fbpx
საქართველოსაქართველოს საელჩოს სიახლეები საბერძნეთში

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადება ფრენებთან დაკავშირებულ ვითარებაზე

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენა ივლისის ბოლომდე გადავადდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას დღევანდელი განცხადებით, ამ საკითხთან მიმართებით უპირატესი ფაქტორი მოსახლეობის ჯანმრთელობა და საქართველოში ამ დროისთვის არსებული პოზიტიური ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნების სურვილია. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეგულარული ფრენების აღდგენა დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე: „ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რომ რეგულარული ფრენები სრული მასშტაბით რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს – როგორც იცით, ჩვენი მთავრობა, მათ შორის ჩვენი სამინისტრო ახალი ფრენების გახსნის და ახალია ავიაკომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოყვანის პროცესის ავანგარდში იყო. მაგრამ ახლა ის ვითარებაა, როდესაც პირველი და უპირატესი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.“ როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, გაძლიერდეს ის მონაპოვარი, რასაც ჰქვია ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა და მოსახლეობის დაცვა.

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე არსებული შეზღუდვის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივების შესახებ განცხადება გააკეთა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ: „რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.“ ბმულები: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ამასთანავე გაცნობებთ, რომ საერთაშორისო რეგულარული ფრენების სრულ აღდგენამდე საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში გაფრენა შეგიძლიათ დაგეგმოთ კვლავ Georgian Airways ავიაკომპანიის კომერციული ჩარტერული რეისებით, რომელსაც ავიაკომპანია ივლისის თვეშიც განახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან. ფრენების განრიგის დასაზუსტებლად და ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშირდეთ თავად ავიაკომპანიას ან მიმართოთ ტუროპერატორებს.

ათენსა და თესალონიკში მყოფ ქართველებს შეეძლებათ გაფრენა ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით, ხოლო იქიდან უკვე საქართველოს მიმართულებით. ამრიგად, ამისთვის აუცილებელია დაჯავშნოთ როგორც ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით გასამგზავრებელი ბილეთი, ასევე Georgian Airways-ის ბილეთი, რათა ამ რომელიმე ქალაქიდან უკვე საქართველოში გაემგზავროთ. ეს იქნება ე.წ. “დერეფანი-ფრენები”.

ქვეყანაში ნარჩუნდება აქამდე არსებული რეგულაციები და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი. ასევე არსებული რეგულაციებით საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება:

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
შერეულ ოჯახები, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე (თან უნდა ჰქონდეთ ქორწინებისა და დაბადების დამადასტურებელი მოწმობები)
ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით სახელმწიფო მუშაობს რეგულაციებზე, რომლის თანახმად შესაძლებლობა იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქე გარკვეული კატეგორიების მგზავრების (სტუდენტები, ბიზნესმენები და სხვა) ქვეყანაში დაშვება შესაბამისი პირობებით, რომლის თაობაზე ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

საქართველო განაგრძობს რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხზე პარტნიორებთან მუშაობას.

onalem

ტესტ