fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

აღდგომა საბერძნეთში

როგორც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, ბერძენისათვისაც აღდგომა წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.  ამ ბრწყინვალე დღისათვის მომზადებას მორწმუნე ადამიანი აღდგომამადე 40 დღით ადრე იწყებს. საბერძნეთში ისინიც კი, ვინც სარწმუნოებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ეკლესიურ ცხოვრებას არ ეწევიან, ცდილობენ ვნების კვირეულში მაინც დაიცვან მარხვა და არ მიირთვან ცხოველური საკვები. მრავალი ადამიანი ამ პერიოდში მარტო შავი პურითა და წყლით იკვებება.

ცნობისათვის, თავად სიტყვა «პასხა» ებრაული წარმოშობისაა. ბეძნულში ეს სიტყვა გაიგივდა მშობლიურ სიტყვა «პასხოსთან» (πάσχω), რაც ტანჯვას ნიშნავს. ამგვარად ამ სიტყვამ ბერძნულში კიდევ უფრო ღრმა ქრისტიანული მნიშვნელობა მიიღო.

ვნების კვირეულს «Εβδομάδα των Παθών» ან დიდ კვირეულს «Μεγάλη εβδομάδα» ეძახიან. ვნების პარასკევს ბერძნები მხოლოდ წყალზე გადადიან, რომელშიც ძმარს ამატებენ. ეს ტრადიცია უკავშირდება ბიბლიურ ამბავს იმის შესახებ,  რომ  ჯვარზე მყოფ იესოს ამ დღეს ძმარი დაალევინეს.

მთელი ვნების კვირეულის მანძილზე საბერძნეთში საეკლესიო ზარები არ რეკავენ. ბერძნები ამბობენ, რომ ზარები «ქვრივობენ» «οι καμπάνες χηρεύουν», ამიტომ არ უხარიათ და დუმან.

დიასახლისები ვნების კვირეულამდე ილევენ ყველა მძიმე საქმიანობას, რომელიც სახლის დასუფთავებასთანაა დაკავშირებული.

ოთხშაბათობით ზეთის კურთხევა ხდება — ზეთი ბოთლით მიაქვთ ეკლესიაში, მას აკურთხებენ და მცირე ნაწილს წამოიღებენ სახლში, ხოლო დანარჩენს წირავენ ეკლესიას კანდელების ასანთებად.

სააღდგომოდ საბერძნეთში რამდენიმე ტკბილეულს ამზადებენ, ერთერთი მათგანი»ჩურეკი» გახლავთ. ჩურეკი აუცილებლად ვნების კვირეულის ხუთშაბათს ცხვება, მისი ცომი ჩვენებური ფუნთუშის ცომს მოგაგონებთ, იმ განსხვავებით, რომ  სპეციფიკური სანელებლები გამორჩეულ გემოს ანიჭებენ  მას. ეს განსაკუთრებული გემო ხიოს «მასტიხის»  (კუნძულ ხიოზე მდებარე ნაძვებიდან და ფიჭვებიდან მოგროვებული ფისი) წყალობით მიიღება. ცომს თავისებური ხერხით ზელენ, რის შედეგადაც ძალიან ფაფუკი ცომი გამოდის. ჩურეკის მახასიათებელი ასევე ის გახლავთ, რომ მას ნაწნავის ფრომას აძლევენ. გამოცხობის შემდეგ ცომეული დიდხანს ინარჩუნებს სიფაფუკეს.

გარდა ამისა ბერძნები სააღდგომოდ აცხობენ  პურის სახეობას,რომელსაც  «Λαμπροκουλλούρα»(ლამბროკულურა) ჰქვია. ბერძნულად აღდგომას პასხის გარდა ლამბრისაც ეძახიან ( «η Λαμπρή», ანუ ბრწყინვალე. მსგავს პურს შუაში აუცილებლად ცომისაგან მომზადებული ჯვარი აქვს. გვერდებზე კი 4 წითელი კვერცხი. ასევე ლამბროფსომოს შეიძლება სხვადასხვა კოსმოსური სიმბოლოები ამშვენებდნენ. ძველად ასეთ პურს გაუთხოვარი გოგოები აცხობდნენ და შემდეგ წარადგენდნენ სადედამთილოთა სამსჯავროზე. სააღდგომოდ მოწყობილ ზეიმზე იმართებოდა შეჯიბრი იმის გამოსავლენად, თუ ვისი ლამბროფსომო იყო უფრო ლამაზი და გემრიელი. გამარჯვებული გოგონა საუკეთესო სარძლოდ ჩაითვლებოდა, ისევე, როგორც საუკეთესო სასიძოდ ის ვაჟი იყო მიჩნეული, რომელიც წყლიდან ჯვრის მონადირებას მოახერხებდა ნათლისღების დღესასწაულზე.

ხუთშაბათობითვე ასევე სააღდგომო კვერცხები იღებება. ტრადიციულად გამოიყენება წითელი ფერის საღებავი, თუმცა ბოლო დროს სხვა ფერებმაც მოიკიდა ფეხი.

ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ იმართება ლხინი და ზეიმი,გადაცმულთა მსვლელობები, ცეკვა და თამაში.

თრაკიაში, მაგალითად, ისევ და ისევ ვნების ხუთშაბათს ამზადებენ იუდას ფიტულს, იცმევენ ძველ სამოსს და სიმღერით დადიან ქუჩებში. ზეიმის ბოლოს იუდას ფიტულს წვავენ.

Ράτσα, κεράτσα
δωσ’μια κληματσίδα
να κάψουμε τον Οβριγιό
πόχει πολλή κασσίδα.

დიასახლისო, მოგვეცი ყურძნის 

ლერწამი,დავწვავთ ურჯულოს,

რომელიც ეგზემითაა დაფარული.

სააღდგომოდ საბერძნეთის სასწავლებლებში აუცილებლად დასვენებაა, რომელიც აღდგომის შემდგომ კვირეულსაც გრძელდება.

საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ ბერძნები სახლებში მიიჩქარიან, რომ სააღდგომო წვნიანი, მაგირიცა («μαγειρίτσα») დააგემოვნონ. მაგირიცა მსუბუქი და გემრიელი შეჭამანდია. ის მზადდება ნაწლავებისაგან, ბევრი მწვანილის გამოყენებით.

ააღდგომო სუფრა საბერძნეთში ძალიან მდიდარი და მსუყეა. ბერძნულ ენაში განსაკუთრებული სიტყვაც კი არსებობს სააღდგომო ქეიფისა და ჭამა-სმის აღსანიშნავად «πασκάζω»- გემრიელად და ნოყიერად ჭამა.

რა თქმა უნდა საბერძნეთშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს წითელი კვერცხების სიმაგრეში( «τσουγκρίζω»-«ვაჭახუნებ» ). ოჯახში აუცილებლად გამარჯვებული გამოვლინდება. თრაკიასა და მაკედონიაში არსებობს ჩვეულება, რომელსაც ხასკა (χάσκα) ჰქვია. ხასკო («Χάσκω») პირის დაღებას ნიშნავს. წითელ კვერცხს ჭერზე ჩამოკიდებენ და დაატრიალებენ. ყველა ცდილობს დაღებული პირით კვერცხის დაჭერას. ვინც ამას მოახერხებს, მას ბედნიერება გაუღიმებს.

სააღდგომო კვერცხების ნაჭუჭებს საბერძნეთში აგროვებდნენ და შემდეგ ხეების ძირში მარხავდნენ, რათა უკეთეის მოასავლიანობა ჰქონოდათ.

ცისკარზე წასული ადამიანი დიდ სააღდგომო სანთელს შეიძენს, რომელსაც ლამპადა ჰქვია(«λαμπάδα»).

სააღდგომო ცეცხლი ბერძნებს სახლშიც მიაქვთ სანთლების და კანდელების ასანთებად  და სააღდგომო კოცონის დასანთებადაც გამოყენებენ. სახლში მიტანილი ცეცხლით ჯვარს წერენ ოჯახის წევრებს, ფანჯრებს, კარებებს, ოჯახის პირუტყვს და მსხმოიარე ხეებს.

სააღდგომო ცეცხლს აუცილებლად უზიარებენ სხვებს, ატარებენ უძლურ და მოხუც მეზობლებში და ახლობლებში. ამ ცეცხლით ანთებულ კანდელს ზოგიერთ ოჯახში მთელი წლის მანძილზე არ აქრობენ.

აღდგომის შენდეგ გათენებულ ორშაბათს სიყვარულის ორშაბათს უწოდებენ («Δευτέρα της αγάπης» ).

მთელი საბერძნეთის მასშტაბით მოსისხლე მტრებიც კი ურიგდებოდნენ ერთმანეთს, ხდებოდა ეგრედწოდებული დაძმობილება («αδελφοποιϊα»). ეს წესი იგივენაირად სრულდებოდა, როგორც ჩვენშია მიღებული: ორი ადამიანი ხელს გაიჭრიდა და ერთმანეთის სისხლს აურევდა. ამგავარად სისხლით ძმობასა და დობას უმტკიცებდნენ ერთმანეთს. თავად ამ წესს წარმართული ფესვები აქვს, როდესაც სისხლს აგროვებდნენ თასში და შემდეგ რიგრიგობით სვამდნენ. ეს რიტუალი კარგად აქვს აღწერილი დიდ ბერძენ მწერალს კაზანზაკისს.

ეკლესიის წინ აღდგომის პირველ დღეებში უკრავენ ხალხურ საკრავებზე, მღერიან და ცეკვავენ. ამ ზეიმში საეკლესიო პირებიც იღებენ მონაწილეობას, ხშირად ისინი წამომწყებლის როლშიც მოგვევლინებიან: პირველები იწყებენ ცეცეკვას თუ სიმღერას. კუნძულებზე გავრცელებულია საქანელების მოწყობის ტრადიცია. ამ დროს შაირობაცაა მიღებული, რომლის დროსაც მზა შაირებსაც გამოიყენებენ და ექსპრომტად გამოგონებულებსაც. ასევე სპორტული ორთაბრძოლებიც იმართება. გამარჯვებული ჯილდოვდებიდა, მაგალითად საუკეთესო ლამბროფსომად გამოცხადებული სააღდგომო პურით.

რამდენი კუნძული და რაიონიცაა საბერძნეთში, იმდენი განსხვავებული წესი და ჩვეულება არსებობს. მომავალ პუბლიკაციაში სააღდგომო წესებიდან ყველაზე ცნობილ ათ წეს-ჩვეულებას გაგაცნობთ, ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ხიოზე ყოველწლიურად გამართული  «ომი», რომელიც ღამეს დღესავით ანათებს ხელნაკეთი მაშხალების წყალობით.

წყარო: www.mzias-supra.com

onalem

ტესტ