fbpx
საქართველო

რუსთავში 18 წლის გოგო ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა. გეგმური ოპერაციის დაწყებამდე გოგოს ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რომლის დროსაც გული გაუჩერდა.

გარდაცვლილის მეგობრის თქმით, გოგოს ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემები არ ჰქონია. დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სიკვდილი, სავარაუდოდ, ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა. როგორც მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს მედიკამენტებზე შესაბამისი სინჯი ჩაუტარდა და შედეგები ოჯახის წევრებსაც გააცნეს.

საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, გოგოს რეანიმირებას 9 საათი ცდილობდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა, მიუხედავად დიდი მცდელობისა. ოპერაცია დაწყებული არ იყო, წინასწარ სინჯი რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს.

არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ამის გარანტია რომ არსებობდეს, ეს დაავადება არ იარსებებს საერთოდ. მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა. უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო ეს ამბავი. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ვითარება”, – განაცხადა დავით გოგოძემ.

onalem

ტესტ