fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქართველი ემიგრანტი რომელიც ნივთების ხელით კეთებას ბერძნებს ასწავლის

ქალბატონი მაია სააკაძე ათენში მოღვაწე ხელოვანია, რომელიც წლების მანძილზე აქსესუარებს/ნივთებს ხელით აკეთებს. არა მარტო აკეთებს, არამედ თავის გამოცდილებას ქართველ და ბერძენ მანდილოსნებსაც უზიარებს.

ჩვენ, მას ვესტუმრეთ და მისი სახელოსნო დავათვალიერეთ (. რა თქმა უნდა ინტერვიუს აღებაც არ გამოგვრჩა:

*ინტერვიუ*

– ქალბატონო მაია, როდის და რა მიზეზით ჩამოხვედით საბერძნეთში?

– საბერძნეთში 1997 წლის აგვისტოში ჩამოვედი. მოგეხსენებათ, რა მდგომარეობა იყო საქართველოში იმ პერიოდში და მეც, როგორც ყველა, საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წამოვედი. სხვა გზა არც მქოდა. აქ ყოფნას მხოლოდ 3 წელი ვაპირებდი, თუმცა, უკვე 20 წელია აქ ვარ.

 

– თავიდანვე მოგწონდათ აქსესუარების/ნივთების ხელით კეთება თუ შემდეგ აღმოაჩინეთ ამ საქმის სიყვარული?

არ ვიცი, როდის აღმოვაჩინე ამ საქმისადმი სიყვარული. ყოველთვის მიტაცებდა და მომწონდა ხელსაქმე. მახსოვს, ბავშვობაში ატმისა და შინდის კურკებს ლაქვს ვუსვამდი და ყელსაბამებს ვაწყობდი. ვფიქრობ, ამ საქმისთვის დავიბადე, ეს არის ჩემი ცხოვრება და მის გარეშე უბრალოდ არ ვარსებობ.


– როდის გადაწყვიტეთ თქვენი სახელოსნოს გაკეთება და რას უნდა ელოდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თქვენს სახელოსნოში მოვა?

– ჩემი სახელოსნოს გახსნა დროთა განმავლობაში შევძელი. თავიდან სახლში ვიღებდი შეკვეთებს, ერთი ოთახი მქონდა და იქ ვასწავლიდი. შემდეგ ბატონმა ავთანდილ მიქაბერიძემ მიმიწივია კულტურის ცენტრ ”კავკასიაში” და 3 წელი წარმატებით ვითანამშრომლეთ. ვხედავდი, რომ ჩემი გატაცება და ჰობი უფრო სერიოზულ საქმეში გადადიოდა. იმ პერიოდში რამდენიმე ბერძნულ სკოლასა და მერიაშიც მიმიწვიეს, იქაც ვასწავლიდი და სწორედ ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, ჩემი საქმე უფრო გამეფართოვებინა. რა თქმა უნდა, პარალელურად ცოდნას ვიღრმავებ და სულ ახალი ტექნოლოგიების ძიებაში ვარ.

– ესე იგი არა მარტო შეუძლიათ, იყიდონ თქვენი ნამუშევრები, არამედ ისწავლონ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ისინი?

– ჩემს სახელოსნოში მუდმივად მაქვს გამოფენა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამიკავშირდეს და შეიძინოს ჩემი ხელით ნაკეთი ნამუშევრები. ასევე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს იმის კეთება, რაც ყველაზე მეტად მოსწონს. ასაკი განისაზღვრება 10 წლიდან ზემოთ. არ არსებობს არანაირი სირთულე, თუკი ადამიანს მართლა სურს რაიმე.

– დაახლოებით რამდენი ხანი სჭირდებათ შესწავლისთვის მათ, ვინც საერთოდ არ არის ჩახედული ამ სფეროში?

– ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დონის მიღწევა უნდა ადამიანს. პირველი ეტაპის გასავლელად 6 თვეა საჭირო, მაგრამ ეს პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის. ეს ისეთი დარგია, დასასრული არ აქვს და მუდმივად გამოდის ახალი ტექნოლოგიები, ამიტომ მუმდივად სიახლის ძიებაში უნდა ვიყოთ.ამიტომ ყველაფერი მოსწავლეზეა დამოკიდებული, ეს საქმე მხოლოდ ჰობის დონეზე სურს, თუ უნდა რომ პროფესიონალი გახდეს. მე ათენის სამწლიანი ოქრომჭედლობის კოლეჯი დავამთავრე, თუმცა ცოდნის გასაღრმავებლად ვესწრებოდი სხვადასხვა სემინარებსაც.

–  სად შეუძლია ჩვენს მკითხველს დაგიკავშირდეთ?

– ნებისმიერ მსურველს 10 წლის ზემოთ, განურჩევლად სქესისა შეუძლია დამიკავშირდეს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე

Facebook ფან-გვერდი: https://www.facebook.com/MaiArts-364134276947262/
Facebook პროფილი: https://www.facebook.com/maia.saakadze