მაკა მახარაძე & მისი განთქმული საბალეტო სტუდიის ბავშვები, 2008 წლის შემდეგ, ისევ ეწვივნენ ათენს

მთელი ცხოვრება ბალერინობაზე ვოცნებობდი და ოცნება, ოცნებად დარჩა იქ, შორეულ ბავშვობაში… არ გამოვიდა ჩემგან მაია პლისეცკაია, მაგრამ ბალეტის სიყვარული სრულებით არ გამნელებია. ჰოდა, მე რომ მიყვარს, ასე მგონია, ყველას გიყვართ ეს ულამაზესი ხელოვნება. ამიტომ ვინც ხართ (თუნდაც არ იყოთ) ბალეტის და ცეკვის მოყვარულები, ამ კვირას (23 აპრილს) თავს ძალა დაატანეთ და მაინც წამოდით ძალიან ლამაზ კონცერტზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კლასიკური ბალეტის ნიმუშები, შესრულებული თბილისიდან ჩამოსული, მაკა მახარაძის განთქმული საბალეტო სტუდიის (“ვერის უბნის ტანც-კლასი”) პატარა ბალერინების მიერ.

ათენიდან კი – აქ დაბადებულ-გაზრდილი მათი თანატოლები, ათენის „კავკასიის“ აღსაზრდელები შეასრულებენ ქართული ხალხური ცეკვის ნომრებს.
წამოდით და არ ინანებთ!
კიდევ, მინდა ერთი საკითხი გავანდო ჩვენი დიასპორის ახალგაზრდობას: იცით, ვინ არის ამ პატარა ბალერინების პროფესიული აღმზრდელი? თავად, ქალბატონი მაკა მახარაძე – ცნობილი მოცეკვავე, მსახიობი და პედაგოგია, მაგრამ ასევე ქართულ კულტურში ძალიან დიდი წვლილის მქონე ცნობილი ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი: კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას ქალიშვილი, თემურ ჩხეიძის დაი, ნატა და ანი მურვანიძის დედა.
ქალბატონი მაკა უკვე მეორედ სტუმრობს ათენს. პირველად ის, თავისი სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად, 2008 წლის ნოემბერში ჩამოვიდა, იმ ავადმოსაგონარი სამაჩაბლოს ომის შემდგომ პერიოდში. ჩამოვიდნენ სტუმრები და იმ ნაღვლიან დღეებში, ძალიან თბილი, ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს. მხოლოდ გვაჩუქეს კი არა, ღირსეული მონაწილეობაც მიიღეს საქველმოქმედო აქციებში – “დაეხმარე საქართველოს”, რომელიც იმხანად იმართებოდა. მათ თავიანთი არც თუ მოკრძალებული წვლილი (500 ევრო) შეიტანეს ჩვენთან ერთად იმ ანგარიშზე, რომელიც ომისგან გაუბედურებული სამაჩაბლოს მოსახლეობის დასახმარებლად გროვდებოდა, და რომელიც თანხად, საბოლოოდ 10.000 ევროს გაცდა, და წმ. პანტელეიმონის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, აქციების ხელმძღვანელმა ბატონმა ავთ. მიქაბერიძემ, მამა სინესიოსისა და ჩვენი მაშინდელი კონსულის, ბატონი კოტე საბიაშვილის თანდასწრებით, სახალხოდ გადასცა გორისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტს – მეუფე ისაიას.

მოკლედ, დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და დადებითი ემოციების საღამო გველოდება, და ვისაც სურვილი გექნებათ, შემოგვიერთდით!
რამდენად ვიცი, საღამო ბერძნულად წარიმართება, რათა ბერძნებსაც გავაცნოთ ჩვენი ხელოვნება.
დაპატიჟეთ ქართველები, ბერძნები და უცხოელი მეგობრები თავიანთი ბავშვებითურთ. მითუმეტეს, დასწრება ბავშვებისათვის და სტუდენტებისათვის უფასოა, უფროსებისთვის კი მხოლოდ 5 ევრო. იმდენად იშვიათად ტარდება აქ ბერძნებისთვის მსგავსი ღონისძიებები, რომ ღირს, დავირაზმოთ!

მარინა შონია, ათენელი ემიგრანტი, წარმოშობით სოხუმიდან.