fbpx
კატეგორიის გარეშე

საქართველოს საელჩო ათენში 3 წლიან კანონთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

გთავაზოვთ საელჩოს მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად:

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ძვირფასო თანამემამულეებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2023 წლის 19 დეკემბერს საბერძნეთის პარლამენტმა კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კანონი, რომელიც საბერძნეთში მყოფი არალეგალი ემიგრანტებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემას და ქვეყანაში მათ ლეგალურად ცხოვრებას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, თუ საბერძნეთის რესპუბლიკაში არალეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე დაადასტურებს საბერძნეთში ბოლო სამი წელი შეუწყვეტლად ცხოვრებას და ამასთანავე, მას ექნება შრომითი ხელშეკრულება, ეძლევა უფლება, განაცხადი შეიტანოს საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის (Άδεια Διαμονής) ასაღებად. ამასთანავე, ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანიდან მოთხოვნილი დოკუმენტის აღებამდე, მოქალაქეს ეძლევა ცნობა, რომლითაც მას შეუძლია მუშაობა და სამშობლოში მგზავრობა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კანონი ძალაში იქნება 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

ხსენებულ კანონზე დაყრდნობით, საბერძნეთის რესპუბლიკის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრის 2024 წლის 22 იანვრის №24621 შიდა ბრძანებულების საფუძველზე, დადგინდა და განისაზღვრა ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთების ჩამონათვალი და აგრეთვე, ბრძანებულებიდან გამომდინარე სხვა რეგულაციები. კერძოდ:

ბრძანებულების მიხედვით, რეგულაცია ვრცელდება მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოვიდნენ 2023 წლის 30 ნოემბრამდე და მათი სტატუსი დღეის მდგომარეობით არ არის განსაზღვრული/დარეგულირეული ან საბერძნეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგალურად ან მოთხოვნილი აქვთ საერთაშორისო თავშესაფარი და ბინადრობის ნებართვაზე განცხადების გაკეთებისას დაადასტურებენ ქვეყანაში 3 წლის განმავლობაში გაუსვლელად ცხოვრებას;

ხსენებული ბინადრობის ნებართვის მისაღებად მესამე ქვეყნის მოქალაქეებს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს, ელექტრონული პორტალის (υπηρεσία μίας στάσης) მეშვეობით. განცხადებას აკეთებს თავად მოქალაქე ან მის მიერ რწმუნებული ადვოკატი თუ მას გააჩნია ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი მინდობილობა.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა. სამგზავრო დოკუმენტი (საერთაშორისო თავშესაფრის მაძიებელი პირის შემთხვევაში, იგი წარადგენს თავშესაფრის განცხადების გაკეთების მოწმობას).
ბ. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საბერძნეთში არანაკლებ 3 წლის უწყვეტად ცხოვრების ფაქტს.
გ. სახელმწიფო მოსაკრებელი წარმოადგენს 300 ევროს, რომელიც უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს არ უბრუნდება (TAXISNET-ის კოდი: 2108).
დ. ბაჟი თექვსმეტი ევროს ოდენობით (TAXISNET-ის კოდი: 2119), რომელსაც განმცხადებელი წარადგენს ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარების დროს.
ე) დამსაქმებლის საპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც უნდა გაკეთდეს სახელმწიფო მართვის საერთო ციფრულ პორტალის მეშვეობით (gov.gr – ESΤ), რომლითაც იგი იღებს ვალდებულებას, დაასაქმოს განმცხადებელი. საპასუხისმგებლო განცხადებაში უნდა მიეთითოს დამსაქმებლის საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი (ΑΦΜ), ასევე დასაქმების ზუსტი სფერო და მისამართი.
მოთხოვნის წარდგენიდან ორმოცი დღის განმავლობაში, შესაბამისი სამსახური ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულეს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გასცემს შესაბამის ცნობას, რომელიც გამცხადებელს გადაეგზავნება ელექტრონული ფოსტით.
მესამე ქვეყნის მოქალაქე, ხსენებული ცნობის მიღების შემდეგ, ითვლება ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ პირად და ეძლევა მუშაობის უფლება საპასუხისმგებლო განცხადების გამკეთებელ დამსაქმებელთან.

ცნობის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში მოქალაქე ვალდებულია წარადგინოს დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთვევაში ხსენებული ცნობა გაუქმდება წინასწარი შეტყობინების გარეშე.

დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგია:
ა) ფორმა E3
ბ) შესაბამისი სოციალური დაზღვევის სამსახურში (IKA, ΟΓΑ) პირველი დასაქმების ვაუჩერის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გ) შესაბამის ფინანსურ სამსახურში (ΑΑΔΕ) რეგისტრაციის გავლის და დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ დაიწყებს მუშაობას საპასუხისმგებლო განცხადების დამსაქმებელთან და რის გამოც მიიღებს უარყოფით პასუხს, აქვს შესაძლებლობა გააკეთოს განაცხადის აღდგენის მოთხოვნა, თუ იგი დასაქმდება ხსენებულ დამსაქმებელთან და წარადგენს სრულად მოთხოვნილ დოკუმენტაციას ან შეუძლია გააკეთოს ახალი განცხადება თუ მას ეყოლება ახალი დამსაქმებელი და რომელიც აკმაყოფილებს 193-ე მუხლის ყველა პირობას.

კანონი ითვალისწინებს დასაქმებულის ოჯახის წევრების ლეგალიზაციას, თუ ისინი იმყოფებიან საბერძნეთში 2023 წლის 30 ნოემბრამდე, ფლობენ სამგზავრო დოკუმენტს (თუნდაც ვადაგასულს), არ წარმოადგენენ საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისათვის და გაცემულია 193-ე მუხლის შესაბამისი ბინადრობის ნებართვა მეურვეზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მ. წ. 31 მარტიდან ძლაში შევა მიგრაციის #5038/2023 ახალი კოდექსი.

ამასთან გაცნობებთ, რომ განცხადების წარსადგენი ელექტრონული პორტალი (υπηρεσία μίας στάσης) ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს დღეებში.”

ჩვენი საინფორმაციო პლატფორმა georgians.gr-ი რეკომენდაციას უწევს ათენის ადვოკატთა ასოციაციაციის წევრს, ქალბატონ მარა ხიმსიადუს, რომელიც დაგეხმარებათ საბუთების მოგვარებაში. ქალბატონი მარა საუბრობს ქართულ ენაზე და მისი ოფისი ღიაა ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

ტელ: 211 7359271 / მისამართი: პანეპისტიმიუ 64, მერვე სართული