სოფია გელაშვილი – ბერძნულ საზოგადოებაში წარმატებული ქართველი პიანისტი

– როდის გქონდათ პირველად მუსიკასთან შეხება?

2,5 წლის ვყოფილვარ, როცა უკვე მელოდიებს ვაწყობდი, როგორც დედა ამბობს. დედა მუსიკოსი მყავს და არ იყო რთული იმის გაგება, რომ მიდრეკილება მქონდა მუსიკისადმი. ქუთაისის პირველ სამუსიკო სკოლაში 5 წლის შემიყვანეს ლენა შაინოვას კლასში.
13 წლისამ ელისო ვირსალაძის რეკომენდაციით თბილისში გავაგრძელე სწავლა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში.
რამოდენიმე ხანი კი ქუთაისიდან თბილისში მიწევდა ყოველ კვირას ჩასვლა, სადაც ჩემი მომავალი პედაგოგი, ნინო მამრაძე მიზიარებდა იმ ცოდნას და გამოცდილებას, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს უკვე სრულიად სერიოზულ, ღრმა პროფესიულ მუსიკალურ აზროვნებას.

– როდის იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი?

პირველი სერიოზული ნაბიჯი მუსიკაში 7 წლის ასაკში სოლო კონცერტის გამართვა იყო. შემდეგ კი მრავალი წარმატება, გამარჯვება და ბევრი სიხარული იყო ჩემი ცხოვრების თანამგზავრი.

ათწლედში გატარებული წლები ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. ამას მოჰყვა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიში სწავლის გაგრძელება.

შემდეგ კი, ჩვენი ქვეყნის ძალიან რთული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, როგორც უამრავ ჩვენს თანამამულეს, ასევე მეც მომიწია საზღვრებს გარეთ გამგზავრება. სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ ლამაზ ქვეყანაში, და აქ დავფუძნდი. მინდოდა, რომ ჩემი ოცნებები აქაც რეალობად მექცია.

– რა დაგხვდათ საბერძნეთში?

რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში სრულიად სხვა სტარტი უნდა ამეღო.
ვფიქრობ საწყისი არსადაა ადვილი და განსაკუთრებით იქ, სადაც უცხო ხარ და არ გიცნობენ, კიდევ უფრო რთულია.

ყველგან ვეძებდი ინსტრუმენტთან სიახლოვეს.

მინდა გამოგიტყდეთ, რომ ყოველ ექვს თვეში საქართველოში დაბრუნება მინდოდა, ვიმედოვნებდი, რომ უკეთესობისაკენ წავიდოდა ჩვენი ქვეყანა.

ამ მოლოდინში წლებიც გადიოდა. ბერძნულმა საზოგადოებამაც ნელ-ნელა გამიცნო, მათი ყურადღება და პატივისცემა დავიმსახურე და დღემდე ასე მოვაბიჯებთ, ერთად.

აი უკვე სამი წელია, რაც ჩემი პირადი მუსიკალური ცენტრი მაქვს გახსნილი, სადაც ვცდილობ ჩემი გამოცდილებადა ცოდნა გავუზიარო ახალგაზრდა თაობას , მაგრამ სამწუხაროდ ძირითადად ბერძნულ საზოგადოებაა. ახლა კი ვფიქრობ, უკვე დროა, რომ ჩვენს თანამემამულეებსაც მიეცეთ საშუალება, ეზიარონ ამ მაღალ ხელოვნებას და ჩვენმა ქართველმა ბავშვებმაც გადადგან ლამაზი ნაბიჯები ხელოვნებაში და ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

– საქართველოში დაბრუნებაზე გიფიქრიათ?

იცით, საქართველოსკენ სულ მივისწრაფი, როცა თავისუფალი დრო მაქვს. ჩემი ფუძე იქ არის. მაგრამ ცხოვრების თითქმის ნახევარი ათენში გავატარე და ახლა აქაც მაქვს შექმნილი ჩემი პატარა ლამაზი მუსიკალური სამყარო, რომელიც ძალიან მიყვარს.
ძალიან საინტერესო და სასურველი იქნებოდა თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ საზოგადოებასთან, რომელიც აგრძელებს ტრადიციებს და ძალიან მაღალ დონეზეა დღესაც.

– რა ეტაპზეა თქვენი კარიერა დღეს?

დღესდღეობით ვთანამშრომლობ ბევრ საინტერესო მუსიკოსთან, ვატარებთ კონცერტებს ათენში და ფარგლებს გარეთ. ვცდილობ, რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩვენი ქვეყნის მუსიკალური ხელოვნების მაღალი დონე.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემს მუსიკალურ ცენტრში ვცდილობ ახალგაზრდებს ამ უდიდესი ხელოვნების სიყვარული ჩავუნერგო.

მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ და იმარჯვებენ საბერძნეთის და საერთაშორისო კონკურსებზე.

დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ქართველი ბავშვი ჩაებას ამ მცდელობაში, გახდეს ამ იდეის მატარებელი და ასახელოს ჩვენი საქართველო.

გაიცანით ქალბატონი სოფია გელაშვილი, ათენის საფორტეპიანო სტუდიის ხელმძღვანელი და ამავე დროს მარია კალასის სახელობის მუსიკალური სკოლის პროფესორი 
 იგი თავის სტუდიაში შეგასწავლით ფორტეპიანოს. ჟანრი: კლასიკური, თანამედროვე, ქართული მუსიკა, უცხოური, ბლუზი, ჯაზი.
მიიღება ნებისმიერი ასაკის დაინტერესებული პირი.
 პირველი გაკვეთილი (გაცნობითი სახის) უფასო!
 დეტალებისთვის გთხოვთ დაურეკოთ: 699 703 48 22
 მისამართი: თერიანუ 14, ალექსანდრასა და მუსტოქსიდის კუთხეში

melano

ტესტ