fbpx
საბერძნეთი

არავაქცინირებულები “კარანტინში” შედიან – ახალი ზომები 13 სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე

საბერძნეთის მთავრობამ ახალი ზომები დააანონსა, რომლებიც ძალაში 2021 წლის 13 სექტემბრიდან შევა და 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება ძალაში.

კერძოდ:

პირბადის ტარება სავალდებულო იქნება როგორც ყველა ღია სივრცეში, სადაც იქნება ადამიანთა თავმოყრა ანუ ხალხით გადატვირთულობა, ასევე ყველა დახურულ სივრცეში.

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე თანამშრომლები, რომლებიც აუცრელები იქნებიან, შეწყვეტენ მუშაობას. აღნიშნული კანონი მათთვის ძალაში, ფაქტობრივად, 1 სექტემბრიდან შევა და ეხება:

  • კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ მედიკოსებს
  • დიაგნოსტიკური ცენტრების პერსონალს
  • სარეაბილიტაციო ცენტრების პერსონალს
  • კერძო/საჯარო კლინიკების პერსონალს
  • საჯარო/კერძო საავადმყოფოების პერსონალს
  • ჯანმრთელობის ცენტრების პერსონალს
  • ΕΚΑΒ-ისა და ΕΟΔΥ-ს თანამშრომლებს.

გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ისინი, ვინც ბოლო 6 თვის მანძილზე დაინფიცირდა და ჯერჯერობით არ შეუძლიათ აცრის გაკეთება და ცხადია, ადასტურებენ აღნიშნულს შესაბამისი დოკუმენტით.

ნახეთ, რა წესები და აკრძალვები იმოქმედებს მათთვის, ვინც აცრაზე უარს ამბობს:

მას, ვინც აუცრელია, (როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულები), ექნება ვალდებულება გაიკეთოს სწრაფი ტესტი კვირაში ერთხელ, სამსახურში მისვლამდე. ეს უნდა იყოს სწრაფი ანუ Rapid ტესტი, რომლის ღირებულებაც 10 ევრო იქნება (ამჟამად ფასები 20-დან 15 ევრომდე მერყეობს) და საფასურს დაფარავას თავად დასაქმებული და არა დამსაქმებელი.

ამას გარდა, უნდა წარმოადგინოს ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, Gov.gr-დან, რომელიც შემოწმდება ხოლმე უფასო კოვიდ-აპლიკაციით.

ვის ევალება კვირაში ორი სწრაფი ტესტის (Rapid Test) გაკეთება?! ეს ეხებათ სპეციალურ კატეგორიებს (აუცრელებს):

  • მასწავლებლები
  • აკადემიკოსები
  • ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირები
  • კვების სფეროში დასაქმებული პირები (რესტორნები, ტავერნები, კაფეები და ა.შ.)
  • კინოების, თეატრების, სატელევიზიო და ცეკვის სფეროს მუშაკები.

რაც შეეხებათ მოსწავლეებს, მათთვის სელფ-ტესტი იქნება უფასო და აუცილებლად უნდა გააკეთონ განაცხადი, უარყოფითი პასუხის შესახებ self-testing.gov.gr, როგორც ეს აქამდე იყო.

სტუდენტებს მოეთხოვებათ, კვირაში ორჯერ სწრაფი ტესტის (Rapid Test) ჩატარება, საკუთარი ხარჯებით.

მგზავრობა, თუ აუცრელი ხართ:

ქვეყნის შიგნით ნებისმიერი საშუალებით მგზავრობისას აუცილებელი იქნება ასევე სწრაფი ტესტის ჩატარება გამგზავრებამდე 48 საათით ადრე. (აქ არ იგულისხმება გარეთ ნებისმიერი გასვლა, არამედ კუნძულების და სრულიად სხვა რეგიონების მიმართულებით გამგზავრება).

დახურულ სივრცეებში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ:

ვაქცინირებულებს

მათ, ვისაც ბოლო 6 თვის მანძილზე გადატანილი აქვთ კორონავირუსი.

დახურულ სივრცეებში იგულისხმება: კაფეები, რესტორნები, ტავერნები, ღამის კლუბები, ბარები, სტადიონები (თუნდაც ღია).

კინოებში, თეატრებში, მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ტერიტორიებზე შესვლა შეეძლებათ მხოლოდ:

ვაქცინირებულებს

მათ, ვინც ბოლო 6 თვის მანძილზე დაინფიცირდა

მათ, ვინც ბოლო 48 საათის მანძილზე ჩაიტარეს სწრაფი ტესტი.

იგივე ტაქტიკა ვრცელდება დახურულ სპორტულ დარბაზებზე.

როგორც ხედავთ, აუცრელ პირებს მხოლოდ მცირე რაოდენობის დაწესებულებებში შესვლა შეეძლებათ და უმეტეს ადგილებში არც ტესტის უარყოფითი პასუხის გამოყენება იქნება შესაძლებელი, ამიტომ არავაქცინირებულები ისევ ერთგვარ “კარანტინში” შედიან.

*ყველა Rapid ტესტი, რომელსაც აუცრელი პირი ნებისმიერ დაწესებულებაში წარმოადგენს, ჩატარებული უნდა იყოს კერძო დიაგნოსტიკურ ცენტრებში.

onalem

ტესტ