fbpx
კრიმინალი

ათენი: ტავერნაში ქართველ ქალს თავს შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ

ინციდენტი გასულ ღამეს მოხდა, როდესაც ათენში, კერძოდ, კესარიანზე მდებარე ერთ-ერთ ტავერნაში პერსონალმა მუშაობა დაასრულა. მეპატრონეებმა ტავერნა დაკეტეს და წავიდნენ, ოთხი თანამშრომელი კი, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, გარეთ სკამზე დასხდნენ.

როგორც ის ამბობს, მძიმე სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, თანამშრომლები გარეთ რამდენიმე წუთით ისვენებენ ხოლმე, შემდეგ კი სახლებში მიდიან… ეს დღეც არ იყო გამონაკლისი.

ქალი იხსენებს, რომ დაახლოებით 02:00 საათისთვის გარეთ ისხდნენ, როდესაც მათ წინ მოტოციკლი გაჩერდა, ორი ნიღბიანი მამაკაცი გადმოვიდა და იარაღის მუქარით ეუბნებოდნენ, რომ ტავერნა გაეღოთ. ითხოვდნენ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და ფული სწრაფად მიეცათ.

მათ ცეცხლსასროლი იარაღი ქართველ ქალს ყელზე მიადეს, რადგან, როგორც პოლიცია ვარაუდობს, სწორედ ის ეგონათ ტავერნის მეპატრონე მათ შორის, ვინც იქ იყო. გამომდინარე აქედან, შეტევა ძირითადად მასზე იყო.

მძარცველებს ისინი უხსნიდნენ, რომ მხოლოდ თანამშრომლები იყვნენ და არც ფული ჰქონდათ და არც ტავერნის გაღება შეეძლოთ. ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ტავერნაში მიმტანად მუშაობს, მათ 15 ევროს სთავაზობდა, რომელიც იმ დროს ჯიბეში ედო, მზად იყვნენ ყველაფერი მიეცათ, ოღონდ მძარცველები იქიდან წასულიყვნენ.

როგორც ჩანს, ისინი მიხვდნენ, რომ თანამშრომლები სიმართლეს ამბობდნენ და იქაურობა მალევე დატოვეს, ისე, რომ არავინ დაშავებულა.

არსებობს ვარაუდი, რომ თავდასხმისას ისინი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

ოთხივე თანამშრომელმა, მათ შორის, ქართველმა ქალმაც, პოლიციის განყოფილებაში ჩვენება უკვე მისცა. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა მძარცველმა ტავერნაში თითის ანაბეჭდები დატოვა, რასაც პოლიცია გამოძიებისას დაეყრდნობა.

 

 

onalem

ტესტ