fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ემიგრანტი, რომელიც ათენში უსახლკაროებისთვის ყოველ კვირა უფასო საჭმელს ამზადებს

საბერძნეთში დაახლოებით ოთხი წლის წინ, თავის მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. მათ ეძინათ ქუჩებში და არ იცოდნენ ერთი სიტყვაც კი ბერძნულ ენაზე. დღეს კი, ორივე მათგანი მუშაობს, ათენის ცენტრში ერთ პატარა სახლს ქირაობენ და მომავალზე ოცნებობენ. თუმცა, ცოლ-ქმარს არ დავიწყებია, როგორია სიცივე, ჭერის გარეშე ცხოვრება და შიმშილი… ამის გამო, 34 წლის ემიგრანტი ქალი ყოველ კვირა საკუთარი ხარჯებით საჭმელს ამზადებს, რომელსაც სხვა მოხალისეების დახმარებით ათენის უსახლკარო ადამიანებს ურიგებენ.

წყვილი ირანიდან არის და ძალიან მძიმედ ახსენდება თეირანში ცხოვრების წლები.

“ქალისთვის თეირანში ცხოვრება ნამდვილი ტანჯვაა. კანონით გვიკრძალავდნენ, რომ კანის რაიმე ნაწილი გამოგვეჩინა. ერთხელ დამაკავეს კიდეც, რადგან თავსაბურავი კარგად არ მეფარა, ისე რომ წინ, თმის ძირები მიჩანდა. ქალს ირანში უფლებები არ აქვს. სანქციები იმის გამო დაგვაკისრეს, რომ მე და ჩემი მეუღლე, რომელთანაც ჯერ ოფიციალურად არ ვიყავი ქორწინებაში, ერთად მივდიოდით და ძალიან ახლოს ვიდექით. 

მამაჩემი სამთავრობო სამსახურში მუშაობდა და როდესაც გაიგო, რომ ქვეყნიდან წასვლა მინდოდა, ამასთან დაკავშირებით პოზიტიურად ნამდვილად არ განეწყო.

თავიდან თურქეთში ჩავედით, შემდეგ კი ნავით მიტილინზე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, რადგან ჩემს ქვეყანაში ემიგრანტებს ძალიან ცუდად ექცეოდნენ. ლტოლვილთა ბანაკში ერთი კვირა დავრჩით, ჩემდეგ კი ათენში ჩამოვედი.

პირველი კვირა არაფერი მქონდა. უსახლკარო ვიყავი, წასასვლელი არ მქონდა. ვიქტორიის მოედანზე ქუჩებში ვრჩებოდი. იქ იყო მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც გვეხმარებოდა… რადგან დიდი გზა მქონდა გამოვლილი, ფიზიკურად ტრამვირებული ვიყავი,” ამბობს მაჰბუბე.

ახლა ის ერთ-ერთ მიგრანტთა თავშესაფარში მუშაობს და ბერძნული და ინგლისური ენების კურსებს ესწრება. მისმა მეუღლემ სამსახური სილამაზის სალონში იპოვა.

“მე ჩიტები ძალიან მიყვარს… ისინი თავისუფლების სიმბოლოა…”

ახლა გოგონა აღარ ატარებს თავსაბურავს, არავინ აიძულებს და ეს არც მის მეუღლეს სურს.

ერთ დროს თავად იყო უსახლკარო, ახლა კი სხვებს ეხმარება. ყოველ კვირა ირანელი 34 წლის ქალი 30-50 ულუფა საჭმელს ამზადებს და ამბობს, რომ ყველაზე ტრაგიკული მომენტი, რაც კი აქ უნახავს, იყო ის, როდესაც ნახა როგორ ეძინა ბერძენ ფეხმძიმე ქალს ქუჩაში თავის ავღანელ მეუღლესთან ერთად.

onalem

ტესტ