fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს ელჩთან ბერძნული იურიდიული კომპანია “BCLA”-ის წარმომადგენლების შეხვედრა

27 ივნისს შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ იოსებ ნანობაშვილსა და ბერძნულ იურიდიულ კომპანია “BCLA”-ის წარმომადგენლებს შორის. იურიდიული კომპანიის (Οργανισμός Υποστήριξης Μεταναστών – ΟΥΜ)  წარმომადგენლებმა გამოხატეს სურვილი, ჩაერთონ საელჩოს ინიციატივაში, რომელიც საბერძნეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ბატონი იოსებ ნანობაშვილი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, შეეხო იმ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები აწყდებიან საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალური სტატუსის მოპოვების საკითხში. იგი მიესალმა აღნიშნული კომპანიის მზადყოფნას, ჩაერთოს საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში.

აღნიშნული კომპანია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მოქალაქეებისათვის საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობისა და მასში შესული შესწორებების გზამკვლევის შექმნაში. ასევე, კომპანია ჩაერთვება საქართველოს მოქალაქეებისათვის დაგეგმილ უფასო იურიდიულ კონსულტაციებში. იგი ამავდროულად ჩაერთვება საელჩოს ინიციატივით შექმნილ სამართლებრივი-საკონსულტაციო ჯგუფში, რომლის მიზანი საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფებისათვის საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის გამარტივების მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაა.