fbpx
საბერძნეთი

25 მარტი, უმნიშვნელოვანესი დღე საბერძნეთში – რას აღნიშნავენ ბერძნები?

ბერძნულ კალენდარში 25 მარტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს – ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაწყისი.

ზუსტად 201 წლის წინ, 1821 წლის 25 მარტს, საბერძნეთის ქალაქ პატრას მიტროპოლიტმა ჰერმანმა აკურთხა საბერძნეთის ეროვნული აჯანყების დროშა. აქედან დაიწყო ელინების (და არა მხოლოდ ელინების) ორგანიზებული ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ. აჯანყება 11 წელიწადი გაგრძელდა და დასრულდა მაშინ, როდესაც კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების თანახმად საბერძნეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

მიტროპოლიტ ჰერმანეს მიერ ნაკურთხი დამოუკიდებლობის დროშა შემდეგნაირად გამოიყურებოდა – თეთრი ქსოვილზე შუაში გამოსახული ლურჯი ჯვარი. ის მალე საბერძნეთის ოფიციალურ დროშად გამოცხადდა და დღემდე გამოიყენება საბერძნეთის საზღვაო ძალების მიერ.

რამდენიმე ათეული წლის წინ საბერძნეთის სახელმწიფო დროშად მისი დღევანდელი ვერსია მიიღეს: ცხრა თეთრი და ცხრა ლურჯი ზოლი თეთრი ჯვრით მარცხენა ზედა კუთხეში. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ცხრა ზოლი განასახიერებს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების ლოზუნგის ცხრა მარცვალს: “თავისუფლება ან სიკვდილი“, ჯვარი კი, რაღა თქმა უნდა, ქრისტიანობას, როგორც საბერძნეთის სახელმწიფო რელიგიას.

უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ აჯანყებაში დიდი როლი ითამაშეს ადგილობრივმა აბრაგებმა( κλέφτες). მათ შორის ყველაზე გამორჩეული ფიგურა მემკვიდრეობითი “კლეფტი” თეოდოროს კოლოკოტრონისი იყო. მის ძეგლს საბერძნეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქში წააწყდებით.

გაინტერესებთ, რატომ უყვართ საბერძნეთში რუსეთი?

იმიტომ რომ იმდროინდელი რუსეთი (და უკრაინა… თუმცა მაშინ რუსეთის იმპერიაში შემავალი ნებისმიერი ქვეყანა მის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა და ცალკე ხსენების “ღირსი” არ იყო) პირდაპირ კავშირშია საბერძნეთის აჯანყების მომზადებასთან, ვინაიდან სწორედ ოდესაში დაარსდა საიდუმლო საზოგადოება Φιλική Εταιρεία (“მეგობრთა საზოგადოება“), რომლის მიზანი იყო დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფოს აღდგენა.
ორგანიზაციის წევრები ძირითადად ბერძნული წარმოშობის ახალგაზრდები იყვნენ, თუმცა მის რიგებში “სლავური ძმებიც” ფიგურირებდნენ. რუსულ დისიდენტურ ახალგაზრდობაში იმ დროს მოდურიც კი გახდა საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში პირადი მონაწილეობის მიღება თუ არა, ფინანსური დახმარების გაწევა მაინც.

ამიტომაც უყვართ ბერძნებს რუსეთი, რომელიც საბერძნეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში უმიზეზოდ და უმიზნოდ არ ჩართულა – მართლმადიდებლური ბერძნული სახელმწიფო რუსული იმპერიისათვის თურქეთის ზურგში შექმნილი დიდ საყრდენად გადაიქცეოდა.

არც კომუნისტურმა რუსეთმა დატოვა უყურადღებოდ “ძმური” საბერძნეთი და დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო იმაში, რომ საბერძნეთში ძლიერი კომუნისტური პარტია შეექმნა. თუმცა, ამ თემის განვრცობა ძალიან შორს წაგვიყვანს…

დღესდღეობით, დამოუკიდებლობის დღე საბერძნეთში მასშტაბურად აღინიშნება. მთელ ქვეყანაში იმართება აღლუმები, სკოლის მოსწავლეები ამზადებენ წარმოდგენებს და ა.შ.

არსებული ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველგან ვირთმევენ თევზს, კერძოდ კი “ბაკალიაროს” (ვირთევზას). ამასაც თავისი ახსნა აქვს: ეს თევზი კარგად იტანს დამარილებას და ამგვარად წელიწადის ნებისმიერ დროს და ზღვისაგან მოშორებულ ნებისმიერ ადგილას იოლად ხელმისაწვდომია.

Χρόνια πολλά και καλά!

onalem

ტესტ