fbpx
მსოფლიო

გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც პირველმა გააფრთხილა მსოფლიო კორონავირუსის შესახებ

ექიმმა 30 დეკემბერს სოციალური ქსელის მეშვეობით კოლეგებს შეატყობინა, რომ თევზის ბაზარზე SARS-ის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ახალი კორონავირუსი სხვა შტამს განეკუთვნებოდა.

ჩინელი ექიმი ლი ვენლიანი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ცდილობდა გაეფრთხილებინა ხელისუფლება ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების შესახებ, პნევმონიით გარდაიცვალა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე ავრცელებს საავადმყოფო, რომელშიც ის მკურნალობდა.

​ლი ვენლიანმა, რომელიც უჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მუშაობდა, 30 დეკემბერს ჩინეთის სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით კოლეგებს შეატყობინა, რომ თევზის ბაზარზე SARS-ის (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელიც 2002 წელს დარეგისტრირდა ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში) შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ახალი კორონავირუსი სხვა შტამს განეკუთვნებოდა. ვენლიანის პოსტი ჩინეთის სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ის მალე ვირუსულად იქცა, ვინაიდან ადამიანებს ეშინოდათ SARS-ის დაბრუნებისა.

მეორე დღეს ლი ვენლიანი და კიდევ შვიდი ექიმი, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ვირუსის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელეს, უჰანის პოლიციაში დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტათ ცრუ განცხადებების გავრცელება ინტერნეტით, რაც საზოგადოებრივ წესრიგს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

11 იანვარს ლიმ Weibo-ს მიკრობლოგზე დაწერა, რომ ტემპერატურამ აუწია და ხველება დაეწყო, მოგვიანებით კი, თავის უკანასკნელ პუბლიკაციაში განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, დღეისათვის ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის მსხვერპლთა რაოდენობამ ჩინეთში 636 ადამიანი შეადგინა, ინფიცირებულია 31 161 ათასი კაცი, საავადმყოფოებიდან გაეწერა 1540 პაციენტი. ინფიცირებულთაგან მძიმე მდგომარეობაშია 4 821 კაცი. გარდა ამისა, რეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვის 26,4 ათასი შემთხვევა. ამასთან ამ დროისათვის მედიკოსები აკვირდებიან 186 ათას კაცს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.

onalem

ტესტ