fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: 800 ევრო ყველა უმუშევრად დარჩენილს, რომელთა სამსახურიც სახელმწიფომ დაკეტა

საბერძნეთის მთავრობა დახმარების შესახებ იუწყება, რომელსაც ქვეყანაში უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა მიიღებს. როგორც ირკვევა, კორონავირუსის გამო სახელმწიფოს ბრძანების საფუძველზე დაკეტილი დაწესებულებების თანამშრომლები 800 ევროს მიიღებენ და თანხები აპრილის პირველ რიცხვებში დაირიცხება.

ნახევარი მილიონი ადამიანი (500.000 დასაქმებული), რომელთა სამსახურიც საბერძნეთის მთავრობამ დაკეტა, 800 ევროს მიიღებს, განურჩევლად იმისა, მუშაობდა ცვლაში, სრულ თუ ნახევარ განაკვეთზე. ამავე რაოდენობის თანხას მიიღებენ ისინიც, ვისი ანაზღაურებაც საათობრივად განისაზღვრებოდა.

იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილმა პირმა დახმარება მიიღოს, იმუშავებს ორი პლატფორმა:

1) ერთ შემთხვევაში, დაკეტილი ბიზნეს დაწესებულების ხელმძღვანელობა, სადაც კონკრეტული პირი მუშაობს, ატყობინებს შრომის სამინისტროს, რომ ბიზნესი დაიკეტა მთავრობის მითითებების საფუძველზე, რის შედეგადაც, სამინისტრო ავტომატურად შეაგროვებს ყველა იქ დასაქმებულის მონაცემებს და თანხები მათ ბანკის ანგარიშებზე დაირიცხება.

2) მეორე შემთხვევაში კი, შრომის სამინისტრო შექმნის კიდევ ერთ პლატფორმას, სადაც უმუშევრად დარჩენილმა პირმა თავად უნდა შეავსოს საკუთარი მონაცემები, ბანკის ანგარიშის ნომერი და საკუთარი სამსახურის კოორდინატები. ამის შემდეგ, თანხა მათ ბანკის ანგარიშზე დაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში 800 ევროს მისაღებად აუცილებელია ცხოვრობდეთ ლეგალურად და ოფიციალურად იყოთ გაფორმებული იმ დაწესებულების მიერ, სადაც მუშაობთ.

აღნიშნული ორი პლატფორმა ჯერჯერობით ღია არ არის და როგორც კი მოქმედებაში შევა, Georgians.gr მაშინვე მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ.

onalem

ტესტ