fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ ჰანოვერისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 63 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.

მათი ცნობით, დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა და დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა.
„პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი“ (FRONTEX).

დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერმანიის მხრიდან განხორციელდა დეპორტაციის ადგილმდებარეობის ცვლილება. კერძოდ, დიუსელდორფის ნაცვლად, დასაბრუნებელი პირების დაბრუნების ოპერაცია განხორციელდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერიდან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაბრუნებელი პირების განთავსების პირობები. კონკრეტულად, ჰანოვერში აეროპორტის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო საკმაოდ დიდი ფართი, თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საკვები და დასაბრუნებელ პირებს (ესკორტის თანხლებით) პირველად მიეცათ მოსაწევად სპეციალურ ტერიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა.

ასევე დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს მისცეს საქართველოში სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს პრობლემის სისტემურ გადაჭრას. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მოახდინონ კომუნიკაცია „ფრონტექსისა“ და დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირი საქართველოში გამომგზავრებამდე“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

onalem

ტესტ