fbpx
ემიგრაცია

საბერძნეთში საქართველოს ელჩის ბოლო მიმართვა ქართველ ემიგრანტებს!

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

ძვირფასო მეგობრებო,

ვინაიდან ვასრულებ ქ. ათენში საქართველოს ელჩის უფლება-მოვალეობის განხორციელებას, ნება მომეცით, საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩის სტატუსით, უკანასკნელად მოგმართოთ.
საბერძნეთთან და სერბეთთან საქართველოს ურთიერთობების განვითარების შესახებ ინფორმირებული ხართ საელჩოს ყოველკვარტალური ანგარიშების მეშვეობით. ამიტომ, მოკლედ გავიხსენებ მხოლოდ ისტორიულ ფაქტებს: 2017 წლის 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ქ. ათენიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქართველ ტურისტებთან და სტუდენტებთან ერთად პირველად გადმოკვეთა შენგენის საზღვარი, უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით; 2017 წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის მანძილზე პირველად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია; 2018 წელს სერბეთის რესპუბლიკასთან დამყარდა უვიზო მიმოსვლა, ხოლო 2019 წელს ქ. ბელგრადში გაიხსნა ჩვენი საელჩოს დიპლომატიური ოფისი; 2018 წელს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი სერბეთში; 2019 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა; 2019 წელს საქართველოს სტუმრობდნენ სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე (ორჯერ), პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. 2015 წლიდან, ორივე ქვეყანასთან საქართველომ არა ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა. დამატებით, მოვახერხეთ საბერძნეთთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების აღდგენა, 13-წლიანი წყვეტის შემდეგ კი გავმართეთ საქართველო-საბერძნეთის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა, ასევე ჩავატარეთ პირველი ქართულ-ბერძნული და ქართულ-სერბული ბიზნეს-ფორუმები; დავაარსეთ სერბეთ-საქართველოს ახალი პოლიტიკური ფორმატი – დიალოგი ევროკავშირის საკითხებზე, 2017 წელს კი ჩავატარეთ საქართველოსა და სერბეთს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები. ვფიქრობ, აღსანიშნავია ასევე, რომ მიმდინარე წელს შევქმენით წარმატებული ქართული რეფორმის საზღვარგარეთ პირდაპირი იმპორტის პრეცენდენტი და სერბეთში გავხსენით რეგიონული იუსტიციის სახლი. აღნიშნული მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შედეგებისა, რომელსაც 2015-2019 წლებში საქართველოს საელჩომ მიაღწია.

ნება მომეცით, თქვენი ყურადღება შევაჩერო საელჩოს მიერ ჩატარებულ იმ სამუშაოებზე, რომლებიც საბერძნეთში მყოფ ქართულ ემიგრაციას უკავშირდება:

– 2015 წლიდან, საელჩომ ჩამოაყალიბა მკაფიოდ სტრუქტურიზებული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს რეგულარულ შეხვედრებს საბერძნეთის მთავრობის 4 სტრუქტურასთან: საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის სამინისტრო, საბერძნეთის პოლიცია და საბერძნეთის შრომის სამინისტრო, რათა ქართული ემიგრაციის პრობლემები მუდმივად იყოს საბერძნეთის მთავრობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხი. მუდმივი კომუნიკაცია დამყარდა საბერძნეთის სახალხო დამცველთან.

– 2016 წლიდან გამარტივდა საბერძნეთში წარსადგენი ქართული დოკუმენტების ლეგალიზაცია, რადგან მივაღწიეთ შეთანხმებას საბერძნეთის მთავრობასთან, რომ საბერძნეთი მიერთებოდა ე.წ. „აპოსტილის კონვენციას“ (საბერძნეთი 2007 წლიდან ეწინააღმდეგებოდა ამ კონვენციაზე მიერთებას). შედეგად, მოიხსნა ბიუროკრატიული ბარიერები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველწლიურად, ქართული ემიგრაცია რამდენიმე მილიონ ევროს ზოგავს. ქართველი ემიგრანტები შეუფერხებლად და უფასოდ ახერხებენ შესაბამისი ქართული დოკუმენტების საბერძნეთის სხვადასხვა უწყებაში წარდგენას.

– 2016 წელს მივიღეთ საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამის ამოქმედებაზე საბერძნეთის განათლების სამინისტროს ნებართვა (საკითხი გადაუჭრელი იყო 2011 წლიდან). დღესდღეობით, ქ. ათენის 50-ე და 150-ე საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის პროგრამა მოქმედებს.

– 2015 წლიდან დავნერგეთ საელჩოს ყოველკვარტალური ანგარიშების პრაქტიკა. საბერძნეთში ქართულ ემიგრაციას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა საელჩოს მუშაობის ყველა ძირითად ასპექტს. 17 კვარტალური ანგარიში, რომლებიც სრულად ფარავენ საბერძნეთში ჩემი მოღვაწეობის პერიოდს, განთავსებულია საელჩოს ოფიციალურ ფესიბუქ-გვერდზე. ამით, ხაზი გავუსვი ქართული ემიგრაციის მიმართ საელჩოს ანგარიშვალდებულებას და შესაძლებლობა მივეცით ქართველ ემიგრანტებს, შეეფასებინათ საელჩოს მიერ გაწეული სამუშაო.

– 2015 წლიდან, ქართული ემიგრაციის ოპერატიული ინფორმირების მიზნით, დავნერგეთ საელჩოს ოფიციალური ფეისბუქ-გვერდით დიასპორისადმი რეგულარული მიმართვის პრაქტიკა. „დიასპორისადმი მიმართვის“ ფორმატი ეფექტიანი გამოდგა, როგორც საბერძნეთში შექმნილი კრიზისული ვითარებების მართვის პროცესში, ასევე ქართული ემიგრაციისათვის აქტუალური ინფორმაციის მისაწოდებლად.

– 2015 წლიდან, ქართული ემიგრაციის რეკომენდაციების შესაბამისად, კეთილმოვაწყეთ საელჩოს საკონსულო სამსახური. კომფორტული გავხადეთ მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე. მოწესრიგდა საკონსულო მიღებაზე ჩაწერის საკითხი. გაუქმდა „ცოცხალი რიგი“, რომელიც მოქალაქეთა შორის მუდმივი კონფლიქტის თემა იყო. გავზარდეთ საკონსულო საქმისწარმოების მოცულობა და გავაუმჯობესეთ ხარისხი. ვიღებთ მრავალი თქვენგანის მადლიერ შეტყობინებას, რომლებშიც აღნიშნავთ საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ სამსახურებრივ ეთიკას.

– საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება ჩვენი პრიორტეტი გახდა. საელჩო იცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სასამართლოებზე, საავადმყოფოებში, ბუნებრივი სტიქიის თუ სხვა ექსტრემალურ ვითარებებში. 24 საათის განმავლობაში მუშაობს საელჩოს „ცხელი ხაზი“.

– 2019 წლის 1 თებერვლიდან, ქართული ემიგრაციის მოთხოვნის შესაბამისად, საკონსულო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, ასრულებს მხოლოდ საკონსულოში შემომავალ ზარებზე პასუხის და მოქალაქეთათვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევის ფუნქციას. ამ მიზნით, საელჩოში ამოქმედდა ცალკე სატელეფონო ხაზი და ყოველდღიურ სატელეფონო კონსულტაციას საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქე იღებს.

– 2016 წელს გადაიჭრა საბერძნეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში გადასვენების პრობლემა. ეს თემა მძიმე ფინანსურ და ბიუროკრატიულ ტვირთად აწვა დამწუხრებულ ოჯახებს. დღესდღეობით, საელჩო აგვარებს ყველა ლოჯისტიკურ და ფინანსურ საკითხს. აღვკვეთეთ საჭირო თანხების ქართულ ემიგრაციაში უკონტროლო შეგროვების მანკიერი პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული.

– 2016 წლიდან, დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის მიღების პროცესის ხელშეწყობაზე. ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო ორ მთავარ პრობლემაზე: ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურის გამარტივება და ქართველ ემიგრანტთა განცხადებების განხილვის ვადების შემცირება. შედეგად, 2017-2018 წლებში, საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა 7000-ზე მეტმა ქართველმა ემიგრანტმა მიიღო.

– 2018 წელს მოვამზადეთ საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი, რომელშიც ბინადრობის ნებართვების მიღების პროცედურების გარდა, აღწერილია ქართველ ემიგრანტთა უფლებები ჯანდაცვასთან, დასაქმებასთან, განათლების მიღებასთან, ასევე ემიგრაციისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებთან დაკავშირებით. საელჩო პერიოდულად აახლებს ამ დოკუმენტს და ავრცელებს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდების მეშვეობით.

– 2015 წლიდან დავიწყეთ მუშაობა საბერძნეთში არსებული ქართული ემიგრაციული რესურსის კონსოლიდაციის მიმართულებით. ქართული დიასპორის წარმომადგენლები ჩავრთეთ საელჩოს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაში.
– 2018 წლის აგვისტოში, საელჩოს ინიციატივით, ხელი მოეწერა პირველ დიასპორულ მემორანდუმს, რომლის ხელმომწერმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა აიღეს ვალდებულება, რომ ითანამშრომლონ საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცების, საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზების ხელშეწყობის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერის საკითხებზე. ამჟამად, მემორანდუმი 47 ქართულ დიასპორულ ორგანიზაციას აერთიანებს.

– 2019 წელს საელჩომ დაარსა საბერძნეთში ქართული ემიგრაციის ყოველწლიური დიასპორული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ ქართული დიასპორული ორგანიზაციები მთელი საბერძნეთის მასშტაბით.

– 2015 წლიდან საელჩოს ძალისხმევამ თვისობრივად შეცვალა ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობები. ბევრი მათგანი გადაიყვანა ურთიერთ-თანამშრომლობის რეჟიმში. შედეგად, ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი დიასპორული პროექტი.

– 2018 წელს, საბერძნეთის ტელესივრცეში პირველად, წამყვანი მაუწყებლის Alpha TV-ის მეშვეობით, გავიდა 2 ვრცელი პოზიტიური სიუჟეტი ქართული დიასპორის შესახებ, თუ როგორ მოღვაწეობენ ჩვენი თანამემამულეები ქართული კულტურისა და ენის შესანარჩუნებლად, როგორ საქმიანობენ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ხელოვნების სფეროებში, როგორ ინარჩუნებენ სამშობლოსთან კულტურულ და სულიერ კავშირებს, როგორ იღწვიან ჩვენი მომავალი თაობის ქართულ ტრადიციებზე აღსაზრდელად.

– 2015 წლიდან საელჩომ ორგანიზება გაუკეთა 22 სატელევიზიო სიუჟეტსა და პუბლიკაციას, რომლებიც მოემსახურა ჩვენს ქვეყანასა და საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

– 2018 წელს საბერძნეთის პოლიციასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, იმ კრიმინალურ ფაქტებზე ინფორმაციის გავრცელებისას, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ, საბერძნეთის პოლიცია, ოფიციალურ ვებ-გვერდზე, აღარ უთითებს ეჭვმიტანილის ეროვნებას.

– საელჩო მუდმივად მუშაობს ქართული ემიგრაციის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაზე და ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულმა ცალკეულმა კრიმინალურმა ინციდენტებმა არ დააზიანონ ქართული ემიგრაციის იმიჯი. ხორციელდება საბერძნეთის მასმედიის მკაცრი მონიტორინგი, და საელჩო მყისიერად რეაგირებს მიკერძოებული, ან დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტებზე.

ძვირფასო მეგობრებო,

ზემოთ მოყვანილი პრობლემები საელჩოს თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად გადაიჭრა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ქ. ათენში საქართველოს საელჩოს შემადგენლობას, ასევე, საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. თესალონიკში, სამშობლოს მაღალპროფესიული და ერთგული სამსახურისათვის. ბუნებრივია, რომ განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ ბერძენი კოლეგებიც, რომელთა კონსტრუქციული მონაწილეობის გარეშე ზემოთ აღნიშნული შედეგების მიღწევა რთული იქნებოდა.

უაღესად დასაფასებელია, როდესაც უცხო ქვეყანაში მყოფი დიასპორა გვერდში უდგას საზღვარგარეთ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობას. ვფიქრობ, ემიგრაციის მხრიდან საქართველოს საელჩოს საქმიანობის ხელშეწყობა საკუთარი სამშობლოს დახმარებაა. ამ თვალსაზრისით, მჯერა, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართული ემიგრაციის საქართველოს საელჩოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალ წლებში კიდევ უფრო მტკიცე და ინტენსიური იქნება.

ვსარგებლობ შემთხვევით და წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალ წელს. გისურვებთ ჩვენი სამშობლოს წარმატებას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას.

იოსებ ნანობაშვილი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
დიპლომატიის მაგისტრი
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი

onalem

ტესტ