fbpx
ემიგრაცია

თესალონიკში საქართველოს კონსულის, ნოდარ კომახიძის ინტერვიუ ბერძნულ ჟურნალ POLISMAGAZINO-სთან

თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ ინტერვიუ მისცა ბერძნულენოვან ჟურნალ – “POLISMAGAZINO”-ს (იხ. ქართული თარგმანი).

– როგორც თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, რომელ საკითხებზე იქნება თქვენი ყურადღება გამახვილებული როტაციის ვადის განმავლობაში?

ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართულ დიასპორასთან აქტიური ურთიერთობა და თანამშრომლობაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც დიასპორულ ორგანიზაციებთან, ასევე ვცდილობთ მუდმივი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს თანამემამულეებთან, რათა ერთიანი ძალებით შევძლოთ წარმატებული პროექტების განხორციელება.

თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს საქმიანობის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს მოქალაქეებისათვის ხარისხიანი საკონსულო მომსახურების მიწოდება.
ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მე მქონდა შეხვედრები თესალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ჩრდილოეთ საბერძნეთის ექსპორტიორთა ასოციაციის, თესალონიკის სამრეწველო პალატის, ბიზნეს პალატის თავმჯდომარეებთან და სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იყო ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და ბიზნეს კავშირების განმტკიცების პერსპექტივები.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. ქვეყნებს შორის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა ჩვენი საქმიანობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ნოდარ კომახიძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად

-როგორ ფიქრობთ, რა გზით არის შესაძლებელი გაუმჯობესდეს თესალონიკში ქართული სათვისტომოს ცხოვრება?

მინდა გადავცე ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც იმყოფებიან ჩვენი საკონსულო ოლქის ფარგლებში, მე და ჩემი გუნდი მზად ვართ გვერდში დავუდგეთ თითოეულ მათგანს, დავიცვათ მათი ინტერესები და განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ კეთილდღეობას.

– რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქართველ და ბერძენ ხალხებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას?

სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო იქმნება სხვადასხვა პრობლემები მათი განხორციელების გზაზე, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია საშუალებას მოგვცემს, დინამიკურად დავიწყოთ მათი განხორციელება. ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს თესალონიკში საკვირაო სკოლის გახსნა. მინდა მადლობა გადაუხადო თესალონიკის მერს ბატონ კონსტანტინოს ზერვასს, რომელმაც სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოგვიცხადა აღნიშნული პროექტის განხორციელების საქმეში.

აღვნიშნავდი კიდევ ერთ პროექტს, რომელსაც ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო სამედიცინო სფეროში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული პროექტი გულისხმობს ქართველი ემიგრანტებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევას.
თესალონიკში არსებული დიასპორული ორგანიზაციების, ასევე თესალონიკში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების და თეატრალური დასის ჩართულობით დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვა.

ნოდარ კომახიძე “ახალი დემოკრატის” დეპუტატ, დიმიტრის კუველასთან ერთად

– რა სამუშაოს ჩატარებას აპირებთ, თქვენი ქვეყნიდან თესალონიკსა და ხალკიდიკიკში ტურიზმის ხელშესაწყობად?

მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის სათანადოდ წარმოჩენა ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ჩვენ ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. მე მქონდა შეხვედრები ტურიზმის სექტორში მოღვაწე ბერძენ ბიზნესმენებთან. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივი ტურისტული პროექტების და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე. ჩვენ გვინდა გავზარდოთ ტურისტული ნაკადები როგორც საქართველოში ასევე საბერძნეთში.

ვგეგმავთ ქართველი და ბერძენი ტურ-ოპერატორების ვიდეო-კონფერენციის გამართვას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საბერძნეთისა და საქართველოს ტურისტულ სექტორებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

– კორონავირუსის პანდემიამ გაართულა თუ არა თქვენი მუშაობა საბერძნეთში საქართველოს გენერალური კონსულის რანგში?

პასუხი: პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენა. ამ მიზნების საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური წარმომადგენლობები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. პანდემიის გამო ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში ჩაიკეტა საზღვრები და გართულდა გადაადგილება, რამაც ჩვენი მოქალაქეები მძიმე ვითარებაში ჩააგდო. ჩვენ ყველა ერთად, მთელი მსოფლიო აღმოვჩნდით სრულიად ახალი, რთული გამოწვევის წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე ჩამოსვლის დღიდან ვაგრძელებ ჩვენი თანამემამულეების გვერდში დგომას და დახმარებას. ჩვენი გენერალური საკონსულოს გუნდი სისტემატურად უკავშირდება ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებს. ვცდილობთ, გამოვუცხადოთ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. ასევე გვაქვს კავშირი იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც ისინი მკურნალობენ. აქვე, მადლობა მინდა გადაუხადო ბერძენ ექიმებს, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გაწიეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.

ნოდარ კომახიძე ცენტრალური მაკედონიის გუბერნატორთან, აპოსტოლოს ძიძიკოსტასთან ერთად

– რა ვითარებაა საქართველოში პანდემიის მხრივ? საბერძნეთთან შედარებით მიმდინარეობს თუ არა მოსახლეობის უფრო სწრაფი ვაქცინაცია?

პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობამ COVID -19 საბრძოლველად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა. ქვეყანაში პანდემიის საფრთხის შემცირებისაკენ მიმართულ გადაწყვეტილებებს მედიცინის მუშაკებთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით და საზოგადოებასთან კოორდინაციით ღებულობენ. ამ დროისთვის საქართველოში პანდემიის კუთხით სტაბილური ვითარებაა. გარკვეული შეზღუდვები ისევ მოქმედებს, თუმცა ეკონომიკის დიდი ნაწილი გახსნილია. ჩვენ ვსწავლობთ თანაცხროვრებას კორონავირუსთან ერთად.
საქართველოში ვაქცინაცია საბერძნეთთან შედარებით გვიან დაიწყო. ხორციელდება ფართომაშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რათა მოხდეს მოსახლეობის დარწმუნება ვაქცინაციის სარგებლიანობაში.

– რას მიიჩნევთ განსაკუთრებულად საბერძნეთში?

ჩემთვის განსაკუთრებულია ის სითბო და სიახლოვე რაც ბერძენ და ქართველ ხალხებს შორის არსებობს. ყოველივე განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ხალხებს შორის მეგობრული და მდიდარი კულტურული ურთიერთობები ათასწლეულებს ითვლის. საბერძნეთი საქართველოს მსგავსად მართლმადიდებლური, ერთმორწმუნე ქვეყანაა, რაც კიდევ უფრო აახლოებს ჩვენ ხალხებს.

– ყველაზე მეტად რა ან ვინ გენატრებათ სამშობლოდან?

ყველაზე მეტად მენატრება ჩემი შვილი, რომელიც საქართველოში განაგრძობს სწავლას და ამიტომ ჯერ არ ჩამოსულა საბერძნეთში.

– საბერძნეთში რომ არ იმყოფებოდეთ, რომელ ქვეყანაში იგრძნობდით თავს ყველაზე კარგად?

მე ვარ დიპლომატი და სხვადასხვა ქვეყნებში მიწევს ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.

– პოლ ვალერიმ თქვა “ჩვენი დროის პრობლემა ის არის, რომ მომავალი აღარ არის ის, რაც ადრე იყო”. თქვენი აზრით ვის ეკუთვნის მომავალი?

როგორი იქნება ხვალინდელი დღე დიდ წილად დამოკიდებულია იმ ადამიანების განათლებაზე, რომლებიც სწორედ ახლა სწავლობს კითხვას.

– დაუვიწყარი ფრაგმენტი ცხოვრებიდან, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ და რომელია ყველაზე ლამაზი მოგზაურობა რომელიც გქონიათ?

ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი და ბედნიერი მომენტი იყო ჩემი შვილის დაბადება და ის წუთი, როცა პირველად დავინახე. ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება.

მოგზაურობას რაც შეეხება, ეს იყო ჩემი პირველი ჩასვლა იერუსალიმში, როცა საშუალება მომეცა აღდგომას ბრწყინვალე დღესასწაულს შევხვედროდი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში და მენახა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის სასწაული.

– თუ მოგიწევდათ თქვენი ცხოვრების მუსიკალურად გაფორმება, რომელ სიმღერას აირჩევდით?

ჩემს ცხოვრებას ალბათ ყველაზე მეტად მიესადაგება ცნობილი ქართველი მომღერლის ნიაზ დიასამიძის სიმღერა „ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს“.

ნოდარ კომახიძე ქალიშვილთან, ელენე კომახიძესთან ერთად

 – როგორია თქვენი მოსაზრება სალონიკში ყოველდღიური ცხოვრების რიტმთან დაკავშირებით და რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ქალაქში?

ჩემი თესალონიკში ჩამოსვლა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, რის გამოც საბერძნეთში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩემთვის ცოტა რთულია ვისაუბრო ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმთან დაკავშირებით. მაგრამ ვიცი, რომ თესალონიკი ცოცხალი და ხალხმრავალი ქალაქია. მინდა ავღნიშნო, რომ თესალონიკი არის ქალაქი, სადაც გვხვდება მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა. თესალონიკის მოედნები და ქუჩები გარსშემორტყმულია უძველესი შენობებით, რომლებიც ისტორიული წიგნის ილუსტრაციებს მოგვაგონებს. მე მოვინახულე ქალაქის ღირსშსანიშნაობები ”თეთრი კოშკი”, უძველესი აგორა, ქალაქის უძველესი ციხე სიმაგრე, ტრიუმფალური თაღი, წმ. დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი, წმ. სოფიას ბაზილიკა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ანა პოლი, სადაც შესაძლებელია სეირნობა ვიწრო ქუჩებში, სუვენირების ყიდვა და სალონიკის პანორამული ხედებით დატკბობა.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ თქვენი აზრი ცოტა ხნის წინ გამართულ საბერძნეთი-საქართველოს ეროვნული ნაკრებების თამაშთან დაკავშირებით?

მე ვფიქრობ, რომ ორივე გუნდმა ძალიან ლამაზი თამაში გვაჩვენეს. ჩვენმა გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, რომ ვითარდება და ძლიერდება. იმედი გვაქვს, რომ დიდ წარმატებას მივაღწევთ მომავალში.

ნოდარ კომახიძე თესალონიკის მერთან, კონსტანტინოს ზერვასთან ერთად

onalem

ტესტ