fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში სამი დღით ჩამოვიდა და უკვალოდ გაქრა – 38 წლის ქალი კავალაში გარდაცვლილი იპოვეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რუმინელი 38 წლის ქალი კავალას ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ტრაგედიის დეტალები უცნობია და პოლიცია იდუმალებით მოცული საქმის ამოხსნას ცდილობს.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა ფოტოგრაფი, მიხაელა, საბერძნეთში 10 იანვარს ჩამოვიდა და სულ სამი დღით აპირებდა დარჩენას. ის 11 იანვარს თესალონიკის აეროპორტიდან ტაქსის მძღოლს დაუკავშირდა, რომელმაც გარკვეულ მანძილზე გადაიყვანა და დატოვა. 11 იანვარსვე მან ოჯახის წევრებს გაუგზავნა მესიჯი, რომელშიც წერდა, რომ კარგად იყო და ნუ იდარდებდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თუ ტელეფონს არ უპასუხებდა. ჩანს, რომ ის კავალადან გემის საშუალებით აპირებდა გამგზავრებას.

არავინ იცის რა მოხდა, მაგრამ 12 იანვარს, 23:00 საათზე, მიხაელა კავალას ერთ-ერთ სასტუმროში გამოჩნდა, ჩანთის, ფეხსაცმლისა და თანხის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობს თავად სასტუმროს თანამშრომელი. მიხაელა იქ 45 წუთის მანძილზე დარჩა და შემდეგ წავიდა.

საბერძნეთის პოლიციაში განცხადება მისი გაუჩინარების შესახებ 13 იანვარს შევიდა და ზუსტად სამი დღის შემდეგ, 16 იანვარს, მიხაელა სასტუმროსთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს.

38 წლის ქალს საბერძნეთთან კავშირი ჰქონდა, ჰყავდა მეგობარი კუნძულ თასოდან, რომელმაც, როგორც მისი და აცხადებს, არაფერი იცოდა საქმის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ქალი სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

onalem

ტესტ