საქართველომ ათენში საბერძნეთის ეროვნული გუნდი 72:71 დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრები „აკროპოლისის თასის“ გათამაშებაში ჩაება. ილიას ზუროსის პირველი მეტოქე საბერძნეთის ეროვნული გუნდი გახლდათ, რომელიც წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი და ფავორიტია. ქართველებმა ღირსეულად ითამაშეს ძლიერ მეტოქესთან და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს 72:71.

საქართველოს ნაკრებს ჰქონდა კარგი მომენტები და ჰქონდა ჩავარდნები. ეს მატჩი უდაოდ ძალიან დადებითი იყო ჩვენი გუნდისთვის. ძლიერ მეტოქესთან, მისსავე მოედანზე ასე ღირსეულად ასპარეზობა ნამდვილი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი პერიოდი აღმავლობით მიმდინარეობს და როცა ევროპის ჩემპიონატამდე პროგრესს კიდევ განიცდის.

პირველი პერიოდის 10 ქულით (8:18) წაგების შემდეგ ილიას ზუროსის როტაციამ გაამართლა და ქართველებმა მეორე მეოთხედში მოახერხეს ჩამორჩენის მნიშვნელოვნად შემცირება. ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც პირველ ტაიმში 15 ქულა ჩააგდო, ხოლო მე-3 პერიოდში მას თორნიკე შენგელიამაც აუბა მხარი და ქართველებმა ლიდერობა მოიპოვეს. უროსის გუნდი 4 ქულით ორჯერ იგებდა – 41:37 და 47:43, თუმცა მესამე ათწუთეულის ბოლოს მხოლოდ ერთქულიანი ლიდერობა შერჩა – 53:52.

მეოთხე პერიოდი მასპინძლებმა შედეგიანად – 7:0 გაქცევით დაიწყეს და 59:53 დაწინააურდნენ. დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო ქართველები 9 ქულით – 56:65 ჩამორჩნენ, თუმცა მაინც არ გატყდნენ და მაიკლს დიქსონის, მანუჩარ მარკოიშვილის, თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინის მექულეობით ჩამორჩენა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 2 ქულამდე შეამცირეს – 67:69.

დასკვნით წუთბში ქართველებმა მობილიზებულად ითამაშეს. თორნიკე შენგელიამ ჯერ მნიშვნელოვანი ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ გიორგი ცინცაძემ საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე დამაწინაურებელი სამიანი მიითვალა – 72:71. ბოლო შეტევაში ქართველებმა კარგად დაიცვეს თავი და გიორგიოს პრინტეზისის აცილებული ბურთის მერე ქართველებმა გამარჯვება გაიფორმეს.

აღსანიშნავია, რომ 17 ათასიანი O.A.K.A. არენაში 3 ათასამდე მაყურებელი შეგროვდა, რომლებშიც ქართველები უმეტესობა არ იყვნენ, თუმცა შეძახილებით უფრო ომახიანად ამხნევებდნენ ჩვენებს, ვიდრე ბერძნები საკუთარ ნაკრებს. ქართველი ემიგრანტები მრავლად იყვნენ დარბაზში და ჩვენს გუნდს ერთგულებით თავი დაამახსოვრეს.

საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.