15 აგვისტო – უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული საბერძნეთში

როგორც ყოველთვის, წელსაც, საბერძნეთში მართლმადიდებლური დღესასწაულის აღსანიშნავად უამრავი ადამიანი იკრიბება. კუნძულ ტინოსზე კი კვლავ ხალხმრავლობაა.

მომლოცველები მუხლის ჩოქებით მიდიან ხარების ტაძრამდე, რათა ღვთისმშობლისთვის მიცემული პირობა შეასრულონ.

ხარების (ევანგელისტრიას) ტაძარი იმ ადგილას აშენდა, სადაც ხარების ხატი იპოვეს. წმინდა ხატის პოვნის ამბავმა კუნძულის მთელი მოსახლეობა შეჰყარა. ეპისკოპოსმა მაშინვე პარაკლისი აღავლინა. მიუხედავად იმისა, რომ ხატი 800 წელზე მეტი მიწაში იდო, როგორც მოწმობენ თანამედროვენი, თითქმის არ დაზიანებულა. მკვეთრი და ცოცხალი ფერებიც შემორჩენოდა.

ღვთისმშობელი ხატზე მუხლმოყრილი და თავდადრეკილი ლოცულობს. მის ანალოღიაზე წიგნია გადაშლილი. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს ხატი ბიზანტიურ ეპოქაზე ადრინდელია. შესაძლოა, წმინდა ლუკას მიერ შექმნილ წმინდა ხატთაგანია. ეს წმინდა ხატი სასწაულმოქმედია და მისი მოპოვების დღიდან ათასობით სასწაული მოუხდენია.

“მეგალოხარის” ხატის პოვნის შემდეგ “ცხოველსმყოფელი წყაროს” ეკვდერის ადგილას ხარების დიდი ტაძარი ააგეს. მთელი საბერძნეთიდან ჩამოდიოდნენ ხელოსნები, მუშები და ღვთის სადიდებლად გროშების ფასად მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდებოდა და კუნძული ტინოსი ლტოლვილებით იყო სავსე, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ. რვა წელიწადში აიგო ტაძარი, ტაძრის კანტორის შენობა, მუზეუმი და გალერეა. ტაძრის კურთხევის შემდეგ ხატი საპატიო ადგილას დაასვენეს, სადაც დღემდე ბრძანდება.

1842 წელს უბედურება მოხდა: მადლიერების ნიშნად ხალხის მიერ ოქროთი და ძვირფასი ქვებით გამშვენებული ხატი ტინოსზე გავლით მყოფმა ერთმა ახალგაზრდა ბერძენმა მოიპარა და ერთ აივანზე დამალა. მერე თოკით დაბლა დაეშვა და თან წაიღო ხატი, ბარძიმი და საღვთისმეტყველო წიგნები. მეორე დილას შეიტყვეს ქურდობის ამბავი. ატყდა ზარების რეკვა. ხალხი კუნძულის გარშემო ჩადგა. ქურდი იმ დროს დააკავეს, როცა ტინოსსა და ანდროსს შორის მდებარე მცირე ყურის გადაცურვას აპირებდა. წმინდა ხატი დიდი პატივით დააბრუნეს ძველ ადგილზე.

კუნძულ ტინოსის ხარების ტაძარი (პანაღია ევანგელისტრია) მთელ საბერძნეთში ყველაზე საყვარელი მოსალოცი ადგილია. ყოველწლიურად აქ მილიონზე მეტი მომლოცველი მოდის. დღესასწაულებზე კი ქალაქი ვერ იტევს მომლოცველებს, რომლებიც ღამეს ტროტუარზე, ქუჩაში, პორტში და ტაძარში ათენებენ. ბევრი ბერძენი ტაძრის კიბეზე ჩოქვით ადის და ამით გამოხატავს მადლიერებას და სასოებას ღვთისმშობლის მიმართ.

ტინოსი დღეს:

 

melano

ტესტ