თურქეთში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების შესახებ საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

თურქეთის რესპუბლიკის რიგ გუბერნიებში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იტყობინებიან.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე უნდა შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე და ელექტრონულ ფორმატში შეავსოს განცხადება.

“ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, 2017 წლის ივლისში, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ შეიმუშავდა და გამოიცა განკარგულება, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაწესებულების ოლქში – სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში, სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი და თხილი)დასაქმების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ერთი წლის განმავლობაში, 90 დღით არ ესაჭიროებათ მუშაობის ნებართვის მიღება.

აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად, სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქე ვალდებულია შევიდეს თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატის გვერდზე – https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris

რომელიც ფუნქციონირებს ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე და ელექტრონულ ფორმატში შეავსოს განცხადება, რომლის საფუძველზე, შემდგომში რაიონის გამგეობის მიერ მას მიეცემა “მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი”, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზემოაღნიშნულ სეზონურ სამუშაოებზე (ჩაი-თხილი), დასაქმებულთა მიერ პროცედურების შესრულების შემთხვევაში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებები.

განცხადების შევსების წესები და პროცედურები ასევე განთავსებულია ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეhttp://trabzon.con.mfa.gov.ge”, – განმარტავენ სამინისტროში.