fbpx
კატეგორიის გარეშე

“ჰელადოსის” ჩვენება ათენის კაპოდისტრიას ეროვნულ უნივერსიტეტში

მ/წ 1-ელ ივნისს, ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა მინი კონფერენცია თემაზე: საბერძნეთი ქართულ ლიტერატურაში – ნოდარ დუმბაძის “ჰელადოსი”.

კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის პრორექტორმა სასწავლო დარგში, პროფ. კარადიმასმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ათენის უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის მნიშვნელობაზე, სადაც ამჟამად 26 ენა ისწავლება. პრორექტორმა მადლობა გადაუხადა ქ-ნ თეობა ბერიძეს გასულ წელს უნივერსიტეტისთვის ქართული ენის სწავლების შეთავაზებისთვის და ხაზი გაუსვა უცხო ენების ჩამონათვალში ქართული ენის დამატების აუცილებლობას, მან ასევე მოკლედ ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობებზეც. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა და პროფ. გიორგოს ფონტრიემ, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2002-2010 წლებში ახალბერძნული ენის მოწვეული ლექტორი იყო.

კონფერენციის გახნის შემდეგ, წარმოდგენილი იქნა საქართველოს მოკლე პრეზენტაცია, მწერლის ბიოგრაფია და ფილმის გადაღების ისტორია, ასევე, აქცენტები გაკეთდა ნოველის მთავარ იდეაზე. კონფერენციის პროგრამის თანახმად, ქართული ფილმის ბერძნული სუბტიტრებით ჩვენების შემდეგ, სხვადასხვა ბერძნული უნივერსიტეტების პროფესორებმა და დარგის სპეციალისტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს ნოველის მთავარ იდეაზე და ამომწურავი მიმოხილვა დაურთეს, განიხილეს მისი ეკრანიზაციის მნიშვნელობა და პარალელები გაავლეს საქართველოს სხვადასხვა თატრალური დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებთან.

კონფერენციის მეორე ნაწილში მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველო-საბერძნეთის 35 საუკუნოვან ისტორიულ, კულტურულ და მეგობრულ ურთიერთობებზე. კონფერენცია ჩატარდა ათენის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზ ,,ირიდაში’’, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უცხო ენების ცენტრის უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

პროექტის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი გახლდათ ამავე ცენტრის ქართული ენის ლექტორი, დოქტორი თეონა ბერიძე. კონფერენციას ესწრებოდა ლიტერატურის მოყვარული და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობით დაინტერესებული ქართული და ბერძნული საზოგადოება. მათ შორის იყვნენ ათენის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფ. პანაიოტის კონდოსი, სხვადასხვა უნივერსიტეტების ბერძენი პროფესორები და სტუდენტები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებამ დადებითი კომენტარები არ დაიშურა. საღამოს სტუმრები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ როგორც კონფერენციის შინაარსობრივი, ისე მისი უმაღლეს დონეზე ორგანიზების კუთხითაც.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის უმაღლესი სასწავლებლების ისტორიაში ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ამ ფორმატით წარდგენა მოხდა. ბერძნული და ქართული საზოგადოების წინაშე ბერძენი პროფესორები წარსდგნენ და როგორც ქართული ლიტერატურული ნაწარმოების, ასევე, ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთოებების შესახებ იმსჯელეს და ისაუბრეს. ეს ფაქტი კი ბერძნებისთვის მეტად საინტერესო და ქართველებისთვის ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა.