fbpx
კატეგორიის გარეშე

საქართველო საბერძნეთს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადააბარებს

📢 2020 წლის 15 მაისს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს მიერ საბერძნეთისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ოფიციალური გადაბარება მოხდება (ვიდეო კონფერენციის ფორმატი).

➡️ სხდომა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი გახსნის, რომელიც სიტყვას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს გადასცემს.

🔹 დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს შეაჯამებს, მიმოიხილავს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების იმპლემენტაციის კუთხით გამართულ ღონისძიებებს და კულტურულ პროგრამას.

✔️ სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვლენ და საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი.

🔹 დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლის შემდგომ საქართველოს ელჩი ევროპის საბჭოში საბერძნეთის მუდმივ წარმომადგენელს თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს გადასცემს.

🔰 საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა და თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებად განსაზღვრა: კავშირი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

👉 საქართველოს თავმჯდომარეობის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში ყველა ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით გაიმართა შესაბამისი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემია ურთულეს გამოწვევად იქცა ორგანიზაციის მუშაობისთვის. თუმცა, საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით და ორგანიზაციის შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, მინისტრთა კომიტეტის მუშაობა, აპრილის დასაწყისიდან, წერილობითი პროცედურის და ვიდეო კონფერენციების ფორმატით განახლდა. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა მინისტრთა კომიტეტის მიერ სხდომების ჩატარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ფასეულობების შენარჩუნებაზე.