fbpx
ემიგრაცია

რამდენი მილიარდია ქართული ემიგრაციის ფულადი გზავნილი?!

ვინ როგორ ითვლის? რეალურად შემცირდა თუ არა უმუშევრობა საქართველოში? რატომ მატულობს საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად წამსვლელთა რაოდენობა და რამდენი მილიარდია ქართული ემიგრაციის ფულადი გზავნილი?

სამსონ ხონელი

ათიოდე დღის წინათ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრობის დონის მაჩვენებლის მონაცემები გამოაქვეყნა. იხარე ერო! აბა, სხვაგვარად როგორ გამოვხატო აღფრთოვანება, როცა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში 2018 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე დაფიქსირდა და  12.7 პროცენტი შეადგინა. ერთი სიტყვით, საქსტატი მიგვანიშნებს, რომ ჩვენში სამუშაო ადგილები იქმნება და უმუშევრობის დონეც კლებულობს. დარწმუნებული ვარ, ჩემი არ იყოს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც მოულოდნელი იყო. სხვა ახლა საკითხავია, ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ იმას, რასაც ადვილად ითვლის საქსტატი? არ მინდა დავიჯერო, რომ დაუნახავები ვართ… არადა, ხომ ფაქტია, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, წლიდან წლამდე, მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა! ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გასული წლის დეკემბრში ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალში უმუშევრობას უკვე პირველ ნომრად ასახელებს, ხოლო 62 პროცენტი კი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს… ვის გინდა კაცმა, რომ დაუჯერო?!

საქსტატი კიდევ ერთ პოზიტიურ ცვლილებას აფიქსირებს. უწყების ინფორმაციით, 2018 წელს დასაქმებულთა მთლიან რიცხოვნობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. კერძოდ, გასული წლის მეოთხე კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.7 პროცენტს შეადგენდა, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა წილი დასაქმების მთლიან მაჩვენებელში 51.3 პროცენტია.

„ცვლილება პოზიტიურია, რადგან დაქირავებით დასაქმებული 2.0-2.5-ჯერ მეტ ღირებულებას ქმნის თვითდასაქმებულთან შედარებით, არსებითად გაუმჯობესდა დასაქმების სტრუქტურაც და ახლა ის დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის აბსოლუტური ზრდის ექვივალენტურია, თითქმის 50 ათასი თვითდასაქმებულით…“ − ასეთია ეკონომისტის, სოსო არჩვაძე.

უმუშევრობის დონის მაჩვენებლის შემცირება სასიხარულო ამბავია. თუმცა, უნდა აღნიშნოს ის ფაქტი, რომ 2018 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. დაიკლო თავად დასაქმებულთა რაოდენობამაც. იმავე საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს თორმეტი ათასი ადამიანით ნაკლები დასაქმებული იყო, ვიდრე − 2017 წელს. სტატისტიკური მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოდ პროცენტულ ჭრილში არის გამოხატული. ეს კი რეალურ სურათს არ ასახავს. შესაბამისად, უნდა ითქვას, უმუშევრობის დონის ისტორიული მინიმუმის დაფიქსირება ერთგვარად რიცხვებით თამაშია. უმუშევრობის შემცირების მიზეზი დინამიური ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს და არა ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის კლება.

საგულისხმოა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადება, რომლის თანახმადაც, 2025 წლის ჩათვლით, ქვეყანაში ყოველწლიურად დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. საამისოდ, როგორც უწყების ხელმძღვანელი ამბობს აუცილებელია საექსპორტო პოტენციალის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება და კადრების გადამზადება.

გამოწვევა დიდია. მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. ამ ფონზე საციცხლოდ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის შემცირება, რაც შესაძლებელია არა რიცხვებით თამაშით, არამედ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით. ვნახოთ რა მოჰყვება ქვეყნის პირველი ეკონომისტის მცდელობას, იქცევა თუ არა სიტყვა საქმედ…

ვიდრე საქსტატი ითვლის, ხოლო ხელისუფლება სამუშაო ადგილების შექმნის პირობას იძლევა, ქართველები სამუშაოს საძიებლად უცხოეთში მიდიან.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” სავალალო მონაცემებს აქვეყნებს, მათი ინფორმაციით, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიწოდებულ ცნობას ეყრდნობა, საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დიასპორა 1.607.000 ადამიანს აღწევს.

საგულისხმოა, რომ არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800.000 ათასს აღწევს, მათგან მეოთხედზე მეტი 2009 წლის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. შემდეგია საბერძნეთი 250 ათასიანი დიასპორით, მესამე ადგილზე უკრაინაა – 150 ათასი ადამიანით. თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან: თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, აზერბაიჯანი, ესპანეთი, გერმანია. დიასპორის სიმცირით კი გამოირჩევა ავსტრალია, იაპონია, ყირგიზეთი და ლიტვა…

ანალიტიკოსები უკვე დიდი ხანია აცხადებენ, რომ ემიგრანტული ეკონომიკური საქმიანობა სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი „მიმართულებად“ ჩამოყალიბდა. კერძოდ, ემიგრანტების გადმორიცხული თანხებით უამრავი ქართული ოჯახი საზრდოობს და როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ქვეყნის გარეთ გასული იმ დიდი ინტელექტუალური და არამხოლოდ ინტელექტუალური რესურსით დღეს ქართული რეალობის ფორმირება გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ეს ადამიანები საკუთარ ქვეყნაში რომ ახერხებდნენ თვითრეალიზაციას, ქართული ეკონომიკა განვითარების სულ სხვა საფეხურზე იქნებოდა. ძნელია არ დაეთანხმო მოსაზრებას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეკონომიკური სექტორი თვითრეალიზაციის შესაძლებლობას თავად უნდა იძლეოდეს.

საინტერესოა ქართველი ემიგრანტების ფინანსური გზავნილების მოცულობის დინამიკა ბოლო წლების მიხედვით.

·      2012 წელი − 1.334 მილიარდი აშშ დოლარი;

·      2013 წელი – 1.477 მილიარდი აშშ დოლარი;

·      2014 წელი – 1.440 მილიარდი აშშ დოლარი;

·      2015 წელი – 1.079 მილიარდი აშშ დოლარი;

·      2016 წელი – 1.153 მილიარდი აშშ დოლარი;

·      2017 წელი 1.387 მილიარდი აშშ დოლარი;

·      2018 წელი 1.579 მილიარდი აშშ დოლარი;

·      2019 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში გადმორიცხულია  115 მილიონ დოლარზე მეტი.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის გზავნილებზეც გარკვეულწილად დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დოლართან მიმართებით. ლარის გაუფასურება როგორც წესი, მყისიერად აისახება ქვეყანაში მიმდინარე ფასების სტაბილურობაზე.

მასშტაბი, როგორც მონაცემებიდან ჩანს, საკმაოდ დიდია. ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება და მათი დასაქმება ადგილობრივ ბაზარზე, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესში შედის. რამდენად ახერხებს ამას საქართველო, სხვა საკითხია. თუმცა, რომ არა ემიგრანტების ძალისხმევა და მათი გადმორიცხული მილიარდები, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დადგებოდა ეკონომიკური პრობლემების წინაშე.

 

წყარო: www.sputnik-georgia.com

onalem

ტესტ