fbpx
კატეგორიის გარეშე

“ერთ დღეს ნამდვილად ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას“ – საბერძნეთში მცხოვრები ქართველი გოგონას წარმატების ისტორია

ლენა ქევხიშვილი ქართველი გოგონაა, რომლემაც ბერძნულ მასტერშეფში ჟიურის წევრებს ქართული ჩაქაფული გაასინჯა. სწორედ მისმა ტრადიციულმა კერძმა მოახერხა და 500 თეფშიდან 58 საუკეთესოს შორის მოხვდა.

ის 23 წლისაა და ბავშვობიდან საბერძნეთში იზრდება. ამ ასაკში უკვე ტურისტულ სფეროში ორი ბიზნესით არის დაკავებული, რასაც, წარმატებულად ართმევს თავს. Athens VIP Taxi – 2015 წელს დააფუძნა. ტაქსის კომპანია ძირითადად ათენში, ტურისტებს ემსახურება.

2019 წელს კი – The Autograph Selection – ონლაინ ტურისტული სააგენტო გააკეთა, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს ემსახურება. ლენა აქტიურად უწევს პოპულიზაციას ქართულ ტურიზმს. ფიქრობს, რომ საქართველო XXI საუკუნის ტრენდია და ცდილობს საკუთარი ონლაინ პლატფორმით ჩვენი ქვეყანა უცხოელებს გააცნოს. თვლის, რომ საქართველოს სიყვარულისთვის თბილისის ქუჩები, ღვინო, კახური შოთის პური , ჰაერი და ბუნებაც საკმარისია.

როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, ბერძნულ მასტერშეფში მონაწილეობა მისთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. სწორდ იქ შეხვდა ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც სამომავლოდ აუცილებლად ითანამშრომლებს.

ვინ არის საბერძნეთში მცხოვრები გოგონა და აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

გთავაზობთ ინტერვიუს ლენა ქევხიშვილთან:

– ათენში 2001 წელს ჩამოვედი. ბაღიც და სკოლაც აქ დავამთავრე. შემდეგ ედიმბურგის დედოფალ მარგარეტის უნივერსიტეტის საბერძნეთის ფილიალში ჩავირიცხე და International Tourism and Hospitality Management შევისწავლე და ამავე უნივერსიტეტის Students’ Success Stories სიაში შევედი.

ძალიან კარგი ბავშვობა და სტუდენტობა მქონდა. სწავლის დროს ივენთებსა და გამოფენებზე დავდიოდი, სადაც, ხალხს ვუახლოვდებოდი და ჩემს ირგვლივ სანაცნობო წრეც იზრდებოდა. 2017 წელს, საკუთარი ფინანსებით ტრენინგი მოვამზადე იმ თანატოლების ცოდნის ასამაღლებლად, რომლებსაც სურდათ თავი ატურიზმის ბიზნესში ეცადათ.

ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ახალგაზრდებთან საუბარი, მათი ბიზნეს გეგმების გაცნობა და მათ განხორციელებაში დახმარება. მიხარია, როცა სხვებთან ერთად ვქმნი რაღაც ახალს.

ბოლო ხუთი წელია VIP Taxi Transfers კომპანია მაქვს. ძირითადად ტურისტებსა და ბიზნეს კომპანიებს ვემსახურებით ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა – კორპორატიული წვეულებები, ივენთები და სხვა.

2019 წლიდან, საბერძნეთისა და საქართველოს ტურიზმის სფეროში უფრო აქტიურად ჩავერთე. ვჯავშნიდი ტურებსა და სასტუმროებს. ეს იყო დიდი ცვლილებებისა და გამოცდილების წელი.

ასევე, ძალიან მიყვარს საჯარო გამოსვლები და პრეზენტაციების მოწყობა. 2019 წელს 4 პრეზენტაცია მქონდა და ვაპირებ 2020-ში ეს ციფრი კიდევ უფრო გავზარდო.

– გვიამბეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ…

– Athens VIP Taxi- ის იდეა 2015 წელს გაჩნდა და ამავე წელს განვახორციელეთ. მამაც ამ სფეროშია დასაქმებული და ამიტომ გადავწყვიტეთ საიტი შეგვექმნა, სადაც, ტურისტი საბერძნეთის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მოიძიებდა. შემდეგ ჩვენ მოგვწერდა და ტაქსს დაჯავშნიდა. კარგად მახსოვს 2015 წლის ზაფხული, როცა ჩემი ყველა მეგობარი ისვენებდა, მე – კი სოციალურ ქსელის მარკეტინგის კურსებს გავდიოდი. დღემდე მიხარია, რომ ათენში დავრჩი და ეს სფერო უკეთესად შევისწავლე.

მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ Athens VIP Taxi გამერეკლამებინა. პირველ წელს მხოლოდ ერთი ტაქსი მყავდა საიტზე და არც ერთ სასტუმროს არ უნდოდდა ჩემთან თანაშრომლობა. მეორე წელს მომხმარებელი მომემატა და უკვე 5 ტაქსი მემსახურებოდა. ამ საქმიანობის პარალელურად, პრაქტიკას ქალაქ როდოსში გავდიოდი, სადაც, მიმტანის პოზიციაზე ვმუშაობდი და თან ჩემს ძირითად საქმიანობას ინტერნეტის საშუალებით ვახორციელებდი.

მესამე წელი უფრო ძლიერი წელი იყო. პირველი დიდი ივენთი ათენში, სასტუმრო „ჰილტონში“მქონდა და პირველად მაშინ დაინახა ყველამ, თუ ვინ იყო Athens VIP Taxi-ის მფლობელი. ბევრს გაუხარდა ახალგაზრდა გოგოს დანახვა ტრანსფერების სფეროში. ამის შემდეგ პირველი სასტუმროც წამოვიდა თანაშრომლობაზე. მეოთხე წელს უკვე ავსტრალიაში დავიწყე თანაშრომლობა ტურისტულ ოფისთან, რომელიც მსურველებს მიგზავნიდა საბერძნეთში და მაშინ უკვე დამჭირდა მინივენები, მინიბუსები, სხვა სეგმენტის მანქანები და თან ტაქსებიც შემომემატა.

2019 წელს წამოვიწყე The Autograph Selection, მოგზაურობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბერძენ და ქართველ მომხმარებელს ემსახურებოდა. 2019 წელი ჩემი პირველი სეზონი იყო საქართველოს ტურიზმში და უფრო სასწავლო პროცესს ჰგავდა, რადგან, ჯერ კიდევ არ ვიცნობ ქართულ ტურიზმს. პროექტი ტურისტის ფსიქოლოგიურ პროფილზე იყო ინტეგრირებული. საიტზე და სოციალურ ქსელებში ვარეკლამებდი ორ ქვეყანას:

საბერძნეთს, რომელიც წლებია ცნობილია ტურისტებისთვის და ყოველ წელს უფრო ვითარდება. უფრო მეტი ახალგარზდა ერთვება და ტურიზმის მიმართულებით სასწავლებლებიც იხსნება. თან რაც არ უნდა მოხდეს, საბერძნეთს მზე და ზღვა არ დაეწუნება.
საქართველოს – რომელიც ტრენდია, ახალია, უცხოა, ჯერ მსოფლიოს არ გაუგია კარგად საქართველოს შესახებ. ერთი წლის სტატისტიკამ დამანახა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც 100%-იანი ყურადღება უნდა დავუთმო.
2019 წელს ჩემი პირველი 2 ჯილდოც მივიღე: The Autograph Selection – ის – Luxury Travel Guide Lifestyle Awards Winner 2019/20 და Athens VIP Taxiს: Travel and hospitality award winner 2020

– სულ ახლახანს, მონაწილეობა მიიღეთ ბერძნულ მასტერ-შეფში. მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ?

– სიმართლე რომ გითხრათ, როცა მე და ჩემმა დეიდაშვილმა მასტერ შეფის რეგისტრაციას ფორმა შევავსეთ (ხუმრობით), არ მეგონა თუ დამიკავშირდებოდნენ, რადგან, კულინარიასთან შეხება საეთთოდ არ მაქვს. მეორე დღესვე დამირეკეს და წავედი, რომ მენახა რა და როგორ ხდებოდა.

პირველ ეტაპს დიდი შეხება არ ქონდა კულინარიასთან, 50 წუთიანი ტესტი დამაწერინეს და მერე ორი ინტერვიუ გავიარე შოუს პროდიუსერებთან. ეს სულ 5 საათიანი პროცესი იყო. მეორე ეპატზეც რომ დამირეკეს, არც კი მჯეროდა. გამზადებული ცივი კერძი უნდა წამეღო და იქ გაესინჯათ. მივედი და ჩემი გებჟალია მივიტანე, რომლის გაკეთებაც ძაან გამიჭირდა, რადგან ათენში ძნელია კარგი სულგუნის პოვნა…

მეორე ეტაპზე ერთ-ერთ წამყვან შეფთანაც მქონდა ინტერვიუ. პანო იოანიდისთან, რომელსაც ადრე ქართველი მოსწავლე ჰყავდა და კარგად იცნობდა ჩვენს კულინარიასა და ღვინოს.

იმ დღეს, ჩემმა გებჟალაიმ 900 კაციდან გამომარჩია და უკვე მესამე ეტაპზე გადავედი, სადაც შეფ ჟიურის წინ კერძი უნდა მომემზადებინა. ჩაქაფული ავირჩიე, ოღონდ 25 წუთში უნდა გამემზადებინა. მზა მდგომარეობაში არაფრის მიტანა არ შეიძლებოდა, მწვანილიც კი იქ უნდა გაგერეცხა. ამიტომ, თეთრი ღვინით სოკოს ჩაქაფული გავაკეთე და გვერდზე შემწვარი ცხვრის ნეკნები დავულაგე. 2 „კი“-თი და ერთი „არა“-თი შემდეგ ეტაპზე გადავედი. მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს დიდი გამოცდილებაა და ჩემს თავს ვცდიდი, თუ როგორ შეუძლია განვითარდეს სრულიად უცხო სფეროში.

მეოთზე ეტაპი უკვე ბუთქამპი იყო. 58 ადამიანი სასტუმროში გადაგვიყვანეს, არანაირი ტელეფონები და კამერები არ იყო დაშვებული. ყოველ დღე 20 კაცი იბრძოდა მასტერშეფის სახლში შესვლაზე.

კერძის გაკეთება ბოლო დღეს მომიწია, უკანასკნელ 9 კაცში, აქედან კი 7 მზარეული იყო. სანამ ჩემი დრო მივიდოდა, მინიმუმ 10 საათი ვიყავით ყველა ერთად გამოკეტილი ოთახში. მხოლოდ ყავა და წყალი გვქონდა და საჭმელიც ერთხელ მოგვიტანეს.

ძალიან დიდი დრო მიაქვს გადაღების პროცეს, გასუფთავებას და ისევ თავიდან დაწყებას. როცა დავინახე, ვისთან ერთად მიწევდა ბრძოლა, ვფიქრობდი: – რატომ აკეთებენ ამას? 45 წუთიანი და 30 წუთიანი პარკები გველაგა წინ და უნდა აგვერჩია პარკის დრო, ისე, რომ არ ვიცოდით რა იყო შიგნით.

30 წუთიანი პარკი ავირჩიე. მაქსიმალურად გამოვიყენე ეს დრო და ჩემი კერძი გავამზადე. 9 ადამიანი ვიყავით და 4 წინსაფარი იყო დარჩენილი მასტერშეფის სახლისთვის. კერძების გასინჯვების დროს კი ბოლო სამეულში ჩამსვეს. 2 მზარეულთან ერთად მომიწია შესვლა, რომლებიც, ამ პროექტისთვის უცხოეთიდან ჩამოვიდნენ. მივხდი, რომ პროექტის დატოვება მომიწევდა, მაგრამ, მაინც უნდა გაესინჯა ლეონიდა კუცოპულოს, რომელსაც ბოლო წინსაფარი ჰქონდა დარჩენილი. ეს სწორედ ის იყო, ვინც ჩემი ცხვრის ხორცი დაიწუნა, რადგან 30 წუთი ვერ გავთვალე და უმი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, პროექტი დავტოვე…

პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. 3 დიდ სამზარეულოს შეფს გავასინჯე ჩაქაფული და მოეწონათ. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ აღწევენ წარმატებას და მერე ამ ცოდნით სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ.

დავინახე, თუ როგორ ვვითარდებოდი და როგორი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი ჩემთვის სრულიად უცხო საქმეს. ვნახე, თუ როგორ შემძლია სამზარეულოში გუნდთან ერთად მუშაობა. გავიცანი ადამიანები, რომლებთანაც მომავალში ვითანაშრომლებ.

– რა შთაბეჭდილებები და ემოციები გაკავშირებთ საქართველოსთან როგორც ემიგრანტს და აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?

– პატარაობიდან ემიგრანტი რომ ხარ ხშირად გესმის კითხვა: – ‘’აპირებ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?’’ ასაკის მიხედვით კი პასუხი ყოველთვის იცვლებოდა. 4 წლის ვიყავი საქართველოდან რომ წამიყვანეს. ყველაზე კარგად ჩემი პატარაობა მახსოვს სოფელ ნახიდში.

ბევრჯერ მიფიქრია, რომ საქართველოში ვერ დავბრუნდები, ხალხი რაღაცნაირად ცივი მეჩვენება. მახსოვს 16-17 წლის რომ ვიყავი, თბილისში სუპერმარკეტში შევიდოდი და გამარჯობას რომ ვეტყოდი გამყიდველს, ცერად შემომხედავდა. მადლობა რომ ესმოდა- ხმას არც მცემდა.

შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო სამი წელია, რაც საქართველო გულით შემიყვარდა. ამას უკვე საბერძნეთში ყველა ჩემი მეგობარი გრძნობს. კარგად იციან, თუ როგორია საქართველო, რადგან ძალიან ბევრს ვესაუბრები. რაც უფრო ხშირად ჩამოვდივარ, უფრო მეტად მიყვარდება ბუნება, ჰაერი, თბილისის ქუჩები, ღვინო, კახური შოთის პური. ამიტომაც წამოვიწყე ჩემი ბიზნესი – The Autograph Georgia. მინდა საქართველო გავაცნო ხალხს, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიყვანო და ვაჩვენო ის, რასაც მე ვხედავ. ვხვდები, რომ ტურიზმი ისეთი საქმეა, ნელ-ნელა საქართველოში ჩამომიყვანს. ხოდა, ერთ დღეს კი ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, რამდენი ხნით – არ ვიცი და ჯერ ისიც არ ვიცი, სამუდამუდ იქნება თუ არა. ასე ვარ საბერძნეთზეც, – მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ აქ არ მინდა ცხოვრება. მგონი მომიწევს რამდენიმე ქვეყნის მოვლა.

– როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ემიგრანტები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას?

– ვფიქრობ, პირველ რიგში მთავრობამ უნდა დასახოს გეგმა, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, რომ იპოვონ ისეთი სამსახური, რომლითაც თავისუფლად შეძლებენ იარსებონ და არ ეძებონ საარსებო სახსრები ქვეყნის გარეთ. ასევე, ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ყველა მცირე თუ დიდი მაშტაბის ბიზნესი, რომელიც საქართველოში ხორციელდება და მოქალაქეებს ასაქმებს. ჩემი სამომავლო გეგმებია, რომ მცირედი წვლილი შევიტანო ახალგაზრდების დასაქმებაში – The Autograph Georgia-ს მეშვეობით.

ასევე, მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი განათლების სისტემა, რომელიც მომავალ თაობას მისცემს საკუთარი ცოდნისა და ინტელექტის ბოლომდე გამოყენების საშუალებას.

– რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

– 2020 წლისთვის გადავწყვიტე, რომ საბერძნეთში მარტო Athens VIP Taxi ვაწარმოო. ამჟამად საიტს ვაახლებ და სულ მალე მას ავტომატური დაჯაშვნა, თანხის ონლაინ გადახდა და მანქანების არჩევის სერვისებიც დაემატება.

ასევე, The Autograph Georgia-ს ახალი საიტიც მზადდება. წინა წელს ბევრი ინფორმაცია მოვაგროვე საქართველოზე და 2020 წლისთვის უკვე გვყავს დაინტერესებული ტურ ოპერატორები, რომლებთან ერთადაც ვამზადებთ ტურპაკეტებს. ძალიან დიდი გეგმები მაქვს საქართველოსთვის და არ მინდა ვიჩქარო, მსურს, რაც შეიძლება სწორად გაკეთდეს საქმე. ჩემთვის მთავარია ტურისტმა ჩემგან ნდობა იგრძნოს და ეს ცოტა ძნელია, რადგან ჯერ მე თვითონ ვერ ვენდობი სრულიად საქართველოს, როგორც ტურისტულ პროდუქტს. ამიტომ ვარ აქ და ვიბრძვი იმისთვის, რომ ეს ფაქტი გამოვასწორო.

 

წყარო: www.FirstNews.ge

onalem

ტესტ