fbpx
საბერძნეთი

როდის ჩაირიცხება საბერძნეთში საშობაო საჩუქარი?! – იზრდება სოციალური შემწეობაც

შობის  დღესასწაული ახლოვდება და კერძო სექტორის თანამშრომლებს შეეძლებათ, რომ ოჯახებში გარკვეული ფინანსური პრობლემები მცირედით მაინც შეიმსუბუქონ.

მოქმედი კანონმდებლობით, საბერძნეთში კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს დამსაქმებლებმა საჩუქარი არაუგვიანეს 21 დეკემბრამდე უნდა ჩაურიცხონ. თანხის გადაუხდელობა კანონდარღვევაა და ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას, თუკი თანხას არ მიიღებს.

ამას გარდა, საშობაო საჩუქრის მიღების უფლება აქვთ სუბსიდირებულ უმუშევრებსაც, ანუ მათ, ვინც ΟΑΕΔ-ის პროგრამის მიხედვით დასაქმდა და მათი ხელფასის ნაწილს სახელმწიფო იხდის.

საჩუქრის (თანხის) რაოდენობა განისაზღვრება დასაქმებულთა ანაზღაურების მეთოდით და სამუშაო პერიოდით, ანუ იღებენ თანხას დღიურად თუ თვიურად, გაანგარიშების პერიოდი კი, არის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ წელს.

ერთი თვის მთლიანი ხელფასის საჩუქრად მიღების უფლება აქვთ მათ, ვინც ოფიციალურად მუშაობს 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 25 დღის თანხა უნდა მიიღონ მათ, ვინც ხელფასს დღიურად იღებს.

რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც თანამშრომელი ან თავად ტოვებს სამსახურს 31 დეკემბრამდე, ან ხელმძღვანელობა ათავისუფლებს, მათაც აქვთ უფლება მიიღონ კანონითა და ნამუშევარი პერიოდით განსაზღვრული საჩუქარი.

აღსანიშნავია, რომ სააღდგომო საჩუქარი ეხებათ მხოლოდ მათ, ვინც მუშაობს ოფიციალურად, ანუ კონტრაქტით. დამსაქმებელი მხოლოდ ამ შემთხვევაშია ვალდებული დაგირიცხოთ შესაბამისი თანხები ანგარიშებზე.

2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან საბერძნეთში მინიმალური სოციალური სოლიდარობის დახმარება, იგივე ΚΕΑ, იზრდება. ამის პარალელურად, იზრდება კრიტერიუმებიც, რომლებსაც ბენეფიციარები მათ მისაღებად უნდა აკმაყოფილებდნენ.

ეს ნიშნავს, რომ დახმარების თანხა, რომელიც ამ დრომდე 200 ევროს შეადგენდა, 1-ლი დეკემბრიდან 216 ევრო იქნება, ხოლო გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, ვინც ამ დახმარებას აიღებს, რადგან იზრდება მაქსიმალური შემოსავლის ზღვარიც.

ამრიგად, 6 თვის შემოსავალი 1 სულზე თუ უნდა ყოფილიყო 1,200 ევრო, რათა დახმარება მიეღო, ახლა იზრდება 1,296 ევრომდე. რაც შეეხება ორსულიან ოჯახს, იქნება ეს ორი ზრდასრული წევრი თუ ერთი მშობელი და ერთი არასრულწლოვანი ბავშვი, 6 თვის შემოსავლის ზღვარი 1,800 ევრო იყო, ხოლო ახლა იზრდება 1,944 ევრომდე.

თუ საუბარია ოჯახზე, რომელიც უფრო მეტი წევრისგან შედგება, ამ შემთხვევაში ზღვარი იზრდება 2,100 ევროდან 2,268 ევრომდე.

 

onalem

ტესტ