არალეგალ ქართველებს სამშობლოში დასაბრუნებლად ისრაელი ბილეთებსა და საბუთებს სთავაზობს
ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებულ საქართველო მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებელ ავიაბილეთს შეუძენენ და დოკუმენტების გაფორმებაში დაეხმარებიან.
ისრაელის საიმიგრაციო სამსახური ქართველ არალეგალებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, დახმარებას სთავაზობს, ნათქვამია საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის ხელისუფლება პირდება ქართველ არალეგალებს ავიაბილეთების შეძენას, საიმიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებისაგან გათავისუფლებას საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებამდე, საჭიროების შემთხვევაში სამგზავრო დოკუმენტაციის გაცემაში დახმარებას, ასევე მათი კუთვნილი თანხის მიღებაში ქვეყნის შრომის კოდექსის შესაბამისად.
საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ისრაელში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავების მისამართი, სადაც ისინი აპირებენ ცხოვრებას, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.
2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე. შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.