fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ბერძნულ ენაზე ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის, ნიკოლოზ გურგენიძის წიგნი გამოიცა

ნიკოლოზ გურგენიძე თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიური სკოლის დოქტორანტია.

ნიკოლოზი წერს: “დღეს ბერძნულ ენაზე გამოიცა ჩემი პირველი წიგნი სახელწოდებით „პრიმატი და სინოდალურობა მართლმადიდებელ ეკლესიაში“, “მეთექსისის” გამომცემლობის მიერ. ეს წიგნი არის პრესტიჟული სერიის ნაწილი – “ეკლესია: სამართალი და ისტორია”, სადაც ასევე შეგიძლიათ იხილოთ თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მნიშვნელოვანი შრომები. წარმოუდგენელი პატივია მოხვედრა ამ გამორჩეულ სერიაში.

წიგნის რეზიუმე:
“პრიმატი და სინოდალურობა მართლმადიდებელ ეკლესიაში“ მოიცავს მრავალ საინტერესო და კრიტიკულ საკითხებს. აქ საუბარია ეკლესიის არსებობის მნიშვნელობაზე, რომელიც არის კაცობრიობის ხსნის ადგილი რეალური და ხილული ერთიანობით საერთო ევქარისტიასა და რწმენაში. წიგნი იკვლევს სინოდალურობის გადამწყვეტ კონცეფციას, ხაზს უსვამს მის როლს ადგილობრივ, პროვინციულ და გლობალურ დონეზე ერთიანობის შენარჩუნებაში. იგი ასახავს პრიმატისა და სინოდალურობის ისტორიულ განვითარებას და მათ განუყოფელ თანაარსებობას, ხაზს უსვამს საკვანძო მომენტებს, როგორიცაა პირველი მსოფლიო კრების განჩინებებსა და პენტარქიის ჩამოყალიბებას, ევქარისტიულ, ტრიადოლოგიურ და ქრისტოლოგიურ ეკლესიოლოგიას.

წიგნი ასევე იკვლევს განსხვავებებს პრეზვიტერა რომისა და ახალი რომის პრიმატს შორის, განიხილავს სასამართლო ძალაუფლებისა და იურისდიქციულ პრივილეგიების ასპექტებს. გარდა ამისა, იგი იკვლევს მსოფლიო საპატრიარქოს ენდიმუსა კრების ინსტიტუტს და მის მნიშვნელობას საეკლესიო საქმეებში.

გარდა ამისა, წიგნი ეხება გამოწვევებს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით, განსაკუთრებით რუსეთის ეკლესიის მხრიდან მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ პრეროგატივებთან დაკავშირებით. იგი ხაზს უსვამს სინოდალურობაში პრიმატის ინსტიტუტის აღიარების მნიშვნელობას მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთიანობის შესანარჩუნებლად. აქვე მიმოხილულია რუსეთის მიერ ანტიკანონიკურად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური ფუნქციონირების დროებით შეზღუდვის დეტალები (პ.ს. ვამბობ ფუნქციონირების შეზღუდვას და არა გაუქმებას, რადგან რიგით ეკლესიას არ აქვს უფლება სხვა ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფის უფლება), კიევის მიტროპოლიის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის ეკლესიების გაუქმებისა და განადგურების ისტორიული საკითხები.

რუსეთის ეკლესიის მიერ მსოფლიო საპატრიარქოს პრიმატის მიღებაზე უარის თქმამ გამოიწვია განხეთქილება და დაპირისპირებების სერია მართლმადიდებელ ეკლესიაში. ეს წიგნი განმარტავს, თუ როგორ იმოქმედა პრიმატისა და სინოდალურობის ინსტიტუტმა მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო ერთიანობის შესანარჩუნებლად ყველა დონეზე.

მოხარული ვარ გაგიზიაროთ ეს მოსაზრებები და იმედი მაქვს, რომ ჩემი ეს წიგნი დამაფიქრებელი და ბევრ საქმეში ხელშემწყობი იქნება. ყველას დიდი Მადლობა მხარდაჭერისთვის!”

ნიკოლოზ გურგენიძე დაიბადა თბილისში, სადაც დაასრულა 186-ე საჯარო სკოლა. 2013-2014 წლებში სწავლობდა ათონის წმინდა მთის ათონიადას საეკლესიო სკოლაში. 2015-2019 წლებში სწავლობდა თესალონიკის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში (ბაკალავრიატი). 2017-2018 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 2019 წელს, ასევე ევროპული სტიპენდიით (Erasmus+), მუშაობდა მსოფლიო საპატრიარქოს ხალკის თეოლოგიური სკოლის ისტორიულ ბიბლიოთეკაში (Erasmus+).
2018-2019
წლებში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის უშუალო მხარდაჭერითა და ხელშეწყობით სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტთან არსებულ ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში. 2020-2022 წლებში კი თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სოციალური თეოლოგიისა და ქრისტიანული კულტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე კანონიკური სამართლის გახრით. 2022 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის თეოლოგიური სკოლის დოქტორანტი კანონიკური სამართლის მიმართულებით და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სტიპენდიანტი.
2022-2023
წლებში ასევე მსოფლიო პატრიარქის ხელშეწყობით სწავლობდა ბოსტონის წმინდა ჯვრის სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ თეოლოგიურ სკოლაში (მაგისტრატურა). 2023 წლიდან სწავლა განაგრძო ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ სკოლაში დოგმატური თეოლოგიის განხრით (მაგისტრატურა).
2022-2023
წლებში მონაწილეობდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ევროპის ეკლესიათა საბჭოს გენერალურ ასამბლეებში, როგორც მსოფლიო საპატრიარქოსა და საბერძნეთის ეკლესიების ოფიციალური დელეგაციების steward. 2021 წლიდან ასევე არის აღმოსავლური ეკლესიების სამართლის საზოგადოების წევრი.