fbpx
ემიგრაციული სიახლეები

“დედა ემიგრაციაშია და ბებომ გამზარდა…” – ყველაზე საყვარელი ბებია-შვილიშვილის ამბავი

ეს პეპია – ერთი ძალიან კარგი გოგონა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი სოფიო ტუსიშვილია. ის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერია და მასავით ფერად გარემოს ქმნის თავის გარშემო (იხილეთ პეპილოტას დიზაინით შექმნილი ბინები). პეპის ძალიან საყვარელი ბებო ჰყავს – ლილი ყენია. სწორედ ბებოსთან ერთად ცხოვრობს სრულ ჰარმონიაში, უვლის, მასზე ზრუნავს და ალბათ სამაგალითოცაა ბევრი ახალგაზრდისთვის მისი ეს დამოკიდებულება უფროსი თაობის ადამიანის მიმართ.
პეპი და მისი ბებო კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რამდენად ძვირფასია ბებიისა და შვილიშვილიშვილის ფენომენი და რამდენად სჭირდებათ ჩვენს ხანში შესულ ოჯახის წევრებს ჩვენი სითბო და ყურადღება…

ახლოს გავიცნოთ პეპილოტა და მისი ლილი ბებო:

– ბევრი წელია ბებოსთან ერთად ვცხოვრობ, დედა დიდი ხანია ემიგრაციაშია, რამდენიმეწლიანი ინტერვალებით ბრუნდება და ბებომ და მამამ გამზარდეს…  მართლა ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემზე გაწეული, პირველი შვილიშვილი ვარ და სულ გათამამებული ვყავდი…. დავყავდი წრეებზე, სკოლაში მეცხრე კლასამდე მივყავდი და მოვყავდი. ბანკეტზეც ბებო იყო, ექსკურსიებზეც, ძალაინ ცოცხალი და ხალისიანი ადამიანია და ყველა ყოველთვის ნატრულობდა ხოლმე მასთან ურთიერთობას…

ყველა ჩემი მეგობარს უყვარდებოდა ხოლმე ეგრევე. საოცარ საჭმელებს ამზადებდა, მურაბებს და კომპოტებს და უმასპინძლდებოდა, ღვინით, ლიქიორით, თავისი გაკეთებულით. ერთი დღე არ მახსოვს უსაქმოდ მყოფი, სულ ფუსფუსებდა და სულ კარგ განწყობას ქმნიდა… სადღაც 3წელი მქონდა შუალედი, როცა არ ვცხოვრობდი მასთან,  ცალკე ვიყავი და ამ წლის აპრილში, აღდგომის დღეს გარეთ ჩასული წაქცეულა და მენჯი მოუტეხავს.

დაგვირეკეს მეზობლებმა, მოვვარდით და მოკლედ, ისე მოხდა, რომ სრული ნარკოზით გაუკეთეს 84 წლის ქალს მენჯის ოპერაცია და ისე მოტყდა, ოპერაციის მერე რომ შევედი, გული გამისკდა –  საერთოდ სხვანაირი დამხვდა. არასდროს არ მინახავს ასეთი სუსტი და უმოქმედო… მერე იყო რთული პერიოდი ლოგინში წოლის, თუმცა მისმა სიცოცხლისადმი სიყვარულმა, რა თქმა უნდა, მალე დააყენა ფეხზე. ვერ ისვენებდა, გონებაც ნელ-ნელა მოუბრუნდა…

მომვლელი ქალი ჰყავდა, მაგრამ ვერ ეგუებოდა ვერავის და ისე მოხდა, რომ ბოლოს გადავწყვიტე, მე თვითონ დავხმარებოდი. უფრო მარტივად გავიარეთ. იყო პერიოდი, არ მიძინია ღამეები, ვფიქრობდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი, ხანდახან შევუშინებივარ ადამიანებს და უთქვამთ, რომ დამძიმდა და ალბათ ვერ გადაიტანსო… მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი,  ყოველ ღამე ხელით მანიშნებდა ხოლმე, რომ ახლოს მივსულიყავი და ეკოცნა… ხელს მიჭერდა ხოლმე მთელი ძალით…

…ძალიან მალე დადგა ფეხზე და ახლა უკვე თითქმის აღარ საჭიროებს ხელის შეშველებასაც, თავისით გადადგილდება. უბრალოდ მარტო ვერ ვტოვებთ და მიწევს ხშირად გავატარო დრო სახლში. დილით მე თუ არ გავუკეთე ფაფა,  მშიერი ზის ხოლმე.  შენ სხვანაირად მიკეთებო, მეუბნება ხოლმე.
ჰოდა, ახლა უკვე გარეთაც ვსეირნობთ და თავის საყვარელ ყოველდღიურობასაც ნელ-ნელა უბრუნდება…

…შვილიშვილებს ვეტყოდი, რომ დააფასონ მათი მშობლიური ადამიანები,  დედებიც, მამებიც, ბებიებიც, ბაბუებიც… მაგრამ მოხუცები განსაკუთრებით დიდ სიყვარულს საჭიროებენ, თითქმის ყველაფერი გაიარეს უკვე, თუნდაც მათთან საუბარი იმდენი საინტერესო ემოციის გამომწვევია… პატარა ბავშვებივით მათაც უყვართ კანფეტები და საოცრად კეთილები და დადებითები არიან… ბებოს მაგალითიდან ვხვდები, რომ საუკეთესო მომვლელებსაც კი ურჩევნიათ, თავისიანი ჰყავდეთ ახლოს, დიდი სტიმული და შვებაა მათთვის. ყოველ ღამე ბედნიერი იძინებს და დილით იღვიძებს იმ იმედით, რომ იცის, მე ახლოს ვარ. არაერთხელ უთქვამს და ამას ვერანაირი ემოცია ვერ შეცვლის, იმხელა რამეა.

onalem

ტესტ