fbpx
საქართველო

1 წელი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან – რას ამბობს საქართველოს პრემიერი

ერთი წლის განმავლობაში შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით დაახლოებით საქართველოს 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ უვიზოდ მგზავრობის უფლება, ის ევროკავშირის მხრიდან უდიდესი ნდობის გამოხატულებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. უვიზო რეჟიმით უკვე დაახლოებით საქართველოს 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

“28 მარტს 1 წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა დაამატა, რომ იმისათვის, რათა ქვეყანამ ევროკავშირის ქვეყნებთან შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი და მაქსიმალურად აიცილოს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს.

“ჩვენ შევძლებთ, რა თქმა უნდა, ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

2017 წელს, შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად, 35%-ით გაიზარდა, რაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. 2018 წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს მხოლოდ 13-მა მოქალაქემ მიიღო, 1288-ს კი უარი ეთქვა. ბოლო მონაცემებით, განხილვის სტადიაშია კიდევ 5407 საქართველოს მოქალაქის განცხადება. ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია დასახელდა.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.

წყარო: sputnik-georgia.com

 

onalem

ტესტ