fbpx
პოზიტივი

ნაკრებზე მეოცნებე პატარა ქართველი ბიჭი ბერძნულ “ოლიმპიაკოსში”

ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის ინტერესით აკვირდებიან იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენებური გვარის არიან, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში დაიბადნენ ან ადრეულ ასაკში საცხოვრებლად გადავიდნენ და კარიერაც იქ განავითარეს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ღირსება გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი წიტაიშვილმა წარმატებით დაიცვეს, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

სოციალურ ქსელში 9 წლის ბიჭის ვიდეო გავრცელდა, რომელიც უკვე ბერძნულ გრანდ “ოლიმპიაკოსის” ასაკობრივი გუნდის წევრია – მოსე კვალიაშვილი.

როგორც გავარკვიეთ, დამწყები ფეხბურთელი საქართველოში “ცინცაძის აკადემიაში” გამოდიოდა, სადაც მისი მწვრთნელები ჯაბა ლეშკაშელი და ტატო იუკურიძე იყვნენ.

“თავიდანვე ეტყობოდა, რომ შრომისმოყვარე იყო. ეს პატარა და საყვარელი ბიჭი მალე ჩვენი გუნდის კაპიტანი და ლიდერი გახდა.

მას ბურთთან ურთიერთობა, მისი შენარჩუნება არასდროს უჭირდა და დრიბლინგითაც გამოირჩეოდა. მოსეს გარკვეული სამუშაო სისწრაფის გაუმჯობესებაზე ჰქონდა და ამ კომპონენტშიც სერიოზული პროგრესი განიცადა. საკუთარ თავზე მუშაობა არ უჭირს, ფიზიკურადაც ძლიერია – უცხო ქვეყნის მოთხოვნებთან შეგუება არ გასჭირვებია.

სხვათა შორის, კვალიაშვილი სტანდარტულებს კარგად ასრულებს. მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ მე უფრო მეტად კლასიკურ ფლეიმეიკერად ვხედავ,” ამბობს ჯაბა.

“ოლიმპიაკოსის” ასაკობრივი გუნდების მწვრთნელს მისი იმედი აქვს – მიმდინარე სეზონში უკვე 2 ჰეთ-თრიქი შეასრულა. საჯარიმოებს მშვენივრად ასრულებს – 2 გოლი სტანდარტულიდან გაიტანა.

მოსეს პატარა ძმა ჰყავს – ნოე, რომელიც ასევე იყო “ოლიმპიაკოსის” სინჯებზე და მწვრთნელებს თავიც მოაწონა.”

ჩვენ შეგვიძლია, პატარა მოთამაშეების განვითარებას დავაკვირდეთ. ვისურვოთ, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ასეთი მონდომებული და ნიჭიერი ფეხბურთელებით გაძლიერდეს, რომლებიც ევროპულ ფეხბურთთან თავიდანვე ადაპტირებული არიან – როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად.

onalem

ტესტ