fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტი ქართული ენის სწავლებას ამატებს

ათენის ქართველი ემიგრანტებისთვის გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საქმეს ემსახურება. კერძოდ, საქმე ეხება ათენის კაპოდისტრიას ეროვნულ უნივერსიტეტში ქართული ენის სწვლების საკითხს. მიმდინარე 2022-2023 სასწავლო წლიდან ათენის უნივერსიტეტის უცხო ენების სკოლის პროგრამაში ქართული ენა დაემატა (Διδασκαλείο Ξένων Γλωσσών Ε.Κ.Π.Α,). ქართული ენის სასწავლო კურსი წარიმართება ორი მიმართულებით:

1. ქართველებისთვის განკუთვნილი პროგრამა (ქართული, როგორც მშობლიური ენა)
2. ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის (ქართული, როგორც უცხო ენა)

ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ფილოლოგიის დოქტორის თეონა ბერიძის დიდი ძალისხმევისა და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან გამართული ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, მ/წ 14 ივნისს ოფიციალური შეხვედრა შედგა ფილოლოგიის დოქტორ ქ-ნ თეონა ბერიძესა და ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის პრორექტორთან აკადემიურ საკითხებში პროფ. დიმიტრის კარადიმასთან (Δημήτριος Καραδήμας), რომელმაც ქ-ნ თეონას უპირველესად, მადლობა გადაუხადა ქართული ეროვნული საქმის უცხოეთში კეთებისათვის და ქართული ენის სწავლების საკითხში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შესაბამისად, შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდა და ათენის ქართველ ემიგრანტებს შესაძლებლობა გეძლევათ დაეუფლოთ მშობლიურ ქართულ ენას უკვე უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს, იმას, რომ შე ისწავლით ენას საუნივერსიტეტო დონეზე და გახდებით დიპლომირებული სპეციალისტები.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 ნოემბრამდე. ლექციები ჩატარდება, ათენის ცენტრში, მეტრო პანეპოსტიმიოსთან, იპოკრატუს 7 ნომერში განთავსებულ უნივერსიტეტის კორპუსში. აღნიშნულ უცხო ენების სკოლაში სხვა დამატებითი უცხო ენის არჩევის შემთხვევაში ისარგებლებთ ფასდაკლებით. ასევე, თუ ხართ ამავე ან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი, შეგეხებათ ფასდაკლება.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის სამდივნოს შემდეგ ნომრებზე: 210 3688204, 210 3688262, 210 3688265.

სწავლების საფასური (ორი სემესტრი) 300 ევროს ოდენობით განისაზღვრება. სალექციო კურსს გაუძღვება ათენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ფილოლოგიის დოქტორი, თეონა ბერიძე.
აღსანიშნავია, რომ ათენის უნივერსიტეტის სწავლების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უცხო ენების ცენტრის სასწავლო პროგრამას 25-ე ენად ქართული ენა დაემატა.