fbpx
საქართველოჯანმრთელობა

საქართველო კორონავირუსს უმაღლეს დონეზე მართავს – სისტემის მზადყოფნა და ექიმების თავდაუზოგავი შრომა!

საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით მწვანე ზონაშია. ამჟამად ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 33 შემთხვევა ფიქსირდება და ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელთა თავდაუზოგავი მუშაობის წყალობით, ეს რიცხვი არ იზრდება, ხოლო დაავადებულთა მკურნალობა სიღრმისეულად მიმდინარეობს.

მოდით განვიხილოთ, თუ როგორ დახვდა საქართველო ვირუსს და როგორ მოქმედებს სისტემა პანდემიის წინააღმდეგ.

უნდა დავიწყოთ იმით, რომ ინფექციური საავადმყოფოს არცერთ თანამშრომელს, უდიდესი საფრთხეების მიუხედავად, სამსახური არ მიუტოვებია. ცხადია, არსებობს შიში, მათ უკან არსებობენ ოჯახები, შვილები, თუმცა, პირველ პლანზე დააყენეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გააცნობიერეს საკუთარი საქმის მნიშვნელობა კრიზისულ პერიოდში. ქართველი ექიმები, ინფექციონისტები, ექთნები მუშაობენ არა მხოლოდ საკუთარ ცვლაში, არამედ საჭიროების შემთხვევაში ფორმას არ იხდიან, 48 და 72 საათის განმავლობაშიც კი.

საავადმყოფოში, სადაც პაციენტები არიან მოთავსებულები, დღეში რამდენჯერმე ხდება დეზინფექცია, დასუფთავება და ეს ყველაფერი არასახარბიელო ინფრასტრუქტურის ფონზე. ექიმები აღჭურვილი არიან სპეციალური ფორმებით, რომელიც ჰაერს არ ატარებს და დაცულები არიან დასნებოვნებისგან. სწორედ ამიტომ, საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების სიაში შედის, სადაც პერსონალის არცერთი წევრის დაინფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

ინფექციური საავადმყოფო წლების მანძილზე ებრძოდა სხვადასხვა ეპიდემიებს, ღორის გრიპს, წითელას, მენინგიტს და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემა განვითარებული ქვეყნების დონეზე მართავს ინფექციურ დაავადებებს და მათ შორის კორონავირუსს, რომელიც სრულიად უცხო დაავადებაა.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ვირუსით დაინფიცირებული თითოეული პაციენტის გამოკვლევა ხდება საფუძვლიანად, დღეში მინიმუმ ორჯერ, ამას ერთვის ისიც, რომ ექიმები, უდიდესი გადაღლის მიუხედავად, მათ ფსიქოლოგიურ განწყობაზე ზრუნავენ და ამხნევებენ, როგორც შეუძლიათ.

ინფექციურ საავადმყოფოში წინასწარ იციან, გაუარესდება თუ არა პაციენტის მდგომარეობა და თუ გაუარესდება, როდის მოხდება ეს. შესაბამისად, დროულად იღებენ ზომებსაც.

ქართველი მედპერსონალი უდიდეს დაფასებას იმსახურებს კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, ისევე როგორც, ყველა ექიმი და ექთანი, რომელსაც ამ კრიზისულ მომენტში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევს სხვებზე ზრუნვა.

onalem

ტესტ