თავშესაფარის მაძიებლები ევროკავშირში – საქართველო “საპატიო” ექვსეულშია

საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა პროგრესული ზრდის გამო შეშფოთება რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა. გერმანიამ კი მიიღო გადაწყვეტილება, მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლა აეკრძალოთ იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

2018 წლის იანვრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 1859 აპლიკაცია შევიდა, ნათქვამია თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სააგენტოს განცხადებით, 2014 წლის იანვრის შემდეგ ეს არის ერთ თვეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2017 წლის მეორე ნახევრიდან, კერძოდ, სექტემბრიდან გაიზარდა, 2018 წლის იანვრის მაჩვენებლები კი სექტემბრის მონაცემებს თითქმის ორჯერ აღემატება.

„საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა პროგრესული ზრდის გამო 2018 წლის იანვარში საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყნების ექვსეულშია, ერთი წლის წინ კი 24-ე ადგილს იკავებდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

სააგენტოს მონაცემებით, საქართველო თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების ჯგუფში მე-6 ადგილს იკავებს სირიის, ერაყის, ავღანეთის, ნიგერიისა და პაკისტანის შემდეგ.

ევროკავშირში 2018 წლის იანვარში სულ თავშესაფრის მაძიებელთა 53 175 აპლიკაციაა შესული, რაც 8%-ით მეტია 2017 წლის დეკემბრის მონაცემებზე. ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა სირიიდან — 5932 აპლიკაცია, ერაყიდან — 3803, ავღანეთიდან — 3136, ნიგერიიდან — 2732, პაკისტანიდან — 2313 და საქართველოდან — 1859 განაცხადი.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. გერმანიის შსს-ს 2018 წლის იანვრის მონაცემებით, ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველოს მოქალაქეები მეშვიდე ადგილზე არიან. მხოლოდ 2018 წლის იანვარში გერმანიას თავშესაფრის თხოვნით მიმართა 632-მა ადამიანმა, ხოლო ერთი თვით ადრე — 672-მა. აქედან, თითქმის 100%-მა უარი მიიღო. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც.

ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა.  გერმანიის გადაწყვეტილებით, მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლა აეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

გერმანიის რაინ-ვესტფალიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა არ გამორიცხა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, თუ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდებოდა.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.

წყარო: www.sputkin-georgia.com

melano

ტესტ