყებული პეიზაჟებით დამთავრებული, მოკლედ, ასე, ანუ რენტგენზე რომ ხატო, პატარა ფანტაზიაა საჭირო…

– და ნიჭიც…

— ეგ თავისთავად…

– ზეთის საღებავებით ან ფანქრით ხატვა თუ გიცდიათ?

— ფირზე ადრე ვცადე, მაგრამ ზეთი მასზე არ ჩერდება, თუ ქაღალდზე ხატვას გულისხმობთ, ეს არასდროს მიცდია.

– უცხოეთში თუ ნახეს თქვენი ნამუშევრები?

— ახლა მინდა, რომ გამოფენა უცხოეთში გავაკეთო. ლონდონში ახლობლები მყავს, მეუღლის მეგობრები ინგლისის მოქალაქეები არიან. ეს გოგო პროფესიონალი ფოტოგრაფია და იქ აწყობს გამოფენებს. როცა ჩემი ნამუშევრები ნახა, მომწერა, ლონდონში გამოფენა გავაკეთოთო. ჯერ გალერეების ფასებს გამიგებენ, თუ ძალიან ძვირი იქნება, მაშინ საერთო გამოფენა გავაკეთოთ რამდენიმე მხატვართან ერთადო. ასეთი რამ თუ მოხერხდება, ალბათ სექტემბრისთვის.

– საინტერესოა, ასე ვინმე ხატავს მსოფლიოში?
— მე დავინტერესდი, ინტერნეტში ვეძებე და, მგონი, ასე მართლა არავინ ხატავს. ადრე მითხრეს, ვიღაც უცხოეთში ხატავსო, მაგრამ მე ვერ ვიპოვე. „გუგლის“ საძიებო სისტემაში არ იყო. მერე ისიც მითხრეს, ვიღაც რუსეთში ხატავსო, თითქოს კაწრავს და ისეო, მაგრამ ეგეც ვერსად ვნახე…

წყარო: sputnik-georgia.com

 

onalem

ტესტ