fbpx
ემიგრაციული სიახლეებიკატეგორიის გარეშე

თესალონიკში 26 მაისი მასშტაბური ღონისძიებებითა და ემიგრანტების ჩართულობით აღინიშნა

თესალონიკში 26 მაისი მასშტაბური ღონისძიებებითა და ემიგრანტების ჩართულობით აღინიშნა!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თესალონიკში საბერძნეთში ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების ვიდეო მიმართვებით და მილოცვებით დაიწყო.

საქართველოს და ქართველ ემიგრანტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ცენტრალური მაკედონიის გუბერნატორმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აპოსტოლოს ძიძიკოსტასმა, თესალონიკის მერმა, ბატონმა კონსტანტინოს ზერვამ, თესალონიკის საკრებულოს თავჯდომარემ ბატონმა პეტროს ლუკაკუსმა მიულოცეს.



განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ, ვიდეო მიმართვა გაავრცელა  საბერძნეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელძღვანელმა და უშუალოდ ღონისძიებას ადგილზე დაესწრო, ბატონი დიმიტრიოს კუველასი, რომელმაც ემოციები ვერ დამალა და სცენაზე ქართველებთან ერთად იცეკვა.

ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია შედგა თესალონიკის ცენტრალურ სანაპიროზე, სადაც დღეში დაახლოებით 100.000-მდე ადამიანი თავს იყრის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თესალონიკის მერიამ, მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობების გამოხატვის ნიშნად, ბატონი ნოდარ კომახიძისა და ქართველის ერის პატივსაცემად, სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო ქართველებს სივრცე, რათა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღენიშნათ.

ალექსანდრე მაკედონელის ძეგლთან მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული ქორეოგრაფიული, სახელოვნებო და კულტურული ჯგუფები და მოღვაწეები, საქართველოს მეგობარი ბერძნები, რომლებიც ჩვენს ემიგრანტებთან ერთად აღნიშნავდნენ 26 მაისს.


სახალხო ზეიმისა და საერთო სიხარულის კულმინაცია იყო თესალონიკის მართველი ორგანოს შენობაზე ქართული დროშის გამოსახვა და მის ეზოში ქართული ეროვნული ჰიმნით სადღესასწაულო კონცერტის გამართვა, სადაც ქართველი ემიგრანტებისა და ბერძენი მეგობრების წინაშე წარსდგნენ ცნობილი ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები.

შეიძლება ითქვას, რომ 26 მაისს თესალონიკი ერთი დღით ქართულ ქალაქად იქცა, რადგან პარარელურად თესალონიკის სანაპიროზე, თესალონიკის სიმბოლო – ქოლგების მონუმენტი – და ისტორიული ღირსშენანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.