fbpx
საბერძნეთი

სროლა ათენის ცენტრში – დაჭრილია 3 კრეტელი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი სიკვდილს ებრძვის

დღეს გამთენიისას ათენის ცენტრში, კონკრეტულად, გაზის ტერიტორიაზე, სადაც ღამის კლუბები მდებარეობს, სროლა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი მამაკაცი, რომელიც ათენში კუნძულ კრეტადან იყო ჩამოსული და ვინაიდან ერთ-ერთი რამდენიმე დღეში დაქორწინებას აპირებდა, ე.წ. “Bachelor” წვეულებისთვის დედაქალაქში იმყოფებოდნენ.

როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც კლუბებს ეწვივნენ, იქვე მდებარე პიცერიაში გაჩერდნენ, რათა პიცა მიერთვათ და სწორედ იმ დროს Range Rover-ის მარკის ავტომობილი მიუახლოვდათ, სადაც ორი პირი იჯდა. მათ კრეტელებთან სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ, ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და ახლო მანძილიდან გახსნა ცეცხლი.

სროლის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი, აქედან ორი ძმა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და სიკვდილს ებრძვის.

მიმდინარეობს გამოძიება მანქანის ადგილსამყოფელისა და დამნაშავეთა იდენტიფიცირებისთვის.

onalem

ტესტ