fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქართველების მიმართ სომხური პროვოკაცია პირდაპირ ათენის ცენტრში

დღეს, 24 აპრილს, სომეხთა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ათენის ცენტრში, სინტაგმას მოედანზე გამართა ეროვნული ტრაგედიის – თურქების მხრიდან სომხური გენოციდისადმი მიძღვნილი პოლიტიკური აქცია.

აქცია შესაშურ დონეზეა ორგანიზებული: მეტალის კონსტრუქციით აშენებული დიდი პავილიონი, თავისი მყარი ბანერებით, რომელზეც ამ საშინელი ტრაგედიის ამსახველი ფოტო-სურათებია გამოფენილი; ისმის სამგლოვიარო სომხური მუსიკა, ხოლო პავილიონის წინ გასაყიდად გამოტანილი გენოციდთან დაკავშირებული თემატური წიგნები, ფლაიერები, რომლებსაც ხალხმრავალი სინტაგმის გამვლელებში ავრცელებენ სომხური მხარის წარმომადგენლები.

ძალიან სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ სტენდზე დაფიქსირებულია სავალალო უზუსტობა (თუ შეცდომა ?!), რომელიც მთელი აქციის მიმართ თანაგრძნობის მიუხედავად, პარალელურად, დიდი უნდობლობით განგაწყობს. კიდევ უფრო მეტიც, ის განსაკუთრებით ჩვენთვის ქართველებისათვის, მკვეთრად უარყოფითად აღიქმება: ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახულია სომხეთის ისტორიული რუქა, რომლის მიხედვითაც სომხეთის საზღვრები საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილს, თბილისის ჩათვლით, მოიცავს.

დღეს დილით, სომეხთა აქციას სრულიად შემთხვევით გაეცნო საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი დიზაინერი, ნინო ლომაშვილი-ლასკარი, რომელმაც მაშინვე მიაქცია ყურადღება ისტორიულ რუქაზე გამოსახულ ამ აბსურდულ მონაცემებს და მძაფრი პროტესტი გამოხატა სომხური მხარის მიმართ. მან შესთვაზა მათ, რომ მხოლოდ ეს რუქა ჩამოეხსნათ, ან გადაეფარათ რაიმე სხვა სურათით.

აქციის ორგანიზატორებმა, სამწუხაროდ ყურად არ იღეს ეს ამბავი და მეტიც, ქალბატონ ნინო სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. მიმდინარე აქციისა და განვითარებული მოვლენების შესახებ, დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს საელჩოს, რომელმაც ადგილზე ვითარების გასაცნობად, ოპერატიულად გამოაგზავნა თავისი ოფიციალური წარმომადგენელი.

სინტაგმის მოედანზე დილიდანვე იმყოფებოდნენ აგრეთვე ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიის“ ხელმძღვანელი, ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე და georgians.gr-ის მიერ მივლენილი ჟურნალისტი.

აღნიშნული ღონისძიების გარშემო ჩვენი დიასპორის მხრიდან შესაძლო მძაფრი რეაქციისა და გაუგებრობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, ქალბატონმა ნ. ლომაშვილმა და ბატონმა ავთ. მიქაბერიძემ გამაფრთხილებელი დოკუმენტით მიმართეს ათენის პოლიციას, სადაც შესაბამისი განყოფილების უფროსთან დაწვრილებით განიხილეს საქმის არსი და მოსალოდნელი პროვოკაციული გართულებები.