fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის ცალსახა პოზიცია! მიცოტაკი მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას

საბერძნეთი ცალსახა პოზიციას აფიქსირებს რუსეთთან მიმართებაში. სამთავრობო წყაროების თანახმად, საბერძნეთი მხარს უჭერს რუსეთის გამოთიშვას SWIFT-დან.

როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღება მხოლოდ დროის საკითხია, ვინაიდან გერმანია და უნგრეთი, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობდნენ, როგორც ჩანს, აზრს იცვლიან.

რა არის SWIFT?!

მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება, ანუ SWIFT 1973 წელს, ბელგიაში დაარსდა. ის შუამავალი და ფინანსური ტრანზაქციების შემსრულებელია ბანკებს შორის, მთელ მსოფლიოში. მას ბელგიის ეროვნული ბანკი სხვა მსხვილ ცენტრალურ ბანკებთან პარტნიორობით ზედამხედველობს. მათ შორის არიან: აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, ინგლისის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი.

აღსანიშნავია, რომ SWIFT ბანკინგის სისტემაა, თუმცა ტრადიციული ბანკის კონცეფციისგან შორსაა — ის უშუალოდ ტრანზაქციებით არაა დაკავებული. ამის ნაცვლად, ის ფუნქციონირებს, როგორც უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც აკავშირებს 200-ზე მეტი ქვეყნის 11 000 ფინანსურ ინსტიტუციას. ის ატყობინებს ბანკებს ტრანზაქციების განხორციელების შესახებ. მაგალითად, ამერიკულ ბანკებს აქვს უნიკალური SWIFT კოდი, რომელსაც მომხმარებლები იყენებენ შემომავალი საბანკო გადარიცხვებისთვის აშშ დოლარში.

2021 წელს SWIFT-მა დღიურად საშუალოდ 42 მილიონი შეტყობინება გააგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა იყო.

SWIFT-ის გადახდები ქსელის მეშვეობით ხორციელდება. SWIFT თითოეულ ბანკს 8 ან 11 სიმბოლოსგან შემდგარ კოდს ანიჭებს, რომელიც ბანკის იდენტიფიკატორის სახელითაა ცნობილი. ეს უნიკალური ID კოდი კი აერთიანებს როგორც ბანკის სახელს, ასევე ქვეყანას, ქალაქსა და ფილიალს.

მოკლედ რომ ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნის ბანკებსა და შესაბამისად, მომხმარებლებს შორის ფულის უსაფრთხო მიმოცვლაში SWIFT მონაწილეობს და ამ ოპერაციების განხორციელება მის გარეშე თითქმის შეუძლებელია.

რა გავლენას მოახდენს რუსეთზე SWIFT-იდან გათიშვა?

შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის რუსეთის SWIFT ფინანსური სისტემიდან გამორიცხვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფინანსური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მათ ოდესმე შეეძლოთ ან შეუძლიათ. ეს გამოუსწორებლად დააზარალებს რუსეთის ეკონომიკას და ამას ექნება როგორც მყისიერი გავლენა, ასევე მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეს ნაბიჯი რუსეთს ჩამოაშორებს საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებს და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ რუსეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ფულის მიმოცვლის კუთხით. ის ვეღარ მიიღებს ისეთ ფინანსურ ტრანზაქციებს, როგორსაც ნავთობისა და გაზის წარმოებიდან/ექსპორტიდან, მოგების სახით იღებდა. ეს კი რუსეთის, როგორც ქვეყნის შემოსავლის 40%-ზე მეტს შეადგენს.

“თუ რუსეთი SWIFT-ს გამოეთიშება, ჩვენ ვერ მივიღებთ [უცხოურ] ვალუტას, ასევე მყიდველები, უპირველეს ყოვლისა კი ევროპული ქვეყნები ვერ მიიღებენ ჩვენს პროდუქციას, როგორიცაა ნავთობი, გაზი, ლითონები და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები”, — ჯერ კიდევ იანვარში ამბობდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერი, ნიკოლაი ჟურავლევი.

SWIFT-იდან რუსეთის “გათიშვა გამოიწვევს ყველა საერთაშორისო ტრანზაქციის შეწყვეტას, ვალუტის ცვალებადობასა და კაპიტალის მასიურ გადინებას”, — წერდა ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი, მარია შაგინა გასულ წელს, Carnegie Moscow Center-ისთვის დაწერილ სტატიაში.

SWIFT-იდან რუსეთის გათიშვა 2014 წელსაც განიხილებოდა, როცა ქვეყანამ უკრაინის ნაწილის — ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ ამ განხილვაზე რუსეთის საპასუხო რეაქცია მწვავე იყო — ქვეყანამ განაცხადა, რომ SWIFT-იდან მისი გაძევება ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. 2014-ში, რუსეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის შეფასებით, SWIFT-ის დატოვება ქვეყანას ეკონომიკის 5%-იან ვარდნად დაუჯდებოდა. დასავლელმა მოკავშირეებმა ამ იდეის შესრულებაზე მაშინ უარი თქვეს. ამ აშკარა საფრთხის წინ დადგომის შემდეგ რუსეთი საკუთარ ფინანსური ტრანსფერის სისტემის შექმნაზე მუშაობდა, თუმცა, ვერც ისე წარმატებულად.

SPFS-ის სახელით ცნობილ გადახდის სისტემაზე ქვეყანამ მუშაობა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ახლა მას 400 მომხმარებელი ჰყავს. შიდა ტრანსფერების 20% რუსეთში სწორედ SPFS-ის დახმარებით ხდება, თუმცა შეტყობინებების ზომა შეზღუდულია, ისევე, როგორც ოპერაციები დროის ჭრილში. მსგავსი სისტემა აქვს ჩინეთსაც — CIPS, რომელიც შეიძლება SWIFT-ის ალტერნატივად გამოდგეს რუსეთისთვის, ასევე, ქვეყანამ შეძლება კრიპტოვალუტების გამოყენების გზასაც მიმართოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ SWIFT-იდან გარიცხვის შემთხვევაში, ამ სამი ვარიანტიდან ვერცერთი დაეხმარება რუსეთს ევროკავშირის ქვეყნებში ნედლეულის ექსპორტის შესანარჩუნებაში (თუ ამ სისტემების გამოყენებას ევროპული ქვეყნები არ დაიწყებენ).

აქამდე, 2012 წელს, ბირთვული პროგრამებიდან გამომდინარე, SWIFT-ს ირანი გამოთიშეს. ეს აშშ-ის ინიციატივით მოხდა. შედეგად, ირანმა ნავთობის ექსპორტის შემოსავლის თითქმის ნახევარი დაკარგა. თუმცა, რუსეთის გარიცხვა SWIFT-იდან დიდ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკას, არამედ სხვა ქვეყნების ფინანსურ მდგომარეობასაც. ეს ეხება აშშ-სა და მის მოკავშირე გერმანიასაც.

 

 

onalem

ტესტ