fbpx
კრიმინალისაზოგადოება

კვიპროსი: 11 წლის ბავშვების გატაცების უცნობი მოტივი

გუშინ მთელი კვიპროსი შეძრული იყო ამ ამბით. ორი მოსწავლე დილით სკოლაში წავიდა და “დაიკარგა”. თითქოს ისინი მიწამ ჩაყლაპაო. ბავშვები ერთმანეთის მეგობრები და კლასელები იყვნენ. დილით, მასწავლებელს 2 მოსწავლე საკლასო ოთახში არ დახვდა. პირველი გაკვეთილი დამთავრდა, ბავშვები კი არ ჩანდნენ. თანაკლასელებმა და მასწავლებელმა უკვე ნერვიულობა დაიწყეს, ეცადნენ დაკარგულების მოძებნას, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს გაირკვა, რომ ისინი შენიშნეს “ახალ მასწავლებელთან”, რომელსაც წიგნების წაღებაში უნდა მიხმარებოდნენ. თუმცა, გაირკვა, რომ სკოლაში”ახალი მასწავლებელი” არ არსებობდა.

მასწავლებლები დაეკონტაქტნენ დაკარგული მოსწავლეების მშობლებს. მათ კი სკოლის ადმინისტრაციას განუცხადეს, რომ ბავშვები სახლში არ წაუყვანიათ და რომ ისინი სკოლაში ეგულებოდათ.

აშკარა იყო, რომ ბავშვები გაიტაცეს. ამ ამბავმა ყველა შეაძრწუნა და ხმამაღლა ვერც კი საუბრობდნენ მომხდარზე. ყველა გარინდებული ელოდა რა მოხდებოდა.

გამოძიების დროს, გატაცების დეტალები ნელ-ნელა გამოიკვეთა და გაირკვა, რომ გამტაცებელი იყომამაკაცი, რომელსაც ცალი ხელი შეხვეული ჰქონდა. ეცვა შავი პერანგი და ღია ფერის ჟილეტი, თავზე კი ბერეტი ეხურა. გატაცებული ბავშვების სურათები პოლიციამ ყველგან გაავრცელა -ინტერნეტში, აეროპორტებში, პორტებსა და გზატკეცილებზე. თვით თურქეთის კვიპროსულმა მედიამაც კი გაავრცელა ფოტოები.

ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც გამტაცებლის შესახებ იცოდნენ იყო ის, რომ იგი ნაცრისფერ, “ნისანის” მარკის ავტომობილს მართავდა. სკოლის დამლაგებელმა თქვა, რომ მან გამტაცებელი დილით სკოლაში დაინახა და ჰკითხა, რამე ხომ არ სჭირდებოდა, თუმცა მისი კითხვა მამაკაცმა უპასუხოდ დატოვა.

გამტაცებელი ეზოში იმ დროს შევიდა, როდესაც მშობლებს ბავშვები სკოლაში მიყავდათ, ამიტომაც მის იქ ყოფნას ეჭვი არ გამოუწვევია. იგი მიუახლოვდა მოსწავლეების 5-6 კაციან ჯგუფს, მათ “ახალ მასწავლებლად” გააცნო თავი და წიგნების წაღებაში სთხოვა დახმარება.

აცნობეს თუ არა მომხდარი, პოლიციამ მაშინვე მობილიზება გამოაცხადა და დაიწყო ბავშვების ძებნა მთელი კვიპროსის მასშტაბით. ძიების პროცესში ჩაერთო ვერტმფრენებიც, რომლებიც “ნისანის” მარკის ავტომობილს ზემოდან ეძებდნენ.

კვიპროსის პოლიციის უფროსმა, ზახარიას ხრისოსტომუმ გადადო თავისი ფრენა ნიდერლანდებში, კონფერენციაზე დასასწრებად და თავად ჩაუდგა სათავეში გატაცებული ბავშვების ძიების პროცესს.

სკოლაში შეიქმნა კრიზისის მართვის ცენტრი, სადაც მთელი ინფორმაცია და ყოველი ახალი დეტალი განიხილებოდა.

ქუჩის გამოკითხვებმა შედეგი ვერ გამოიღო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა უშედეგოდ, შიში მით უფრო ძლიერდებოდა. სკოლაში შექმნილ კრიზის მართვის ცენტრში პირველივე წუთებიდან იმყოფებოდა საზოგადოებრივი წესრიგისა და განათლების მინისტრები. კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო, სოციალური ქსელში დაწერა, რომ პოლიციას ყველა საჭირო დირექტივა ჰქონდა მიცემული და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ბავშვების ადგილსამყოფელის დასადგენად. მოსწავლეების მშობლები, რომლებიც კრიზისის მართვის ცენტრში იმყოფებოდნენ პოლიციას განუცხადეს, რომ მათ არანაირი მუქარა არ მიუღიათ და ეჭვიც არავიზე ჰქონდათ.

მალე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინადარმა პირველ სართულზე შენიშნა მამაკაცი, რომელიც ბევრი ნიშნით ჰგავდა ეჭვმიტანილს, თუმცა, გარკვეული დეტალები მაინც არ ემთხვეოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კორპუსი რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობდა იმ სკოლისგან, საიდანაც ბავშვები გაიტაცეს. მაცხოვრებელმა დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას ეს ინფორმაცია.

პოლიცია სწრაფად გაეშურა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსისკენ, გამოძიების დროს მრავალი დეტალი გაირკვა და დაემთხვა ერთმანეთს, რამაც ცხადი გახადა, რომ პირველ სართულზე შენიშნული მამაკაცი ნამდვილად ეჭვმიტანილი იყო. პოლიციამ ბინის კარი შეამტვრია, აღსანიშავია, რომ დამნაშავეს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გატაცებული ორი ბავშვი იპოვეს საძინებელში, ისინი რაღაცისგან ძალიან დაღლილები ჩანდნენ, თუმცა მშვიდად გამოიყურებოდნენ. პოლიციამ მოგვიანებით გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გამტაცებელმა ბავშვებს დაალევინა ლიმონათი, რომელშიც დამამშვიდებლები იყო გარეული, შედეგად ბავშვებს ძალა გამოეცალათ და კარგა ხანს ეძინათ. მოსწავლეები ლარნაკას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ბავშვის მამა ექიმად მუშაობდა, ხოლო დედა – ექთნად. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ბავშვებს არ აღმოაჩნდათ ჯანმრთელობისთვის საშიში ან რაიმე სახის გარე დაზიანებები.

ეჭვმიტანილის, სახელად გიორგოს ნიკოლაუს დაკითხვა მრავალი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ბინაში, ადგილზევე. ამავდროულად, პოლიციის მეორე ჯგუფი მთლიან აპარტამენტს ჩხრეკდა.

საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრმა თავის განცხადებაში თქვა, რომ გატაცების მოტივი, ეჭვმიტანილის ჩვენებიდან გამომდინარე, თითქოს ფულის გამოძალვა იყო. თუმცა, ეს საკითხი გადაისინჯება, რადგან გაირკვა, რომ მან რეალურად, ბავშვები ისე გაიტაცა,  წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

გამტაცებელი ზემოთ აღნიშნულ აპარტამენტში ბოლოს 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მას აქამდე, პოლიციასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ბინაში იგი ძირითადად, მარტო ცხოვრობდა 2 ძაღლთან ერთად, რომლებსაც დილაობით ასეირნებდა; ეჭვმიტანილს ხშირად სტუმრობდა დედა და ძმა. იგი ვებ დეველოპერად მუშაობდა, რის გამოც მის კომპიუტერებს პოლიცია ამოწმებს მისი “ონლაინ” საქმიანობის სანახავად. ბრალდებულს სასამართლო პროცესი ელის, სადაც პროკურორი მის დაპატიმრებას მოითხოვს. პოლიცია საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალის გამოაშკარავებას გეგმავს.

onalem

ტესტ