fbpx
კატეგორიის გარეშე

ყურადღება! საქართველოს საელჩოს მიმართვა ჩვენს თანამემამულეებს საბერძნეთში

ძვირფასო თანამემამულეებო!

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება ხანძრები საბერძნეთის ტერიტორიაზე.
საქართველოს საელჩო რეგულარულად ავრცელებს განცხადებებს და მოუწოდეს ჩვენს თანამემამულეებს ზედმიწევნით გაითვალისწინონ საბერძნეთის მთავრობის რეკომენდაციები.

საელჩოს ოფიციალურ გვერდზე დევს და სისტემატურად ზიარდება უწყვეტ რეჟიმში მოქმედი საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი 6995779793. ასევე საბერძნეთის სახანძრო სამსახურის (199), პოლიციის (100), სასწრაფო დახმარების (166) ნომრები.

საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით ყველას, როგორც ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს, ისე თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც იმყოფებით საბერძნეთში: თუ ფლობთ, ან მიიღებთ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეს ესაჭიროება დახმარება, ოპერატიულად დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელ ხაზზე 6995779793, ან მოგვწეროთ საელჩოს/ საკონსულო სამსახურის ფეისბუქ გვერდებზე.

გარდა ამისა, საელჩოს წარმომადგენლები, ელჩი, კონსული და სხვა თანამშრომლები მუდმივ კავშირზე არიან დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ცალკეულ პიროვნებებთან, თუ მიიღებენ რაიმე ინფორმაციას გაჭირვებაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების თაობაზე, დაუყოვნებლივ აცნობონ საელჩოს.
რამდენიმე დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მოქალაქემ შემოგვთავაზა, იმ შემთხვევაში, თუ ხანძარი დააზარალებს ჩვენს რომელიმე თანამემამულეს, უზრუნველყონ ისინი დროებითი თავშესაფრით.
საელჩო მუდმივ კავშირზეა საბერძნეთის ყველა კომპეტენტურ უწყებასთან, მათ შორის, სახანძრო სამსახურთან და მოქალაქეთა დაცვის სამინისტროსთან, რათა მუდმივად მოხდეს ინფორმაციის განახლება. ამ უწყებების ინფორმაციით, ამ დრომდე მსხვერპლი არ არის. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული დამწვრობით, ძირითადად მეხანძრეები. დაზარალებულთა შორის არავინაა ქართველი.

საელჩოს ინფორმაციით, აგიოს სტეფანოსის რამდენიმე მოსახლე, რომლებიც არიან ჩვენი თანამემამულეები, საკუთარ ბერძენ დამსაქმებლებთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით, სახიფათო ზონიდან გადაიყვანეს სასტუმროში.

საბერძნეთის ხელისუფლება მობილიზებულად და კომპეტენტური უწყებების კოორდინირებული მუშაობით უმკლავდება სტიქიას, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყნის ათობით რეგიონში მძვინვარებს. დროულად ხერხდება მოსახლეობის სახიფათო ზონებიდან ევაკუაცია.

6 აგვისტოს, დილით, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ დავით ზალკალიანსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ნიკოს დენდიასს შორის. ქართველმა კოლეგამ ბერძენ მინისტრს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანადგომა.
დავით ზალკალიანმა მწუხარება გამოთქვა საბერძნეთში არსებული მასშტაბური ხანძრების გამო და საქართველოს მთავრობის სახელით, სოლიდარობა გამოხატა ბერძენი ხალხისა და მთავრობის მიმართ. მინისტრი დაინტერესდა საბერძნეთში ხანძრების მხრივ დღეს არსებული ვითარებით და ასევე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოების მიმდინარეობით.

დღესვე დაგეგმილია სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ქალბატონ კატერინა საკელაროპულუს შორის.

ქვეყნის ხელისუფლება ორგანიზებულად ცდილობს სტიქიასთან გამკლავებას და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამ დროისთვის ათენში ყველა სამსახური მუშაობს და მოსახლეობას სერვისები უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, არ არის გამორიცხული დენის და წყლით მიწოდებაში იყოს შეფერხსებები. ქვეყნის მოსახლეობა მაქსიმალურად მობილიზებულია, ინარჩუნებს სიმშვიდეს და მაქსიმალურად მიყვება იმ ინსტრუქციებს, რომლებიც მათ ტელევიზიით და ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებებით მიეწოდება.

მოგიწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და საჭიროების შემთხვევაში, მოგვმართოთ, რათა ოპერატიულად აღმოგიჩინოთ დახმარება.
გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას!

onalem

ტესტ