fbpx
კატეგორიის გარეშე

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა წერილი გაუგზავნეს თბილისში გერმანიის ელჩს

გერმანიაში მცხოვრებმა ასამდე ქართველმა 3 მარტს წერილი გაუგზავნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ კნირშს. წერილში, რომელიც ასეა დასათაურებული – „ოლიგარქისადმი მიდგომამ დღემდე მცირე შედეგი გამოიღო“, მისი ავტორები გამოხატავენ იმედგაცრუებას, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია ირყევა და განსაცდელის წინაშეა, ხოლო სამართლებრივი „სახელმწიფო შეუჩერებლად იხევს უკან ძალადობის სასარგებლოდ“.

წერილზე ხელისმომწერები თვლიან, რომ „იშვიათად შეუცვლია ჩვენი ქვეყანა ასე ძირეულად რამეს, როგორც ბოლო ცხრა წელიწადში გააკეთა ეს ოლიგარქიულმა მთავრობამ“. გერმანიის ელჩისთვის მიწერილ წერილში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა „საარჩევნო უწყების, პროკურატურის და სასამართლოების თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევა“. ამით, განაგრძობენ ისინი, „მან მიაღწია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას“ დაპატიმრებას.

ავტორები წერილისა, რომელიც მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ინიციატივით შეიქმნა, ელჩს მიმართავენ: მათ ახარებთ, რომ საქართველოს პარტნიორების და მეგობრების მხრიდან მძაფრი კრიტიკა ისმის მელიას დაკავების გამო, მაგრამ თვლიან, რომ „საჭიროა უფრო ზუსტი ნაბიჯები“. გერმანიაში მცხოვრები ქართველების ჯგუფის წერილში წაიკითხავთ, რომ 1 მარტს ოპოზიციური პარტიების და მთავრობის შეხვედრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით „განმუხტვა ვერ მოიტანა“ და ისინი სთხოვენ გერმანიის ელჩს, „აშკარა სიგნალი გაუგზავნოს, ცხადი სიტყვები მოძებნოს და საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს, იკისროს შეთანხმების შესრულების ვალდებულება“.

წერილში, რომელშიც დიდი იმედია გამოთქმული გერმანის ელჩის მხარდაჭერის მიმართ, ბოლოს წაიკითხავთ, რომ სხვა შემთხვევაში ოლიგარქის და მისი მომხრეების მიმართ უნდა გამოითქვას და დაწესდეს სანქციები.

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გერმანიაში მცხოვრები ქართველების 2021 წლის 3 მარტის მის მიმართ გამოგზავნილ ღია წერილს უპასუხა:

“პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული ვარ, რომ თქვენ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენთაგანს სამსახურებსა და ცხოვრებაში საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში.

საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოკრატიული განვითარება გერმანიის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საქართველო, როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ მიმავალ გზას ადგას.

ამიტომ პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში შეშფოთებით ვუყურებთ და მოვუწოდებთ პარტიებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ფარგლებში ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მუდამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში დარჩნენ. გასულ წელს ფასილიტატორის რანგში ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, სადაც პარტიები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საარჩევნო სისტემაში.

რა თქმა უნდა პატივს ვცემ თქვენ პოლიტიკურ ხედვას, მაგრამ იგივე პატივისცემას იმსახურებს ასევე თქვენი იმ თანამემამულეების პოზიცია, რომლებმაც ახლანდელი მმართველი პარტია აირჩიეს. ეს უნდა გახსოვდეთ, როდესაც დამამცირებლად საუბრობთ „ოლიგარქიულ მთავრობაზე“.

იმ საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, როგორც პარტნიორებს გაგვაჩნია, ჩვენ მთელი ძალისხმევით დავუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს დახვეწას. მე ვხედავ, რომ ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ამ მიზანს ყურადღებით ეკიდება და ღიაა ჩვენი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასაზიარებლად.

დიდ იმედებს ვამყარებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამედიაციო მისიაზე, რომელსაც მხარს ვუჭერთ. გასულ დღეებში მან უკვე თავისი წვლილი შეიტანა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაში.

ამასთან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ვერ აშენდება და მოქმედი ვერ გახდება. ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ და ამ დროს, თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის საერთო რამ, რაც ყველა დემოკრატს ერთმანეთთან აკავშირებს.

გულითადი მოკითხვებით სამშობლოდან

ჰუბერტ ქნირში
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკი ელჩი
საქართეველოში”