fbpx
კატეგორიის გარეშე

რომელ ქვეყნებში იღებენ აშშ-ის საიმიგრაციო ვიზას ყველაზე ხშირად – რეიტინგი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილისათვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა სახელმწიფოების მხრიდან უარყოფით გამოხმაურებას იწვევს, აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად მაინც ათასობით ამგვარ ვიზას გასცემს.

სტატიიდან შეიტყობთ, თუ რომელი ქვეყნების მოსახლეობა იღებს შეერთებული შტატების საიმიგრაციო ვიზას ყველაზე ხშირად. მონაცემები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს ანგარიშებს ეფუძნება.

აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზის გაცემა ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. აშშ-ში იმიგრაციის პროცესი სწორედ ვიზის გაცემით იწყება. ამერიკაში მუშაობისა და ცხოვრების მსურველები ქვეყანაში შესვლის უფლებას ამგვარად იღებენ. აღსანიშნავია, რომ არსებობს ორი კატეგორიის ვიზა: საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო.

არასაიმიგრაციო ვიზა დროებითი სამსახურებრივი საქმიანობის ან სამოგზაურო მიზნებისათვის გაიცემა. სამსახურებრივი მიზნით ამგვარი ვიზის მიღება ვადით იზღუდება და არ წარმოადგენს მწვანე ბარათის ან მოქალაქეობის მიღების წინაპირობას. არასაიმიგრაციო ვიზას ტურისტული მიზნებით მოგზაურთა გარდა იღებენ პრესის წარმომადგენლები, დიპლომატიური წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის სამხედრო პერსონალი, სპორტსმენები და სხვა.

რაც შეეხება საიმიგრაციო ვიზას – ისიც ორგვარია: სამუშაო საფუძვლის მქონე ან ოჯახური საფუძვლის მქონე. განსხვავება კი ის არის, რომ საიმიგრაციო ვიზის მიღმა აშშ-ში მუდმივად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვების შესაძლებლობა დგას. ეს უკანასკნელი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მწვანე ბარათის ან მოქალაქეობის მიღების სახით ხდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ წელს 285,000 საიმიგრაციო ვიზა გაიცა. მათგან ყველაზე მეტი, 40,597 მექსიკის მოქალაქეებმა მიიღეს. აშშ-ის მიერ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული საიმიგრაციო ვიზების რეიტინგში მეორე ადგილზე 18,501 გაცემული ვიზით ჩინეთი იმყოფება. სიაში მესამე პოზიციაზე მოხვდა დომინიკის რესპუბლიკა (17,941). რაც შეეხება ხუთეულს, მას ფილიპინები (15,862) და ავღანეთი (10,784) ავსებენ.

საინტერესო, რომ აშშ-ის მეზობელი კანადის მოქალაქეებზე გასულ წელს მხოლოდ 1,464 ვიზა გაიცა და მან რეიტინგში 43-ე ადგილი დაიკავა. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ რეიტინგის ტოპ-25-ში მხოლოდ ერთი ევროპული ქვეყანა, უკრაინა ხვდება. 2021 წლის განმავლობაში, რუსეთის შეჭრამდე უკრაინელებმა 3,019 საიმიგრაციო ვიზა მიიღეს.

მძიმე პოლიტიკური ვითარების მქონე ქვეყანათაგან ყველაზე ცოტა, მხოლოდ 8 ერთეული ვიზა ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებმა მიიღეს.

რაც შეეხება საქართველოს, 2021 წლის განმავლობაში აშშ-ის საიმიგრაციო ვიზა საქართველოს 652-მა მოქალაქემ მიიღო. ამ მხრივ ქვეყანა რეიტინგში 65-ე ადგილზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოსახლეობის 15%-ს სწორედ იმიგრანტები შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით აშშ-ში ყველაზე მეტი იმიგრანტი, 50.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკაც ამით აიხსნება. თუმცა, აშშ-ის მთავრობა ვიზების გაცემაში შეზღუდულია. ქვეყანას წელიწადში 700,000 ვიზაზე მეტის გაცემა არ შეუძლია. გარდა ამისა, კვოტები არსებობს კონკრეტულ ქვეყნებზეც. პანდემიის დროს აშშ-ის საიმიგრაციო ვიზის გაცემის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ, 48%-ით შემცირდა.

onalem

ტესტ