fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის, ნოდარ კომახიძის ინტერვიუ georgians.gr-თან

ნოდარ კომახიძე საქართველოს ახლი გენერალური კონსულია თესალონიკში, რომელიც ემიგრაციის სამსახურში უკვე ჩადგა ოქტომბრის თვიდან. ბატონი ნოდარი დიპლომატიის სფეროში უკვე 21 წელია მსახურობს. დღეს, მოგვეცა საშუალება და ინტერვიუს სახით გთავაზობთ სტატიას, მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

მოგვიყევით თქვენი წარსული გამოცდილების შესახებ. სხვა ქვეყნებში თუ გიმსახურიათ კონსულის რანგში და სად?!

დიპლომატიასთან ჩემი შეხება ბავშობიდან დაიწყო. ბაბუაჩემი – ნოდარ კომახიძე 1994 წელს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ელჩად თურქეთის რესპუბლიკაში. მასთან ერთად ხშირად ვესწრებოდი ოფიციალურ შეხვედრებს და საელჩოს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა შემდგომში დიპლომატის პროფესიის არჩევა. 

ჩემი დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1999 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. შემდეგ მუშაობა განვაგრძე ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის და დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტებში. 2006-2020 წლებში ვმუშაობდი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა თანამდებობებზე. ვიყავი  თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, შემდეგ საელჩოს მრჩეველი და საქართველოს გენერალურ საკონსულოს კონსული. 2020 წელს დავინიშნე საგანგებო დავალებათა ელჩად, შემდეგ კი  ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულად. 


თესალონიკში ჩამოსვლისას პირველად რამ მოგხიბლათ?

მინდა აღვნიშნო, ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, პირადად არაერთხელ დავინახე ბერძენი ხალხის კეთილგანწყობა და მეგობრული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, რაც გამოჩნდა გენერალურ საკონსულოსა და საბერძნეთის სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთობებში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს ფაქტორი არის პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია. 

ბერძენ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული და მდიდარი კულტურული ურთიერთობები ათასწლეულებს ითვლის. საბერძნეთი მართლმადიდებლური, ერთმორწმუნე ქვეყანაა. ქრისტიანული სარწმუნოება კიდევ უფრო აახლოებს ჩვენ ხალხებს. ჩემი აზრით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს საბერძნეთში ქართული დიასპორის მრავალრიცხოვნებას.


რამდენად კარგად იცნობთ საბერძნეთში ქართულ დიასპორას?

ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართულ დიასპორასთან აქტიური ურთიერთობა და თანამშრომლობაა. თესალონიკში ჩამოსვლისთანავე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ჩემი აზრით, ძლიერი დიასპორა და მათი ჩართულობა დიდ როლს ასრულებს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცების, საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. 

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც დიასპორულ ორგანიზაციებთან, ასევე ვცდილობთ მუდმივი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს თანამემამულეებთან, რათა ერთიანი ძალებით შევძლოთ წარმატებული პროექტების განხორციელება.


რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?

იქიდან გამომდინარე, რომ ქ. თესალონიკში ჩემი ჩამოსვლა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, შესაბამისად ჩემთვის პრიორიტეტულია გვერდში დავუდგე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ ამ დაავადებასთან ბრძოლა. ჩვენი გენერალური საკონსულოს გუნდი სისტემატურად უკავშირდება ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებს. ვცდილობთ, გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. ასევე გვაქვს კავშირი იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც ისინი მკურნალობენ.  

ასევე თვალყურს ვადევნებთ საპატიმრო დაწესებულებებში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას და ბერძენ ექიმებს ურთიერთთანამშრომლობისთვის.


როგორ ფიქრობთ, რა კუთხით შეეხება და იგრძნობს თესალონიკის ქართული საზოგადოება თქვენი მუშაობის შედეგებს?

უახლოეს მომავალში სამედიცინო სფეროში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, საყოველთაო კარანტინის დასრულებისთანავე ვგეგმავთ ქართველი ემიგრანტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციების/გამოკვლევების გამართვას. პროექტი განკუთვნილია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა, რის გამოც ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას. ჩვენ უკვე დავიწყეთ უფასო სამედიცინო კონსულტაციებში მონაწილეობის მსურველი ჩვენი მოქალაქეების წინასწარი ჩაწერა.

აგრეთვე მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ბევრ სასიკეთო და საინტერესო პროექტს ვგეგმავთ, რომელზეც ახლა ვმუშაობთ და დროთა განმავლობაში მოგახსენებთ.


რა სიტყვით მიმართავდით ქართულ ემიგრაციას, რომელიც ჯერჯერობით კარგად არ გიცნობთ. იქნებით თუ არა მათი ინტერესების დამცველი?

მინდა გადავცე ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც იმყოფებიან ჩვენი საკონსულო ოლქის ფარგლებში, მე და ჩემი გუნდი მზად ვართ გვერდში დავუდგეთ თითოეულ მათგანს, დავიცვათ მათი ინტერესები და განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კეთილდღეობას. 

 

georgians.gr
27/11/20